თეთრი ტაქსის მძღოლი – “ადრე თუ 7-8 ლარს ვიღებდი, ახლა 15 ლარზე ნაკლებად არ მივდივარ”

თეთრი ტაქსის მძღოლი - “ადრე თუ 7-8 ლარს ვიღებდი, ახლა 15 ლარზე ნაკლებად არ მივდივარ”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მგზავრებს ქუჩაში მომსახურებას ვეღარ გაუწევენ მარჯვენასაჭიანი ტაქსები. სავალდებულოა, ტაქსები თეთრი ფერის იყოს. გარდა ამისა, ტაქსს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
მსგავსმა რეგულაციებმა თბილისში ტაქსის საფასური საგრძნობლად გაზარდა. მგზავრები ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თბილისის მერი კახა კალაძე კი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ტარიფმა მოიმატა.
თბილისის მერს ადანაშაულებს ოპოზიციაც. ამ რეფორმის შედეგად დაახლოებით 26 ათასი მძღოლი დარჩა უმუშევარი.
47 წლის გია ტაქსზე მუშაობდა, ახლა კი პრობლემები შეექმნა.
– 8 წელია, ტაქსის მძღოლი ვარ და ოჯახს ასე ვინახავ. სანამ რეგულაციაზე დაიწყებოდა საუბარი, ცოტა ხნით ადრე შევიძინე ახალი ავტომობილი, თქვენც ხედავთ, რომ შავი ფერისაა. არ მყავს თეთრი მანქანა და რა ვქნა? ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ვაუჩერს მოგცემთო, მერიამ და რამდენიმე თვის წინ მივაკითხე და უკვე აღარ იყო. თეთრი ფერის ავტომობილებს დაედო ფასი, – გვითხრა მან.
– რომ გადაღებოთ?
– საკმაოდ ძვირია. ვეღარ ვტაქსაობ. არადა ოჯახის მარჩენალი მე ვარ. ვფიქრობ, გირჩთან მივიდე, რაღაც ხომ გააკეთეს, შმაქსი ქვიაო.
– კალაძემ რომ თქვა, ვინც შმაქსით ივლის, მიიშმაქსებაო?
– მაშინ კალაძემ არჩინოს ჩემი ოჯახი. სამი შვილი მყავს, რომ მოშივდებათ, მოუტანს საჭმელს?! რა მნიშვნელობა აქვს, ტაქსი თეთრი იქნებოდა თუ შავი? დაგვტოვეს უმუშევრები, თვითონ კი დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინეს. ჩემსავით გამწარებულია ძალიან ბევრია. ათასობით ადამიანი დავრჩით უმუშევარი. თუ ასე გაგრძელდა, შევიკრიბებით, გამოვალთ და კალაძე მიიღებს ტაქსების რევოლუციას. აბა მერე გვითხრას, მიიშმაქსებითო.
რეგულაციებით უკმაყოფილოა მგზავრთა დიდი ნაწილიც, რადგან ახალი რეგულაციები მგზავრობის საფასურზე აისახა.
თეთრი ფერის ტაქსებმა ტარიფი გააორმაგეს. გარდა ამისა, ტაქსის სერიოზული დეფიციტია ქუჩებში. მერიის წარმომადგენლები ამ ყველაფერს იმითაც ხსნიან, რომ ბევრმა ავტომობილმა ტექდათვალიერებაც ვერ გაიარა.
როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, სულ 26 ათასი ტაქსის ლიცენზია გაიცა, თუმცა ლიცენზირებული ავტომობილების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა და მუშაობის უფლება ვერ მოიპოვა.
ნინო, მგზავრი:
– ნახევარი საათია, ტაქსს ველოდები, თეთრი ფერის ტაქსი სულ დაკავებულია. რამდენიმე მანქანამ გამიჩერა ტაქსი ვარ, დაბრძანდით ქალბატონოო, მაგრამ უარი ვუთხარი. ნიშანი არ აქვს და ვერ ვენდობი.
– ტარიფმა მოიმატა?
