რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს

რუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წაუყენესრუსთავში ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალის წარდგენა ქვემო ქართლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულისა და გარდაცვლილის მეგობრის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა ქვეპუნქტით წარუდგინეს.

„გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა,. ბრალის ფორმულირება შეიცვალა. ის დაკავებული იყო სსკ-ის 370-ე მუხლით, ხოლო ახლა დაკავებულია სსკ-ის 143-ე მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3ა-თი, ანუ ეს მუხლი ითვალისწინებს ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას. ანუ ბრალდების ვერსია და ვარაუდი არის, რომ თურმე, ჩვენ პოლიციელებთან ერთად დავგეგმეთ ჩვენი მეგობრის გატაცება.

ეს არის აბსურდი, არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. ჯერ უნდა იცოდე, რომ პოლიციელი იტაცებს და ეს წარმოუდგენელია, როდესაც პოლიციელის ფორმა აცვია, როგორ შეიძლება, შენ განცდა გქონდეს, რომ იტაცებს, როდესაც ოფიციალურად პოლიციელია. ეს ერთი და მეორე, როგორ შეიძლება, შენი მეგობარი გადასცე პოლიციელებს, რომ შემდგომ მათ თუ სხვებმა აღნიშნული პიროვნება მოკლან. ეს მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ბრალდება განწირულია, დღის სინათლეს ვერ იხილავს“, – განაცხადა გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული გიორგი გეთაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დღესვე პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წარუდგინა, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს, კიდევ ერთ დაკავებულს, გ.ა-ს კი ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულ პოლიციელებს ამ დრომდე ადვოკატები არ ჰყავთ. რუსთავის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.

პირველი არხი