თამარ ჩუგოშვილი – “ნაცმოძრაობა არის დესტრუქციული რადიკალური ძალა“

თამარ ჩუგოშვილი - "ნაცმოძრაობა არის დესტრუქციული რადიკალური ძალა“ძალიან გამიხარდებოდა, იმაზე ოდნავ უკეთესი შედეგი გვქონდეს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე გვქონდა, მაგრამ სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერც ერთმა პარტიამ, ჩვენი ჩათვლით,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ჩუგოშვილი ამბობს, რომ სრულიად დასაშვებია, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა დადგეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან გამიხარდებოდა, რომ იმაზე ოდნავ უკეთესი შედეგი გვქონდეს, ვიდრე გვქონდა 2016 წლის არჩევნებზე. მაშინ 49 პროცენტი იყო, ოდნავ მეტი რომ იყოს, კარგი იქნებოდა, მაგრამ სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერც ერთმა პარტიამ, ჩვენი ჩათვლით. შესაბამისად, აუცილებელი გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის ავტორის კითხვაზე, კოალიციური მთავრობის პირობებში „ვისკენ მიუწევს გული“, თამარ ჩუგოშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია.

„თუ ჩვენ ვერ ავიღებთ უმრავლესობას, მაგრამ ახლოს ვიქნებით, მე იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება პროდასავლური ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელთანაც გვექნება თანამშრომლობის სურვილი“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური ძალა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პარტია არის „სრულიად დესტრუქციული, გარკვეულწილად რადიკალური ძალაც“.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ – არიან თუ არა პროდასავლური პარტიები: „ევროპულ საქართველო, „გირჩი“, „შენების მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ლელო“ – ჩუგოშვილმა უპასუხა „კი“.

რაც შეეხება ზემოთხსენებულ პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, შესაბამის კითხვაზე ჩუგოშვილმა განაცხადა: “არ ვიცი, შესაძლებელია, სავარაუდოდ”.

გადაცემის მიმდინარეობისას, წამყვანმა თამარ ჩუგოშვილს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა, რომლის მიხედვითაც, ჩუგოშვილი თამარ ხულორდავასთან, სოფო ქაცარავასთან და სხვებთან ერთად, „ქართული ოცნებიდან“ გასვლას გეგმავს, რაზეც ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „ეს ასე არ არის“.

„ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საგარეო მიმართულებით, ბუნებრივად ჩემი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ვინაიდან, მეც ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ ქვეყნის წარმომადგენლობაზე, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ თვითონ უმრავლესობის შიგნით, მაგრამ არანაირი განხილვა და მსჯელობა გასვლაზე არც ყოფილა და არც იქნება – შემიძლია პირდაპირ გითხრათ“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

იპნ