“ვაცადოთ “ოცნებას”, რაიმე სისულელეს აუცილებლად ჩაიდენს”

“ვაცადოთ "ოცნებას", რაიმე სისულელეს აუცილებლად ჩაიდენს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს
– ბატონო თორნიკე, ნაციონალურ მოძრაობასა და “ევროპულ საქართველოს” შორის დაპირისპირება ღრმავდება. ასეთი შეფასებაც მოვისმინე, ივანიშვილი კარგად ახერხებს მათი დაპირისპირების გაღმავებასო.
– მე არა მგონია, ამაში ივანიშვილის ხელი ერიოს. მეორეც, რეალურად მათთვის უკეთესია თუ გაიყოფიან. პროპორციული არჩევნებია, ნულოვანი ბარიერია. რაც უფრო მეტი გაიყოფა, ეს უკეთესია იდეაში. ცალ-ცალკე მეტ ხმებს აიღებენ, ერთი აღებს თავის სეგმენტში, მეორე – თავისაში. თანაც დაპირისპირება ისეთ დონეზე მივიდა, რომ გაერთიანებამ შეიძლება უფრო აწყინოს სააკაშვილს და ბოკერიას.
– ღიად დაარტყა სააკაშვილმა ბოკერიას. რატომ გადავიდნენ ასე ღია დაპირისპირებაზე?
– ვეღარ მალავენ ეგენი ერთმანეთის მიმართ გრძნობებს. ეგ არის და ეგ. მათი ერთად ყოფნა ამ ეტაპზე ალბათ არ გამოვა. ფაქტია, რომ ერთმანეთი არ უყვართ.
– ადრეც არ ეხატებოდათ ერთმანეთი გულზე და ამის შენიღბვას ახერხებდნენ?
– ასე იყო. როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მარტო ბოკერია კი არა, ყველა მალავდა მის მიმართ რეალურ გრძნობებს. ახლა უკვე აღარ მალავენ ვიღაც-ვიღაცეები.
– ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ყველა ბიძინას წინააღმდეგ, თუმცა “ევროპულმა საქართველომ” არ გაიზიარა ეს მოწოდება. ორივე ძალას ლიდერობა უნდათ?
– ნაციონალურ მოძრაობაზე მეტს ვერ აიღებს ვერც ერთი სხვა ოპოზიციური ტიპის პარტია. აქედან გამომდინარე, “ევროპული საქართველოს” განცხადება, რომ ჩვენ მეტს ავიღებთ, ზღაპარს ჰგავს. თუმცა რა არის იმაში ცუდი, თუ გავლენ ცალკე და მერე გაერთიანდებიან პარლამენტში?!
– ამის შანსს ხედავთ? მაინც საერთო წარსული და მსგავსი ღირებულებები აქვთ.
– ეს ერთი ოჯახია, უბრალოდ დღეს განქორწინებაში არიან.
– დიდი შანსია, რომ თუ დაჭირდებათ, შერიგდებიან?
– შვილის გამო შერიგდებიან, მოდით, ესე ვთქვათ და ეს შვილი არის ხელისუფლება, ძალაუფლება.
– სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ძალიან მალე დაბრუნდება საქართველოში. მსგავს განცხადებებს ის ყოველი არჩევნების წინ აკეთებს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ამით აზიანებს ნაცმოძრაობას, რადგან ყოველ ჯერზე “ოცნება” ახალ ბუას ქმნის სააკაშვილის სახით. ასეა?
– მისი დაბრუნების არავის ჯერა, არც მის მომხრეებს და არც მოწინააღმდეგეებს. რამდენჯერ უნდა თქვას, ვბრუნდებიო, დავიღალეთ უკვე. თუ ჰგონია, რომ არ ჩასვამენ, ძალიან ცდება.
– სწორედ ამიტომ საუბრობენ, რომ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს მისი განცხადებები და ეჭვებიც ამიტომ ჩნდება.
– რაც არ უნდა თქვას მან, თავი რომ სულ ქრისტედ გამოაცხადოს, მისი მომხრეები ხმას მაინც მისცემენ. ეს სულ ერთია მისი მხარდამჭერებისთვის.
– ყველაზე დიდ ქრისტიანად მოგვევლინა უკვე.
– ამიტომაც გითხარით, თავი რომ ქრისტედ გამოაცხადოს, მომხრეებს არ დაკარგავს. ამიტომ არც ეს განცხადებები აზარალებს.
– მაინც რას ემსახურება მისი განცხადებები, საკუთარ მომხრეებს ახსენებს თავს?
– შესაძლოა, ამით “ოცნების” გაგიჟება და მისი პროვოკაციაზე წამოგება უნდა. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ძალიან დიდი ხანია, აქ არ ყოფილა და აქ რა ხდება, ისე კარგად ვერ გრძნობს. აშკარად მოწყვეტილია აქაურობას და ცოტა არაადეკვატურიც იყო მისი განცხადებები.
– რას ელოდებით დანარჩენი ოპოზიციისგან?
– მართალი გითხრათ, დანარჩენი ოპოზიციისგან ჯერჯერობით ვერაფერს სერიოზულს ვერ ვხედავ. ვერ განვიხილავ სერიოზულად მაინცდამაინც ვერავის.
– ხაზარაძეს?
– ხაზარაძეს ცნობადობა ძალიან დაბალი აქვს, პოპულარობა არც ისე მაღალი, რადგან აქ ბანკირები არ უყვართ და მე ეჭვი მაქვს, რომ როგორც კი მოინდომებს ფულის დახარჯვას, მაშინვე პროკურატურაში დაუძახებენ.
– კვირიკაშვილიც გამოჩნდა ბოლო დღეებია, ეკა ბესელიასაც შეხვდა.
– კვირიკაშვილის გაქტიურებას ვერ ვუყურებ სერიოზულად. ვთქვათ, შემობრუნდა პოლიტიკაში, ვისთან ერთად უნდა იყაროს კენჭი?!
– თუნდაც ხაზარაძესთან.
– ვთქვათ, მივიდეს ხაზარაძესთან და რა მერე? რა იქნება მათი მესიჯი, რომ ბიძინას ვემსახურებოდი და ვცდებოდი?! რა უნდა თქვას, რით უნდა იმართლოს თავი, საინტერესოა ძალიან. ჯერჯერობით საინტერესო არაფერი ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. თუმცა დრო ჯერ კიდევ აქვთ.
– რა გამოდის, “ოცნების” ხელშია ისევ ბურთი და მოედანი?
– მოედანი ნამდვილად არის და ბურთი არ ვიცი. ვაცადოთ “ოცნებას”, რაიმე სისულელეს აუცილებლად ჩაიდენს. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს ახალი სისულელისთვის. ამ ეტაპზე ვერც ოპოზიცია ყოჩაღობს.
– რა აკლია დღეს ოპოზიციას, რომ ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვოს?
– ფული პირველ რიგში და სერიოზული მენეჯერები აკლია.
– გრიგოლ ვაშაძე ვერ შველის ნაციონალურ მოძრაობას?
– ვაშაძე მენეჯერი არ არის, ეს ერთი და მეორეც, მე რასაც ვუყურებ, ის ამ ყველაფრით დაიღალა. შევხედოთ აბა, ახლა რას იზამს, თუ გაეხსნება მეორე სუნთქვა.