სანდრო ბრეგაძე – ”ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის გუნდს დაავალა, რომ 2020-ში 50%-ზე მეტი აიღოს”

სანდრო ბრეგაძე - ”ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის გუნდს  დაავალა, რომ 2020-ში 50%-ზე მეტი აიღოს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ”ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგძე პასუხობს.
– ბატონო სანდრო, პრეზიდენტის სკანდალური შეწყალევის საქმე ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. თავად პრეზიდენტმა არანაირი განმარტება არ გააკეთა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თქვენ კი აცხადებთ, რომ ფლობთ ახალ ინფორმაციებს და ამ საქმეს ასე არ დატოვებთ. რა ინფორმაციებს ფლობთ და რას აპირებთ?
– ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ბანანის ქვეყანაც კი არ ვართ, რადგანაც ასეთ სკანდალს იქაც კი მოყვებოდა შესაბამისი რეაგირება. ამას აუცილებლად მოყვებოდა პრეზიდენტის პასუხისმგებლობის პასუხის დაყენება. ჩვენ რაღაც ბანანურ-მაფიოზურ ქვეყნად ჩამოვყალიბდით, სადაც თანამდებობის პირები იდენენ დანაშაულს, მოხდება მცირე ემოციური ამოფრქვევა და შემდეგ დავიწყებას მიეცემა ხოლმე ეს საკითხი.
– პროკურატურა ხომ იძიებს ამ საქმეს?
– ამის ჯერა ვინმეს?! მთელი საქართველო ლაპარაკობს, რომ ვინმე ანგი ხუციშვილმა, სალომე ზურაბიშვილის უახლოესმა ადამიანმა და სალომე ზურაბიშვილმა, აიღეს დიდი ფული და ამ კორუფციული გარიგების შედეგად, თავისუფლებაზე გამოუშვეს მკვლელები, პედოფილები, ყაჩაღები, ნარკომოვაჭრეები და ასე შემდეგ.
– ამას მტკიცებულებები სჭირდება.
– ვინ არის ისეთი მიამიტი, რომ დაიჯეროს, სალომემ ლამაზი თვალების გულისთვის შეიწყალა ეს დამნაშავეები?! ყველამ კარგად ვიცით, რომ ამის უკან იმალება ანგარება და ეს ანგარება არის დიდი ფული!
მთელი საქართველო დარწმუნებულია იმაში, რომ ჩვენ გვყავს მექრთამე პრეზიდენტი, ვიღაც ანგისთან ერთად. ეს ვიღაც ანგი არსაიდან გამოჩნდა უცებ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა აღაზევა, როგორც მისი ფავორიტი.
ამ ფონზე რა ხდება?! პროკურატურას სძინავს. ყურებით გამოვიყვანთ. ”ქართული მარში” ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება და ყურებით გამოვიყვანთ სალომე ზურაბიშვილს და მის ფავორიტ ანგისაც იმ შენობიდან, რომელსაც პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქვია. ეს ქალი არის ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს სირცხვილი! იმის იმედი, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს, ნამდვილად არ მაქვს.
– როდესაც ასეთი შეტევა მიმდინარეობს ოპოზიციის ლიდერებზე, აპატიმრებენ, პროკურატურაში იბარებენ დაკითხვებზე, ცოტა უხერხული ხომ არ არის ასეთი შეწყალებები? ზოგადად რა უნდა “ოცნებას”?
– “ოცნებას” რა უნდა, თავადაც არ იცის. ჯერ ის ვიკითხოთ, “ოცნება” არსებობს საერთოდ? ეს არ არის არანაირი პარტია. პარტია არის მაშინ, როდესაც უმაღლესი საბჭო ან უმაღლესი მმართველობითი ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს. “ოცნებაში” კი ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს არ არის არანაირი პარტია. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამხმარე პერსონალი, რომლებიც აფორმებენ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებს.
აქედან გამომდინარე, რა უნდა “ოცნებას”, ძალიან ძნელი გასარკვევია. ერთი რამე ნათლად ჩანს, რომ “ოცნებას” უნდა ხელისუფლებაში კიდევ 5 წლით დარჩენა. ამისთვის ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მეთოდს.
ჩემთვის ყველაზე საწყენი ის არის, რომ თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ გასაოცარ დემოკრატიას შექმნიდა საქართველოში. ყველას ჰქონდა იმის ილუზია, რომ აქ იქნებოდა თავისუფალი საარჩევნო ველი. სამწუხაროდ, როგორც არაერთი სხვა დაპირება, ესეც დაპირებად დარჩა და ჩვენ მივიღეთ რაღაცა უცნაური სიმბიოზი, რაღაც უცნაური სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში.
