”თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს უკიდურესად ნასვამი იყო” – რას აცხადებს ჯიშკარიანის ადვოკატი კუბლაშვილი

”თამთა თოდაძე შემთხვევის დღეს უკიდურესად ნასვამი იყო” - რას აცხადებს ჯიშკარიანის ადვოკატი კუბლაშვილისაკრებულოს ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, დაზარალებული თამთა თოდაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

როგორც კუბლაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, მან სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც მოიპოვა, რომელშიც თამთა თოდაძე ფიგურირებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მას სერიოზული მტკიცებულებები აქვს, რომელსაც სასამართლოში წარადგენს.

„ერთ კითხვაზე გამცეს გამოძიებამ პასუხი – რატომ არ ჩაუტარეს თამთა თოდაძეს ექსპერტიზა? ის იყო უკიდურესი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მაინტერესებს, ეს ფაქტი რატომ არის უგულებელყოფილი? გამოძიებასთან მეც უამრავი კითხვა მაქვს.

რატომ არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? ალკოტესტი სად არის? ხუთი მოწმე ადასტურებს, რომ იმ დღეს, თამთა თოდაძე უკიდურესად ნასვამი იყო. ბოთლი ამოღებულია. ეს არის უმთავრესი. მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ იქცევა ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში. ამ საქმის გარდა, კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს თამთა თოდაძე. საუბარია, ალკოჰოლური თრობიდან გამომდინარე მის ქმედებებზე“, – აცხადებს კუბლაშვილი.

მისი განმარტებით, შემთხვევის დღეს თავად ილია ჯიშკარიანი ნასვამ მდგომარეობაში არ ყოფილა.

„ჯიშკარიანს იმ დღეს 2 ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, ფიზიკურად ვერ დალევდა, აკრძალული აქვს და ყოველდღე მაქსიმუმ 2 ჭიქას სვამდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე “, – აღნიშნავს ადვოკატი.

კუბლაშვილი ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები არასათანადოდ აწარმოეს.

„გამოძიებამ არასათანადოდ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ოფისის დათვალიერება და ჩხრეკა კანონის დარღვევით არის ნაწარმოები. უფლებამოსილი პირის დასწრების გარეშეა ყველაფერი ამოღებული“, – აცხადებს კუბლაშვილი.