– კი არ მოიმატა, გაორმაგდა. ადრე გლდანიდან საბურთალომდე ტაქსს 10 ლარად გავყავდი. გუშინ ჯერ 20 ლარი მომთხოვა და მერე 18 ლარად წამიყვანა. ვისაც თეთრი ფერი ტაქსი ჰყავს, ძალიან უნამუსოდ იქცევა. ტარიფის ასე აწევა როგორ შეიძლება. კალაძე ტაქსების ფერებს რომ გვირეგულირებს, მაშინ ფასებიც დაარეგულიროს. რატომ მაინცდამაინც თეთრი, რა, წითელი ტაქსით ცუდათ ვიმგზავრებ?!
ხალხს შიმშილით კუჭი უხმება და ესენი ტაქსის ფერზე ფიქრობენ. ვაი თქვენს პატრონს, “ქართულო ოცნებავ”, სხვა პრობლემა თუ ვერ ნახეთ ამ ქვეყანაში მოსაწესრიგებელი.
თეთრი ტაქსის მძღოლი გურამი ამბობს, რომ ფასები იმიტომ გააძვირა, რომ მასაც გაუძვირდა ცხოვრება.
– ნახეთ, საწვავი რა ღირს. ამ ხალხს უნდა, რომ ისევ 3 და 5 ლარად იმგზავრონ და სადღაა ეგ ფასები.
– 5 ლარი თუ ღირდა, 15 რატომ გახადეთ, რადგან თეთრი ფერის ტაქსზე ზიხართ?
– მე სხვა ფერის მანქანა მყავდა, რომ გამოაცხადეს, თეთრი ფერია სავალდებულოო, გავყიდე მწვანე ოპელი, დავამატე ბანკიდან აღებული კრედიტი და ეს თეთრი ფერის ტოიოტა ვიყიდე. ოჯახიც უნდა ვარჩინო და ბანკში პროცენტიც უნდა ვიხადო, თან გაძვირებული საწვავიც უნდა ჩავასხა. ამ პრეტენზიებით თბილისის მერს მიადგნენ, მე რა შუაში ვარ? თქვენ გგონიათ, მე მიხარია რომ ასეა?!
– მაინც რამდენით გააძვირეთ მგზავრობა?
– გააჩნია, საით წავალ. საშუალოდ ადრე თუ 7-8 ლარს ვიღებდი, ახლა 15 ლარზე ნაკლებად არ მივდივარ. ვისაც აქვს საშუალება, ის იხდის და პრეტენზიის გარეშე მგზავრობს და ვისაც არ აქვს, ჩადის მეტროში.
– ქალაქში ტაქსების სიმცირეა?
– თავიდან ძალიან ჭირდა. წინა დღეებში ისეთი კრიზისი იყო, საღამოს 3 მგზავრიც კი წამოვიყვანე ერთად და სხვადასხვა მისამართზე დავტოვე. ახლა უფრო მეტი თეთრი ფერის ტაქსი გამოჩნდა. რომ მიხვდნენ, რომ აჯარიმებენ, ზოგი ყიდის და თეთრს ყიდულობს, ზოგიც თეთრად ღებავს, აბა რა ქნან, უმუშევრები ხომ არ დარჩებიან?! გუშინ ერთმა მგზავრმა მითხრა, თვითონ კალაძე ხსნის მსხვილ ტაქსის კომპანიებს და თეთრი ფერის ტაქსები შემოჰყავს და ამიტომ გადავიდნენ თეთრ ფერზეო. ალბათ ასეა, თორემ რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა ფერის ტაქსი ივლიდა. თანაც ასე უკეთ გაგვაკონტროლებენ.

იმის გასარკვევად, თუ რატომ გაძვირდა ტაქსის მომსახურება, “ახალი თაობა” ტაქსის კომპანიებს დაუკავშირდა. კომპანია მაქსიმმა ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, ხოლო 200-200-ში აცხადებენ რომ მათთან საფასური არ გაძვირებულა.
გვესაუბრა 200-200-ის მთავარი მენეჯერი ედუარდი.
