სოსო ცინცაძე – “სააკაშვილი თბილისში ნაციონალების არც ერთ ლიდერს არ უნდა”

სოსო ცინცაძე - “სააკაშვილი თბილისში ნაციონალების არც ერთ ლიდერს არ უნდა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის 2020 წლის არჩევნების მოგება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თქვენც ასე განიხილავთ?
– “ქართული ოცნება” ისეთ ჩიხშია შესული, სადაც დამარცხება არ შეუძლია. არათუ არ დათმობს, ვერ დათმობს. მართლაც ეს იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ეს არ არის არც ამერიკა და არც ევროპა, სადაც ერთხელ დამარცხდები და მეორედ მოიგებ.
საქართველოში არჩევნებში დამარცხება მხოლოდ დამარცხება არ არის. ჩვენ არ გვაქვს, ერთი მაგალითის გარდა, რომელიც 2012 წელს იყო, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა.
დღეს “ქართული ოცნების” არათუ რიგით წევრებს, არათუ ბიძინა ივანიშვილს, სამინისტროს რიგით ჩინოვნიკსაც კი აქვს დასაკარგი.
2012 წელს ნაციონალური მოძრაობის შუა და ქვემო რგოლს იმდენი არ ჰქონდა დასაკარგი, რამდენიც დღეს აქვს “ქართული ოცნების” რიგით წევრს, რიგით მხარდამჭერსაც კი, მთელ ვერტიკალს. ამიტომ, ვერ დათმობს. შექსპირისეული ტრაგი-კომიკური სურათია.
– ვერ დათმობს, მაგრამ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წავა? თუ რადგან რეალური ალტერნატივა არ ჩანს და ამომრჩევლის განწყობებიც გასაგებია, ეს იქნება კვლავ კოზირად გამოყენებული?
– დიახ, სავსებით სწორი ანალიზია. ოპოზიცია არაეფექტურია. ოპოზიციამ ვერ შეძლო მოსახლეობის პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის გაერთიანება. ოპოზიციას მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და სოციალური გვერდით რჩება არადა რიგითი ადამიანისთვის მთავარი არის, როგორ აჭამოს შვილს პური, როგორ იყიდოს წამალი. მოსახლეობას, მილიონ ადამიანს სოციალური პრობლემა აქვს და არა – პოლიტიკური.
ოპოზიცია კი ის არის, ვინც დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ ის უკეთესად შეძლებს სოციალური პრობლემების გადაჭრას. ბანკირებს რომ პრობლემები ექმნებათ, ტელევიზიები რომ იხურება, ეს მასებს აბსოლუტურად არ აწუხებთ, მათ იმდენი საკუთარი პრობლემა აქვთ. ეს პრობლემა სანამ ოპოზიციის პრობლემად არ იქცევა და ოპოზიციის დღის წესრიგში არ დადგება, მანამდე ის მათ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ამას ვერ აცნობიერებს დღეს ოპოზიცია.
თუ რიგითი ამომრჩეველი ხვდება, რომ “ქართული ოცნება” ვერ დათმობს, რატომ ვერ ხვდება ამას ოპოზიცია?! რატომ არ ცდილობს, უფრო კრეატიული გახდეს, უფრო მიმზიდველი გახდეს მასებისთვის?!
რაც ახლა ერთმანეთში დაიწყო გარჩევები მიხეილ სააკაშვილსა და “ევროპულ საქართველოს” შორის, ყველაფერი ნათელია.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ ჭკვიანი ოპოზიციისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს მაგალითი და სამოქმედო გეგმა. თუმცა, აქვე არ შემიძლია პირადად ივანიშვილის პოლიტიკურ შეცდომაზე არ ვთქვა. როგორ შეცდა, როდესაც პრეზიდენტის პოსტი არ დაუთმო ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძეს. მთელ ამ კრიტიკას (რბილად რომ ვთქვა) ხომ აიცილებდა და ყველა წყევლას ხომ ვაშაძეს აკიდებდა.
რა, ვაშაძე ტერიტორიებს დაიბრუნებდა, აზერბაიჯანთან გადაჭრიდა დავით გარეჯის საკითხს, ბორდერიზაციას შეაჩერებდა, ნატოში შეგვიყვანდა თუ რას იზამდა?! ივანიშვილის მხრიდან ეს იქნებოდა პოლიტიკურად ჭკვიანური და გააზრებული გზა თუნდაც ქვეყნის გარეთ იქნებოდა ასე აღქმული.
– ერთი, რასაც ვაშაძე ნამდვილად იზამდა, ეს იქნებოდა წინა ხელისუფლების წევრების შეწყალება.
– გამორიცხულია! მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ნაციონალების დღევანდელ ლიდერებში არავის უნდა სააკაშვილი თბილისში. სააკაშვილი სულ სხვა დონის პოლიტიკოსია.
– ნიკა მელიას განცხადებები, არ გავჩერდებიო, წინასაარჩევნოდ გაკეთებული პიარის ნაწილია?
– ეს არაფერი არ არის. ნიკა მელიას ვერც იჭერენ, რადგან არაფერი მტკიცებულება არ აქვთ და ვერც უხსნიან იმ სამაჯურს.
– ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა. ამბობენ, რომ კიდევ რამდენიმე წავა. ახალ სახეებს ელოდებით?
– რა თქმა უნდა! ძველ ტიკჭორებში ახალი ღვინის ჩასხმა მოხდება. “ქართული ოცნების” დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობის დაახლოებით 60% აღარ იქნება ახალი მოწვევის პარლამენტში. ხომ სრულიად ნათელია, ვინ შეიძლება ამ 60%-ში მოჰყვეს?! მათი ბოლო დეპუტატობაა, მათ უკვე შეუძლიათ ახალი სამსახურის ძებნა დაიწყონ.
– შეგიძლიათ დაასახელოთ?
– ვინც ვერ გაუმართლა ბიძინა ივანიშვილს და ხომ გასაგებია, ვიზეა საუბარი. როგორ გგონით, ზარდიაშვილმა გაუმართლა?! შეიძლება გარკვეული დავალება ჰქონდა, მაგრამ იმ დავალების შემსრულებლადაც ვერ გამოდგა.
ძალიან დიდი სვლა იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, თუ გენერალური პროკურორის ადგილი ვაკანტური რომ გახდება, მას ოპოზიციას შესთავაზებს.
– ასეთ ნაბიჯს ელოდებით?
– არა, რა თქმა უნდა! ძალიან ძლიერი და ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან. თუ თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, მაშინ მთავარი პროკურორის პოზიცია მისცეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. იმას, ვისაც ხალხი ნდობას გამოუცხადებს.
ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მით უფრო, არჩევნების წინ. ეს იქნებოდა ძლიერი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც და ჩვენი ამომრჩევლისთვისაც.
მერწმუნეთ, ეს სულ სხვა დონის პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა. მაშინ, ოპოზიციასაც სხვა დონის თამაში მოუწევდა უკვე წინასაარჩევნოდ.