უკრაინის პოლიციამ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლა – მას უკავშირებენ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებას და გივი თარგამაძეზე თავდასხმას

უკრაინის პოლიციამ შოთა ჭიჭიაშვილი მოკლა - მას უკავშირებენ პეტრე ცისკარიშვილის გატაცებას და გივი თარგამაძეზე თავდასხმასუკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. კიევის რეგიონის პოლიციის ცნობით, შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.

„ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით“, – განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ.

მისივე თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა.

დაშავებულია ორი სამართალდამცველი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია უკვე შედგა.

„გიდასტურებთ, რომ გარდაცვლილი არის შოთა ჭიჭიაშვილი. საკითხზე კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან უკვე შედგა“, – აცხადებენ შსს-ში.

შოთა ჭიჭიაშვილი 2013 წელს ამნისტიის საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მანამდე შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 2003 წლის 24 ივნისს დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას მან პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

2004 წლის 21 იანვარს, მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

ჭიჭიაშვილს შეიარაღებულ ბანდიტურ დაჯგუფებებში მონაწილეობისათვის ქართველი სამართალდამცავები 1997 წლიდან ეძებდნენ. 2000 წლიდან იგი უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მას ადამიანების გატაცებებსა და მკვლელობებში ედებოდა ბრალი.
გამოძიების მტკიცებით, სწორედ მისი ორგანიზებულია ისეთი ცნობილი და გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს, ესპანელი ბიზნესმენების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისა და დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის გატაცება და პანკისის ხეობაში დატყვევება, ასევე გივი თარგამაძის აფეთქება.