თორნიკე შარაშენიძე – “ოცნება” საკუთარ თავს თვითონ გადატეხავს”

თორნიკე შარაშენიძე - “ოცნება” საკუთარ თავს თვითონ გადატეხავს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს
– ბატონო თორნიკე, ვანო ჩხარტიშვილი სერიოზულად გაძლიერდა. ივანიშვილს ეს პრობლემებს არ შეუქმნის?
– იმდენი ჭკუა ყოფნის ჩხარტიშვილს, რომ ბიძინას წინააღმდეგ არ წავიდეს. ბიძინას შემდეგ შესაძლოა იყოს გავლენიანი ფიგურა, თუმცა გვახსოვდეს, რომ ბიძინა დიდხანს არავის აძლიერებს. ბიძინას ნებართვის გარეშე ჩხარტიშვილი ვერაფერს გააკეთებს, მოქმედებს მისი თანხმობით.
– “ოცნება” როგორ უნდა მივიდეს 2020 წლის არჩევნებამდე? პროკურატურაში შესაძლოა მალე ბომბი აუფეთქდეთ, იმდენი სკანდალი დაგროვდა.
– კი ბატონო, ყველგან ბომბია, ყველგან პრობლემაა, მაგრამ რა?! გამოვლენ არჩევნების დღეს და მოგვთხოვენ არჩევანის გაკეთებას, კარგად იცით, ვის და ვის შორის. აი, ამის იმედი აქვს ივანიშვილს! მე თუ მიშა? და საბოლოო ჯამში ისევ მე, ბიძინას ამირჩევენ.
აი, ამას უყურებს ივანიშვილი და დანარჩენი სად რა ხდება, მისთვის სრულიად უინტერესო და მეორეხარისხოვანია.
– ანუ ისევ მიშათი უნდა შეგვაშინონ?
– რა თქმა უნდა, სხვა რა იციან. არიქა მიშა მოდის.
– დამოუკიდებლად შეძლებენ მთავრობის დაკომპლექტებას?
– “ოცნება” თუ გადატყდება წელში, გადატყდება სისტემურად, ისე, რომ საერთოდ დაინგრევა, მე ასე მგონია. ხოლო თუ არ გადატყდება, არჩევნებს მაინც მოიგებს.
– ძალა რომ არ ჩანს, ვინც მას გადატეხავს?
– ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. მე მგონია, რომ თვითონ გადატეხავენ თავის თავს.
– შიგნითაც კლანური ბრძოლაა, ყველას თავისი დაჯგუფება ჰყავს და ყველა ცალ-ცალკე იბრძვის. ეს გააღრმავებს დაპირისპირებას გუნდში?
– ეს გასაგებიცაა. პარლამენტში ყველას ვერ შეიყვანენ, განაწყენებულებს გადაუგდებენ რამეს, როგორც წინა შემთხვევაში მოიქცნენ, მეორე ვადით ბევრი აღარ შესულა მათი გუნდიდან პარლამენტში, მაგრამ ზოგს რა გადაუგდეს და ზოგს რა. ახლაც ასე იქნება. ზოგი კომისიაში ჩასვეს, ზოგს თეთნულდი ჩააბარეს და ასე შემდეგ. იგივე სურათი იქნება ახლაც. გადაუგდებენ ბიზნესს, თანამდებობას და ყველას გააჩუმებენ.
– რამდენად უშვებთ, რომ ითანამშრომლოს “ევროპულმა საქართველომ” “ქართულ ოცნებასთან”?
– გააჩნია, როგორი არჩევნების შედეგები დაჯდება. წინასწარ რამის თქმა ძნელია. თუ სხვა გზა არ იქნება, მე მგონი, ითანამშრომლებენ.
– რას გულისხმობთ?
– თუ თავად ვერაფერი შეძლეს და თუ შეატყვეს, რომ სულ ისე რჩებიან.
– ოპოზიციური პარტიების განცხადებები, რომ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რამდენად სწორია?
– ნულოვანი ბარიერია და, რა თქმა უნდა, სწორია. ასე ჯობია. ყველამ თავისი აიღოს და შემდეგ შიგნით შექმნან კოალიცია. რადგან ნულოვანი ბარიერია, ჯობია, ასე იყოს. მსხვილი პარტიები გავიდნენ ცალკე და თითოკაციანი პარტიები გაერთიანდნენ.
