შალვა შავგულიძე – „მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნა ბიძინას პირადი შურისძიებაა”

შალვა შავგულიძე - „მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნა ბიძინას პირადი შურისძიებაა”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა ეხსნება. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ ვერ ხედავენ ყოფილი პრეზიდენტისთვის დაცვის შენარჩუნების აუცილებლობას, თუმცა “ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები.

რამდენად გამართლებულია მეოთხე პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნა, მაშინ, როდესაც ის ამავდროულად იყო უმაღლესი მთავარსარდალი და მიუწვდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელი? _ „ახალ თაობასთან“ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე საუბრობს.

_ მეოთხე პრეზიდენტისთვის დაცვის მოხსნა, არის თუ არა მორიგ ჯერზე მარგველაშვილის წინააღმდეგ პერსონალური გალაშქრება ”ქართული ოცნების” მხრიდან?

_ რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვეტყოდი, რომ ეს არის არა ”ქართული ოცნების” მხრიდან, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება, რადგანაც იქ გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ ივანიშვილი. მარგველაშვილზე ივანიშვილი ძალიან გაბრაზებული იყო და ვინაიდან ის არ გახდა მისი მორჩილი პრეზიდენტი და ხასიათი გამოავლინა, ივანიშვილმა მის წინააღმდეგ დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, ასე ვთქვათ, სადამსჯელო ღონისძიებების გატარება და ეს არის ამის გაგრძელება.

ეს არის ადამიანურად ძალიან სულმდაბალი საქციელი.

_ პერსონალურ მხარეს თავი რომ დავანებოთ და შევხედოთ უფრო ფართოდ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არის თუ არა მისთვის ზიანის მომტანი?

_ რა თქმა უნდა, ეს აზარალებს ინსტიტუციას და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციების მიმართ უპატივცემულობის კიდევ ერთი გამოვლინებაა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მას, ერთ ადამიანს, რასაც უნდა, იმას გააკეთებს ნებისმიერი ინსტიტუციის მიმართ. ეს უნდა აღიკვეთოს ჩვენს ქვეყანაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ დემოკრატიული საზოგადოება და დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც სწორედ ინსტიტუციებზე დგას და არა – ერთი რომელიმე ადამიანის ახირებებზე.

_ შეიძლება ისიც ითქვას, რომ ძირს უთხრის პრეზიდენტის ინსტიტუტს თავისი ქმედებებით ივანიშვილი?

_ შეგვიძლია ეს ფრაზაც ვიხმაროთ, მაგრამ ეს მოქმედება მიმართულია ინსტიტუციების წინააღმდეგ. ივანიშვილს მიაჩნია, რომ თავად არის დემოკრატიაც, კონსტიტუციაც და რასაც უნდა, იმას გააკეთებს, რომელი ინსტიტუციის რომელ წარმომადგენელსაც არ უნდა შეეხებოდეს ეს. ეს ანტისახელმწიფოებრივი ხედვა და მოქმედებაა.

_ არ ჰყავს ისეთი მრჩევლები, ვინც ეტყვის, რომ ასეთი ქმედებები ზიანის მომტანია პირადად მისთვის? თუნდაც რეიტინგის თვალსაზრისით.

_ ეტყობა, არ ჰყავს. მე მგონი, თუკი ვინმეს ჭკუა მოეკითხებოდა, ეს ადამიანები მის გვერდით აღარ არიან. როგორც ჩანს, ვერ ეგუება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თავისი აზრი და შეუძლიათ უთხრან, რომ რაღაცაში ვერ დაგეთანხმებით და აჯობებს, რომ სხვანაირად იყოს. მას როგორც ჩანს დარჩა ის გარემოცვა, რომელიც მას აღიარებს ბელადად.

ვიმეორებ, ეს ამ არასახელმწიფოებრივი ქმედების გარდა არის სულმდაბლური მოქმედებაა ადამიანურად. როდესაც ადამიანი აღარ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ მაინც ბოლომდე მისდევს, რომ მანქანას ჩამოართმევს დაცვას ჩამოართმევს…

_ პენსიაზეც არის საუბარი.

