“ქართული ოცნების” დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სავარაუდო მსხვერპლი დღეს პოლიციაში დაიბარეს. თამთა თოდაძე, რომელიც დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, სამართალდამცავებს მომხდარის დეტალებს კიდევ ერთხელ გააცნობს.
თოდაძის ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ გოგონას მიანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. მათი თქმით, ამ ფაქტიდან გასულია 1 კვირა, ამოღებულია მტკიცებულებები და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯიშკარიანისთვის ბრალი წარედგინათ, თუმცა რადგან ამ დრომდე ეს ასე არ მოხდა, ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოძიება გაწელავს დროს, რათა არ დადგეს დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი.
“დღეს დაბარებულები ვართ დამატებით დაკითხვაზე, თუმცა რა კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას, უცნობია. როგორც წესი, ასეთი ტიპის საქმეებზე ძალიან სწრაფად ხდება რეაგირება პროკურატურისა და პოლიციის მხრიდან, თუმცა ამ შემთვევაში რადგან არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რატომღაც პროკურატურა იკავებს თავს. სურვილი აქვთ, რომ ეს საქმე მიჩქმალონ და შესაძლებელია, რომ ფიქრობენ იმასაც, რომ გამოძიება შეწყვიტონ, თუმცა ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ იმიტომ, რომ ძალიან მყარი მტკიცებულებები გვაქვს იმისა, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა,” – აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი.
ნიუპოსტი