– რა იქნება 2020-ისთვის? ივანიშვილი იყიდის წვრილ-წვრილ პარტიებს და კოალიციური მთავრობის სახელით კვლავ თვითონ დარჩება ხელისულებაში?
– მე სრულიად სხვა ინფორმცია მაქვს. ივანიშვილმა დაავალა თავის პარტიას, რომ მან ერთპიროვნულად უნდა აიღოს 50%-ზე მეტი, დაახლოებით 53-55% და არავითარი კოალიციის შექმნას არ აპირებს.
– გახარიამ მიიღო ეს დავალება?
– დავალება გაიცა პარტიის ხელმძღვანელობაზე, გუბერნატორებზე, ქალაქების მერებზე და გამგებლებზე. “ოცნებამ” კვლავ უნდა მიიღოს აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში და ეს უნდა მოხდეს ყველანაირი მეთოდით.
– რა მეთოდით, ბატონო სანდრო, როდესაც 20%-საც ვეღარ აღწევს “ოცნების” რეიტინგი? როგორ, რანაირად?
– რეიტინგი არც ამ უზნეო დედაკაცს ჰქონდა, რომელიც პრეზიდენტად დაგვიჯდა. აქედან გამომდინარე, რეიტინგებს არცთუ დიდი გავლენა აქვს ისეთ სახელმწიფოში, სადაც არჩევნებს ატარებს არა დამოუკიდებელი სტრუტურა, არამედ სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია მმართველი პარტიის გამარჯვებით.
აქედან გამომდინარე, თქვენ კარგად ხვდებით, თუ რაზეა გათვლა და როგორ მოხდება უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში.
– გახარიას და ღარიბაშვილის იმედზეა ივანიშვილი?
– ადმინისტრაციული რესურსის იმედი აქვს მას. ვინ დარჩება თანამდებობებზე არჩევნების წინ, ეს კიდევ კაციშვილმა არ იცის.
– კიდევ მოხდება ცვლილება? გაქვთ ასეთი ინფორმაცია?
– გაზაფხულზე აუცილებლად მოხდება სერიოზული ცვლილებები. ეს გარდაუვალია. ეს ინფორმაციები სერიოზულად არსებობს.
– ალბათ პრემიერს აღარ შეცვლის ივანიშვილი.
– ვერავინ ვერაფერს იტყვის დაბეჯითებით. იმ ქვეყანაში, სადაც პრემიერები წინა დღეს იგებენ, რომ მეორე დღეს უნდა გადადგნენ და ყველა პრემიერს ანალოგიურად დაემართა, იქ გამორიცხული არ არის, რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს.
ეს ცვლილებები დამოკიდებული ხომ არ არის არც პრემეირზე და არც უმრავლესობაზე, ეს ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე…
– თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი?
– კი ბატონო, ზუსტად ასეა.
– ანუ შესაძლოა გახარიაც შეცვალონ გაზაფხულზე?
– მე ამას არ ვამტკიცებ. შესაძლოა, გახარია დატოვოს, თუმცა საკმაოდ სერიოზული ცვლილებები იქნება ყველა კუთხით. იმასაც გეტყვით, რომ გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება.
– კალაძესა და გახარიას შორის მიდის სერიოზული ჭიდილი, რას ვერ იყოფენ?
– ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა თავად “ოცნებაში” სერიოზული წინააღმდეგობებია. ერთი რამე იცოდეს ყველამ, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო პროცესი ჩააბარა ე.წ. ირაკლი კობახიძის გუნდს.
– კობახიძე კალაძის მხარდაჭერით სარგებლობს და მისი გუნდის წევრად მოიაზრება.
– დღეს კობახიძე უფრო დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. შესაძლოა, კალაძესთან ახლოს იყოს, მაგრამ მას ჰყავს თავისი პერსონალური გუნდი, რომელიც პარლამენტშია თავმოყრილი და რომელზეც დაყრდნობას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. ანუ კვლავ იქნება მდინარაძე, კვლავ იქნებიან ჩუგოშვილი, კობახიძე და ძმანი მისნი.
– ზარდიაშვილის წასვლის შემდეგ საუბარია, რომ ახლა წყალი მდინარაძეს შეუდგა, მალე გაჰყვება მას.