– აცხადებთ, რომ მიშა მოდის ისევ იმუშავებს. ვერ დაღვინდა ჩვენი საზოგადოება იმ დონემდე მაინც, რომ ამ თემამ აღარ იმუშაოს?
– რა გითხრათ აბა, მე მგონი, ვერა. იმიტომ, რომ ის რაც დღეს თბილისში ხდება, გადათხრილია მთელი ქალაქი, ხალხი ვერ მოძრაობს, ამას მაინც მშვიდად იტანენ. ფაქტია, რომ კიდევ აიტანენ ამ ყველაფერს. კატასტროფა ხდება თბილისში და მშვიდად იტანენ. როგორც ჩანს, მიეჩვია ხალხი.
– მარტო მოვა “ოცნება” თუ კოალიციური მთავრობით?
– კოალიციური მთავრობა ყველა ვარიანტში. ოღონდ გააჩნია, კოალიცია ვისთან, რეალურ ოპოზიციური პარტიასთან თუ ჯიბის პარტიასთან. უფრო წვრილ-წვრილ ჯიბის პარტიებთან. ცხადია, რომ ეგენი ნაციონალებთან კოალიციაში ვერასოდეს შევლენ.
– საუბარია “ევროპულ საქართველოზე”, ანა დოლიძეზე, დავით უსუფაშვილზე.
– კი ბატონო, სწორედ თითოკაციანი პარტიები, რომ თქვან მერე, ევროპული მთავრობა გვყავსო. უსუფაშვილი, დოლიძე, კიდევ რამდენიმე თითოკაციანი პარტიები და გამოაცხადებენ, კოალიციური და ევროპული მთავრობა გვყავსო. ფორმალურად მართლები იქნებიან.
– რამდენად დააზარალა ოპოზიცია ერთმანეთის ლანძღვა-გინებამ ბოლო პერიოდში?
– სერიოზულად დააზარალა. არა მგონია, ლანძღვა-გინებამ სიკეთე მოუტანოს ან ერთ ან მეორე პარტიას.
– დაკარგეს რეიტინგი?
– ყოველ შემთხვევაში, ვერაფერი ვერ შეიძინეს.
– სასამართლოს, თადუმაძის და პროკურატურის სკანდალები სერიოზულად დააზარალებს “ოცნებას”?
– გაცილებით სერიოზული სკანდალია საჭირო, რომ სისტემა გადატყდეს. ეს ალბათ მოხდება ერთ მშვენიერ დღეს. იმიტომ, რომ ამ 7 წლის განმავლობაში იმდენი მარაზმი დაგროვდა, რომ ველოდები სერიოზულ აფეთქებას შიგნიდან. ვნახოთ, დაველოდოთ.
– რა თემა დაანგრევს “ოცნებას”?
– შიგნით იმდენი სიბინძურე დუღს, რომ ჩვენ ამის წარმოდგენაც კი გაგვიჭირდება. კანონზომიერად ეს აფეთქება უნდა გამოვიდეს. არ შეიძლება ამდენი ხანი ამდენი საშინელება, ამდენი რამე ჩააგდოს მთავრობამ და მერე კიდევ მესამე ვადით დარჩეს! ეს ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენია. საზოგადოება ელოდება რაღაც გადამწყვეტ მომენტს, რომ გამოვიდეს და “ოცნებას” უთხრას – არა!
– რა როლი დააკისრეს გახარიას, საუბრობენ, რომ მისი უფლებები საკმაოდ შეზღუდულია. ასეა?
– გახარიას დავალება მიღებული აქვს, მისი მთავარი ამოცანაა არჩევნების მოგება. აი, ეს არის მისი მთავარი ფუნქცია.
– შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას მომავალ მთავრობაში?
– ო, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ვნახოთ, რამდენად წარმატებით ჩაატარებს არჩევნებს. თუ არჩევნები წარმატებით ჩაატარა და შეინარჩუნა ივანიშვილის ერთგულება, რა თქმა უნდა, დარჩება.
ჯერჯერობით გახარია შეცდომებს არ უშვებს. ვნახოთ.