_ პენსიის ჩამორთმევა როგორ შეიძლება?! პარლამენტის რიგით წევრს ენიშნება პარლამენტის წევრობის პენსია და შეიძლება, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს?! ეს სახელმწიფოებრივი ხედვაა?! ეს არის ძალიან სულმდაბლური საქციელი.

_ ეს იმის ნიშანიც ხომ არ არის, რომ ანტიდასავლური მიმართულებით მივდივართ?

_ ივანიშვილი და მისი გუნდი რომ პრორუსული ორიენტაციის არის და ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა პრორუსულ რელსებზე გადაიყვანონ, ცხადია. მაგრამ, თავისთავად ეს საკითხი გეოპოლიტიკურ შინაარსს არ შეიცავს. ეს არის მისი ბრაზის სულმდაბლური გამოვლინება.

_ პრეზიდენტი იყო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მას წვდომა ჰქონდა უშიშროების საკითხებზე, ბევრ ინფორმაციაზე და როცა ამ დროს უხსნიან დაცვას, ქვეყანას ხომ არ აყენებს საფრთხის ქვეშ ივანიშვილი?

_ უშიშროების თვალსაზრისით ქვეყნის საფრთხე ასე მწვავედ არ დადგება. მე არა მგონია, რომ ეს აზიანებდეს ამ პროცესს _ ეყოლება თუ არა მარგველაშვილს დაცვა, ეს არ არის ასეთი მნიშვნელობის თემა. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ეს არის ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

სამწუხაროდ, ივანიშვილს არ აღმოაჩნდა სახელმწიფოს დემოკრატიულად მოწყობის არანაირი სურვილი და გამოსავალი ერთადერთია, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება მალე ჩამოვაცილოთ ქვეყნის მართვას.

_ დავაზუსტოთ. ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებით  ფიქრობთ, რომ ივანიშვილს მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნით ქვეყანა პოტენციური რისკის წინაშე არ დაუყენებია?

_ როდესაც სტანდარტია, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს რაღაც დროის განმავლობაში უნდა ჰყავდეს პირადი დაცვა, ეს გულისხმობს, რომ პრეზიდენტის დაცვა საჭიროა, ვინაიდან პრეზიდენტს ხელი მიუწვდებოდა სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანას, როდესაც ამ სტანდარტს არღვევ და დაცვის გარეშე ტოვებ პრეზიდენტს.

მე უბრალოდ მინდა ვთქვა ერთი რამე _ პრეზიდენტი მარგველაშვილი არ არის ის პიროვნება, რომელმაც რაიმე ქმედება შეიძლება განახორციელოს ისეთი, როდესაც მას დაცვა აღარ ეყოლება, რითაც ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება.

_ ამ მიმართულებით არც მე მიკითხავს. უბრალოდ, პოტენციური რისკების შესახებ და სახელმწიფოებრივი მიდგომის თვალსაზრისით გეკითხებით.

_ ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს მიმართულია ამ მხრივ. როდესაც ინსტიტუციურ წესრიგს არღვევ, ეს ყოველთვის რისკია. ეს ინსტიტუციური წესრიგი იმიტომ არის შექმნილი, რომ ქვეყანამ ნორმალურად იფუნქციონიროს და განვითარდეს. ამ წესრიგის შემადგენელია ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო რაღაც ვადით, მაგრამ ახლა აღარ არის მოქმედი პრეზიდენტი, საჭიროა, რომ რაღაც პერიოდის მანძილზეიყოს უზრუნველყოფილი დაცვით. საჭიროა, რომ იყოს უზრუნველყოფილი მატერიალურად და შესაბამისი პენსიით. ეს საჭიროა ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის.

როცა შენ პირადი გაბრაზების გამო ამ წესრიგს არღვევ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ გაქვს სახელმწიფოებრივი ხედვა. შენ სწირავ შენს სურვილებს სახელმწიფო ინტერესებს.