– ბატონო ედუარდ, მგზავრები ჩივიან, რომ ტაქსის ტარიფები საგრძნობლად გაიზარდა. ეს ყველაფერი ახალი რეგულაციებიდან გამომდინარეა?
– სად გაძვირდა? ჩვენთან ტარიფი ნამდვილად არ გაძვირებულა. იგივე ფასები გვაქვს. ტარიფი გააძვირეს რუსულმა კომპანიებმა, ჩვენ ვართ ქართული კომპანია და ჩვენ არ ვაძვირებთ ფასებს.
– ახალ რეგულაციებზე რას იტყვით?
– ვინც ინდივიდუალურად მუშაობდა, მათთვის შეიცვალა, თორემ კომპანიებისთვის არაფერი შეცვლილა. ვინც კომპანიაში მუშაობს და გამოძახებით მიდის, ამ შემთხვევაში ტაქსის ფერს არა აქვს მნიშვნელობა.
– თქვენთვის თეთრი ფერი სავალდებულო არ არის?
– არა. ვინც გამოძახებაზე მუშაობს, მისთვის არ არის სავალდებულო, ეს კომპანიებს არ გვეხება. სხვა ფერს, თეთრის გარდა, ქუჩაში ვერ გააჩერებ, გამოძახებაზე კი შეუძლია იმუშაოს.
თეთრი ფერის ტაქსებმაც თვითონ გააძვირეს, საკუთარი ინიციატივით, ცოტაა ამ ეტაპზე თეთრი ფერის ტაქსი, ვერ აკმაყოფილებს ბაზარს და ტარიფიც აწიეს. ჩვენგან ბევრი მძღოლი წავიდა.
– რატომ წავიდნენ?
– ყველა რუსულმა კომპანიამ გააძვირა მგზავრობის საფასური და მძღოლსაც ურჩევნია, იქ იმუშაოს, სადაც მაღალი ტარიფია. ყველა თეთრი ფერის ტაქსი ცდილობს, ქუჩაში იმუშაოს, რადგან ქუჩაში ძალიან მაღალი ტარიფია, გაორმაგებულიც კი. ჩვენ მაგხელა ფასები არ გვაქვს.
კომპანიებს თავისი მანქანები არ ჰყავთ, მძღოლი მოდის თავისი მანქანით. აქედან გამომდინარე, ვინც თეთრად შეღება მანქანა, რატომ გადავიდეს გამოძახებაზე, როცა ქუჩაში გაცილებით მაღალი ტარიფია და უკეთ მუშაობს. თუკი გამოძახებით 5 ლარია, ქუჩაში აჰყავთ 10 ლარათ.
– ანუ ქუჩაში ორმაგი ტარიფია?
– კი ბატონო, ასეა. ბევრს ეზარება ტაქსის გამოძახება და ლოდინი, ფიქრობს, გავალ ქუჩაში და უცებ გავაჩერებ. ვინც ასე იქცევა, ის ორმაგს იხდის. იანდექსმა, ვოლტმა ტარიფები საგრძნობლად აწიეს და მძღოლებიც ამ კომპანიებში წავიდნენ. ხალხი ჩივის, გაძვირდაო, ამ კომპანიებმა ნამდვილად გააძვირეს, ჩვენ არა.
– მომხმარებელი ამბობს, რომ აგვიანებენ თქვენი ტაქსები.
– ტაქსის მძღოლს შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე კომპანია ჩაწეროს. ვთქვათ, ჩვენ გავუშვით გამოძახებაზე და იგივე დროს დაურეკა იანდექსის ოპერატორმაც და უთხრა, რომ გამოძახებაა, ჩვენ გაგვიუქმებს და იქ წავა, რადგან იქ მეტია ტარიფი.
აი, ასეთი სიტუაციები შემდეგ შეფერხებას იწვევს. მგზავრმა გვითხრა გუშინ, თქვენთან რომ 5 ლარი მითხრეს, იანდექსში 15 ლარი მომთხოვეს, რომ გამოვიძახეო.
მძღოლსაც ურჩევნია, იქ გადავიდეს, რადგან იქ სამჯერ მეტი ტარიფია.