– ზარდიაშვილმა ბოლომდე მოიჭრა თავი და ბესელიას “პადლეცმა”, რომელიც მას აარტყა, საბოლოოდ გამოუყვანა მას წირვა. ამის მერე შანსი აღარ იყო, რომ ზარდიაშვილი დაეტოვებინათ გუნდში. ამიტომ გაწირეს ის და მოისროლეს სანაგვეში. მე ეს მომავალი ზარდიაშვილს ერთი წლის წინ ვუწინასწარმეტყველე და აუხდა კიდეც.
– მდინარაძეს იგივე არ ელის?
– მდინარაძე დღეს იმ გუნდშია, რომელსაც არჩევნები ჩააბარეს და რომელიც წინა ხაზზე იქნება და წამყვან პოზიციაზე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში.
– გახარია და კობახიძე ერთ მინდორზე ვერ ძოვენო და ივანიშვილმა გახარიას ისევ კობახიძე არჩია?
– ეს თმაგაჩეჩილი კობახიძე ვერავისთან ვერ ძოვს, გარდა მისი ვიწრო გარემოცვისა. ეს არის კარიერისტებისგან შემდგარი უცოდინართა ჯგუფი, რომელმაც დაირქვეს, რომ არიან “ოცნების” ახალი სახეები. სინამდვილეში კი არიან ჩვეულებრივი კომკავშირის და ცეკას მდივნები.
– რა გამოდის, რომ გახარიას ბოლომდე არ ენდობა ივანიშვილი, რადგან ამ გუნდს აბარებს არჩევნებს?
– ივანიშვილი მუდმივად ცვლის საკუთარ გარემოცვას. ბოლომდე არავის აძლიერებს. ამიტომ არის, რომ ჩვენ ასეთ აბსურდულ სიტუაციაში ვართ, 7 წლის განმავლობაში უკვე ამდენი პრემიერ-მინისტრი შევიცვალეთ. ერთპიროვნული მმართველი ერთი და იგივე ადამიანებს არ აძლევს საშუალებას, დიდი ხნით ხელისუფლებაში იყვნენ.
– როგორი იქნება დარჩენილი ერთი წელი და რა იქნება 2020-ში?
– საბოლოო ჯამში აუცილებლად მივიღებთ არეულობას და ქაოსს. ასევე მივიღებთ რევოლუციურ პროცესებს ქვეყანაში. ეს არის გარდაუვალი, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” იმდენად უჭკუოდ მიჰყავს თავისი პოლიტიკა, რომ ეს არის გარდაუვალი. ივანიშვილის მიზანია, კვლავ მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში, ხოლო მის ოპონენტად კვლავ დარჩეს დისკრედიტირებული, მანიაკებისა და სადისტების ბანდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. თუმცა ეს ასე ვერ მოხდება და ამას აუცილებლდ მოჰყვება რევოლუციური პროცესები.
– ამას რატომ ვერ თვლის ივანიშვილი, რომ ასე მოხდება, რომ ხალხს მობეზრდა ეს ყველაფერი?
– ამ მეთოდმა ბევრ არჩევნებში გაუმართლა ივანიშვილს, ჰგონია, რომ ახლაც იმუშავებს. თუმცა ეს გათვლა არასწორია.
დღეს მოსახლეობა, ხალხის აზრი არავის აინტერესებს. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ქვეყანას, ზვიად გამსახურდიას შემდგომ, არ ჰყოლია სამშობლოს მოყვარული ხელისუფლება. ხალხის ბრალიც არის, უყურებენ იმას, ამა თუ იმ ლიდერს რამდენი ფული აქვს.
ეს არის მონური ფსიქოლოგია. ახლა ხაზარაძეს დაესივნენ ბუზებივით ათასი რჯულის ავანტიურისტები. ყველამ კარგად იცის, რა ჭუჭყი და ნაგავიც არის ხაზარაძე, მაგრამ დაესივნენ ფულის გამო. სანამ ეს ხალხი ვერ გაიგებს, რომ სხვისი ფული მათ ხეირს არ მოუტანს, მანამ არაფერი ეშველებათ. ასე მიესევიან ხოლმე და მერე შემდგომი 5 წელი მოთქვამენ და გოდებენ, ეს რა დაგვემართაო.
აი, ამ მონური ფსიქოლოგიით, მუდმივად ცუდი ხელისუფლება გვეყოლება და მუდმივად მშიერი იქნება ეს ხალხი.