შალვა ნათელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს

შალვა ნათელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას მოითხოვსლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ასევე სხვა დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ნათელაშვილმა, მომხრეებთან ერთად, საპროტესტო აქცია ე.წ. მატროსოვის ციხესთან გამართა.

„მოგეხსენებათ, დიქტატურის უკანასკნელი საფეხური ეს გახლავთ მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები. საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის და ეს გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ალბათ, გვისმენს ფანჯრიდან. მინდა, მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ხალხის ძალიან დიდი რისხვა გელოდება, ესენი ყველა გაათავისუფლე იმისთვის, რომ ერთი-ორი წელი მოგაკლდეს სასამართლო განაჩენში.

მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეუჩერონ უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ დელეგაციის, რომლებიც იქ მილიონებს ხარჯავენ და პუტინის საქმეს აკეთებენ, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა აქცია-ბრიფინგზე.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზეა დაკავებული.