სანდრო ბრეგაძე – “მეკითხებიან, სააკაშვილი ქართული მარშის წევრი ხომ არ გახდაო?”

სანდრო ბრეგაძე - “მეკითხებიან, სააკაშვილი ქართული მარშის წევრი ხომ არ გახდაო?”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს
– ბატონო სანდრო, ახლოვდება 2020 წელი და აქტიურობენ ბიზნესმენები და ხელისუფლების ყოფილი წევრები. გიორგი ქობულიაც ანა დოლიძის მოძრაობაში ერთიანდება. რა ხდება?
– ვინც კი დედამ შვილი დაწყევლა, ყველამ პოლიტიკაში მოინდომა შემოსვლა. მოინდომეს კორუმპირებულმა ადამიანებმა. ყველზე საშიში ტენდენცია არის ის, რომ პოლიტიკაში შემოდიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვენენ საქართველოში კორუფციის წყარო და ის ადამიანები, რომლებმაც თითოეული ჩვენთაგანი გაგვძარცვეს. ჩვენგან ნაძარცვი ფულით დააგროვეს ქონება და შემდეგ ეს ქონება კრედიტების სახით მოგვაპროცენტეს!
ესენი არიან მევახშეები, მათ დაგვაკარგინეს სახლები და მუდმივად ვართ მათი პროცენტების ხდაში. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია.
– რა არის ცუდი?
– სულ კეთდება განცხადებები, რომ ბიზნესმენები მოდიან პოლიტიკაში, თუ ბიზნესმენი ხარ, შენი საქმე უნდა აკეთო, მაგრამ ესენი არიან ჩვეულებრივი მძარცველები. დღევანდელ პოლიტიკურ სურათს ვერ ვუყურებ დიდი ოპტიმიზმით. ძალიან ცუდი პროცესების მომასწავებელია ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება.
– კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– ეს მძარცველები, რომლებიც დღეს პოლიტიკაში შემოდიან, რეალურად არიან კრიმინალები, ესენი არიან ხელისუფლებაზე დაგეშილი პიროვნებები, რომლებსაც ძალიან დიდი ფული აქვთ და ახლა ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ, ძალაუფლება უნდათ. ამიტომ ასეთი ადამიანები არასდროს არაფერზე უკან არ იხევენ და ყველანაირ ავანტიურაზე მიდიან.
– მამუკა ხაზარაძე აქტიურობს. თავად აცხადებს, რომ კვირიკაშვილთან და ქობიულიასთან არანაირი კონსულტაციები არ ქონია, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ჯგუფი გაერთიანდება. რას იტყვით თქვენ?
– ხაზარაძის პოლიტიკურ მომავალს საერთოდ ვერ ვხედავ. ხაზარაძე ბევრად უფრო კომიკურ პერსონაჟს წააგავს და მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც ბევრად უფრო კომიკური გახდება. ჯერ მარტო მის განცხადებებს მოუსმინეთ. ის ბიძინა ივანიშვილს ბაძავს.
– ივანიშვილსაც ჰქონდა დიდი ფული და ისიც ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში, ხაზარაძე რატომ არ უნდა მოვიდეს?
– მას და ბიძინა ივანიშვილს შორის დიდი განსხვავებაა. 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა არა მარტო ფული, მას ჰქონდა განუზომელი რეიტინგი, ავტორიტეტი და ხალხის სიყვარული.
– დღეს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
– ეგ სხვა თემაა, მე ვსაუბრობ იმდროინდელ მოცემულობაზე. ეს ყველაფერი მამუკა ხაზარაძეს ნამდვილად არ გააჩნია. რა დოზის სიყვარულიც ჰქონდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილს, დაახლოებით იმ დოზის სიძულვილი აქვს ხალხის მხრიდან მამუკა ხაზარაძეს. აქ არის გადამწყვეტი ფაქტორი ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ძარცვით არ უშოვნია ფული. ხაზარაძეს კი ჩვენი ძარცვით და ხალხისგან ამოღებული პროცენტებით აქვს ნაშოვნი ეს ფული. ეს ზიზღი კი ვერანაირი ფულით ვერ გადაიწონება. ის პოლიტიკაში ვერაფერს მიაღწევს.
– პოლიტიკაში მოსვლის ამხელა სურვილი საარჩევნო კანონის ცვლილების ბრალია? თუ იქნება 0,67% ბარიერი, ფიქრობენ, რომ პარლამენტში ყველა მოხვდება.
– კი ბატონო, ასეა. ჩემი ნაცნობები, ვისაც წვრილ-წვრილი პარტიები აქვს, ყველა ერთი და იგივეს მეუბნება, 15 ათას ხმას როგორ ვერ მივიღებთო. მე კი ვფიქრობ, რომ ვერ მიიღებენ. მართალს ბრძანებთ, სწორედ ეს არის ფაქტორი, რადგან ყველას შეექმნა ილუზია იმისა, რომ პარლამენტში მარტივად შევა.
დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, ბევრი ისეთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება პარლამენტს გარეთ, რომელსაც კოშმარულ სიზმარშიც კი არ წარმოუდგენია, რომ ხმებს ვერ მიიღებს. აქ არის კიდევ ერთი მომენტიც.
– რომელი?
– ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენთან ძირითადად ორი ვადით არის ხელისუფლება წარმოდგენილი. ასე იყო მოქალაქეთა კავშირიც და ნაციონალური მოძრაობაც.
– “ოცნებამაც” ორი ვადა თითქმის მოიხადა.
– დიახ, ასეა და ფაქტია, რომ “ოცნება” მთავრობას ვეღარ დააკომპლექტებს. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებლად ამას ვერ გააკეთებს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, მას აქვს კოალიციური მთავრობის პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, ამანაც გარკვეული მიზიდულობა გააჩინა. ხელისუფლების ცვლილების დროს მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირება.
– სერიოზული ვაჭრობა წავა?
– ის ნაგავი, რაც დღეს არის პოლიტიკურ ასპარეზზე, იგივე ნაგვად დარჩება. მალე დადგება ის დრო, რომ ამ მილიონერების და ამ მძარცველების წინააღმდეგ ერთიანად აჯანყდება ხალხი. აღარავინ დაუწყებს იმის გარჩევას, ის სააკაშვილის პარტიის წევრია თუ ხაზარაძის.
– სააკაშვილი ახსენეთ და ბოლო პერიოდია, სერიოზული დაპირისპირება მიდის ოპოზიციაში. კერძოდ კი ნაცმოძრაობასა და “ევროპულ საქართველოს” შორის. რას ვერ იყოფენ? რა შეიცვალა მათ მიდგომებში?
– სააკაშვილის ქმედებები უკვე ანეკდოტურია. ბოლო პერიოდში ნაცნობ-მეგობრები მხვდებიან და მეკითხებიან, სააკაშვილი ქართული მარშის წევრი გახდაო? სააკაშვილი ცდილობს, ეროვნულ-ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების დამცველ პერსონად წამოაჩინოს თავი.
მართალია, ეს კომიკურად გვეჩვენება ჩვენ, მაგრამ სააკაშვილი არ გახლავთ იმდენად ბრიყვი, რომ რაიმე ნაბიჯი დაუფიქრებლად გადადგას. მას ურჩიეს დასავლეთელმა მრჩევლებმა, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც მას შეუძლია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ეროვნულ ლიდერად გახდომაა. ანუ ის ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ლიდერი უნდა გახდეს.
სააკაშვილს ურჩიეს და გადააწყვეტინეს, რომ მან უარი თქვას ლიბერასტულ ღირებულებებზე. ეს კი არის ყველაზე საშიში ტენდენცია.
– ბოკერიაზე რას იტყვით?
– სააკაშვილი ყველანაირად შეეცდება, დისტანცირება მოახდინოს ბოკერიასგან, რადგან ბოკერია არის ამ ლიბერასტული იდეოლოგიის მატარებელი პიროვნება. ერთი რამე იცოდეთ ყველამ, რომ ისინი მაინც ერთი ბინძური ფესვებიდან აღმოცენებული ძალები არიან.
აი, ნახავთ, ძალიან ბევრი გამოჩნდება, ვინც წაეპოტინება ამ ეროვნულ იდეას. ძალიან ბევრი შემოთავაზება გვქონდა, გავერთიანდეთო, ჩვენ გამოვსწორდით და ყველაფერში გვერდით დაგიდგებითო, მაგრამ მათ ამის შანსი არ აქვთ, პავლე სავლე ვერ გახდება. სააკაშვილი ვერასოდეს გადაიქცევა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლად.
რაც შეეხება ბოკერიას, ის ნამდვილად არის ყველაზე ბნელი ძალა, რომელიც არსებობს საქართველოში. ბოკერია არანაკლებ და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად დამნაშავეა, ვიდრე სააკაშვილი.
– ბატონო სანდრო, როდესაც ასეთი აჯაფსანდალი და დომხალია პოლიტიკურ ველზე, რას მივიღებთ 2020 წელს?
– 2020 წელი აუცილებლად იქნება ეროვნული ძალების გამარჯვების წელი. ბოლო თვეებში ისეთი პროცესი მოხდება, რომელიც ყველას გააკვირვებს.
– უფრო კონკრეტულად?
– ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალების კოალიცია, რომელიც იქნება ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების გამტარებელი. მსოფლიოშიც ეს ტენდენციაა და ჩვენთანაც ასე იქნება.
ძალზე მძიმე პროცესები გველოდება. სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე ეს ყველაფერი არ ჩაივლის.
– “ოცნებას” აღარ აქვს შანსი, დარჩეს ხელისუფლებაში?
– იმის შანსი, რომ “ოცნებამ” ერთპიროვნული მმართველობა შეინარჩუნოს, ნულის ტოლია. იმის მცირე შანსი არის, რომ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. ისევე როგორც იმის შანსი არ არის, რომ ნაცმოძრაობა ან ბოკერიას პარტია მოტრიალდეს უკან.