სოსო ცინცაძე – “გახარიას კაბინეტში ერთგული მინისტრები არ სჭირდება”

სოსო ცინცაძე - “გახარიას კაბინეტში ერთგული მინისტრები არ სჭირდება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე.
– ბატონო სოსო, გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა ეკონომიკის მინისტრის თურნავას გადაყენებასთან დაკავშირებით, რასაც თურნავას პასუხი მოჰყვა, რომ მას ბიზნეს ჯგუფები ებრძვიან. ამ ყველაფერს პრემიერმა ჭორები უწოდა და თურნავა კაბინეტის ძლიერ მინისტრად დაასახელა. რა მოხდა?
– ნათია თურნავას ხელისუფლებაში უკვე ჭიპი აქვს მოჭრილი სხვადასხვა თანამდებობებზე სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ის ხელისუფლების ბუნებას, შინაგან სამზარეულოს ბრწყინვალედ იცნობს. ამიტომ, მისი ექსტრავაგანტული განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მისი ფანტაზიის ნაყოფი ვერ იქნებოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა. ხომ გახსოვთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ასევე ჟურნალისტებთან როგორი განცხადება გააკეთა სწორედ მის შესაძლო გადაყენების საკითხზე?! ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, ისეთი, რომ გამგებს უნდა გაეგო.
– თურნავა წულუკიანის პოლიტიკური წონით კატეგორიაში რომ არ არის?
– თურნავამაც გააკეთა ისეთი განცხადება, რომ გამგებს უნდა გაეგო.
– ამ შემთხვევაში ვის?
– როგორც ჩანს, არც წულუკიანის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და არც თურნავას წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა არ იყო შეთანხმებული უმაღლეს ხელისუფალთან. ერთგვარი ნიადაგის გამოცლა დაიწყეს ქვემოდან, რომ ბუნებრივად მომხდარიყო მისი გადაყენება.
ზუსტად ასე დაიწყო წულუკიანის შემთხვევაშიც, მაგრამ მანაც ზუსტი გზავნილი გაუშვა და, როგორც ჩანს, თურნავამაც.
პრემიერის გამოსვლა, რომ ეს ყველაფერი ჭორია და მეტი არაფერი, არცთუ ელეგანტური პოლიტიკური სვლა იყო მისი მხრიდან.
მე არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი გახარიას თავისი ერთგული წევრები, მინისტრები უნდა კაბინეტში. ვინც დახვდა, ეს ხომ მისი დაკომპლექტებული გუნდი არ არის?! ამიტომ, გახარიას თავისი ერთგული ხალხი რომ უნდოდეს მთავრობაში, ამაში უცნაურს მე ვერაფერს ვხედავ. თუმცა, თუ გახარიას გადაყენება გადაწყვიტა ივანიშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელი მინისტრთა კაბინეტი მისი ერთგულიც რომ იყოს, ვერავინ უშველის.
გიორგი გახარია, ასე თუ ისე, ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ახლა გახარია გაიტაცოს იმ აზრმა, რომ მისი ერთგული ხალხით დააკომპლექტოს კაბინეტი. როდის იყო, ჩვენთან პრემიერს რიგითი მინისტრების ინტრიგების შედეგად ხსნიდნენ?! ქვევიდან მოხსნილი პრემიერ-მინისტრი მე არ მახსოვს, ზემოდან – რამდენიც გინდათ.
ამიტომ, სულ საკუთარი ბიძაშვილ-მამიდაშვილები რომ მოიყვანოს, მაინც ვერ უშველიან. როდესაც მისი წინამორბედების მსგავსად, გადაწყდება გახარიას წასვლაც, ისიც ბედს შეგუებული წავა.
თუ 2020 წლის არჩევნებს მოიგებს, იქნება, თუ წააგებს, მაშინ ბუნებრივია ისედაც შეიცვლება მთავრობაც და პრემიერიც.
– ნათია თურნავა როდესაც მინისტრად ინიშნებოდა ითქვა, რომ მას ვანო ჩხარტიშვილი ლობირებდა.
– ვანო ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ხმა მიუწვდება. ამიტომ, თურნავამ ჟურნალისტებთან ილაპარაკა, მებრძვიანო და ეს ნათქვამი ადრესატამდე მივიდა. ამიტომ, თურნავა ხვალ შეიძლება რომელიმე ორდენის კავალერიც გახდეს.
ეს პირველი კავალერისტური შეტევა თურნავასადმი გაივლის, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მას დაემშვიდობონ თუ სერიოზულად მოინდომებენ მის მოხსნას, მით უფრო ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით.
რა დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ყველა ვხედავთ. როგორ ყოველდღიურად ძვირდება ჩვენი ცხოვრება. პირდაპირი მნიშვნელობით ძვირდება.
ახლა პარლამენტში სოციალური ბიუჯეტის განხილვებია. თითქოს პენსიების ზრდა, როგორც პროგრესი, უნდა გვიხაროდეს, მაგრამ საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმაც კი იცის, პენსიების ზრდა პირდაპირ ფულის მასის ზრდას იწვევს. მსოფლიოში დამისახელონ ერთი მაგალითი მაინც, როდესაც ფულის მასის გაზრდას ფასების დაწევა გამოეწვიოს. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ინფლაცია ფასების ზრდას იწვევს და არა პირიქით.
ამიტომ ისევ კადრების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, სიმართლე გითხრათ, ამაში დიდ უცნაურობას ვერ ვხედავ. ეს არის ქართული საკადრო პოლიტიკის ტრადიცია. გნებავთ, აქილევსისი ქუსლი.
ასე იყო გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც. ეს არის პირად ერთგულებაზე აგებული საკადრო სელექცია. იმდენი წყალქვეშა დინებებია, ჩვენ რას გავიგებთ. თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, თითქოს ყველა ყველას იცნობს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე ხდებიან ადამიანები უცებ მილიონერები, ისე მდიდრდებიან, რომ ვერც კი ფიქრობ, როდის მოასწრეს.
არადა, ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს მილიონერების, მილიარდერების სია და ამის შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებმა იციან.