60 წლის ელგუჯა ხარაიშვილი 14 წლის მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

60 წლის ელგუჯა ხარაიშვილი 14 წლის მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავესგარყვნილი ქმედების ბრალდებით სკოლის პედაგოგი დააკავეს. შემთხვევა ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური აქტის დამყარებას ცდილობდა.

60 წლამდე პედაგოგმა საკუთარ მოსწავლეს სთხოვა, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ  საკლასო ოთახში დარჩენილიყო. დაზარალებულის თქმით, მარტო დარჩენის დროს პედაგოგი მას ინტიმურ ადგილებზე შეეხო, რაც არასრულწლოვანმა ძალადობად აღიქვა, სკოლის ადმინისტრაციას წერილობით მიმართა და ფაქტზე მოკვლევის დაწყება მოითხოვა.

განცხადების დაწერიდან ერთ კვირაში დააკავეს ელგუჯა ხარაიშვილი.

ბრალდებულის ოჯახის წევრების თქმით, დანაშაულის ეს ისტორია არ არის ნამდვილი და მოგონილია. მათ არგუმენტად  მოზარდსა და მასწვალებელს შორის ნათესაური კავშირი მოჰყავთ.

ოჯახის წევრების თქმით, სკოლის დირექტორი განცხადების მიღების შემდეგ, ბრალდებულს აიძულებდა  სამსახური დაეტოვებინა, რომ ინფორმაცია არ გახმაურებულიყო და საზოგადოების ყურამდე არ მისულიყო.

ელგუჯა ხარაიშვილის მეუღლის მტკიცებით, მისი მეუღლე პირდაპირ დააკავეს და არანაირ დაკითხვას ადგილი არ ჰქონია.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოზარდმა მასზე ძალადობის შესახებ ორჯერ, ჯერ ზეპირი, შემდეგ კი  წერილობითი განცხადებებით მიმართა. მოზარდი მასწავლებლის მხრიდან ინტიმურ ადგილებზე ხელით შეხებაზე საუბრობდა.

დირექტორის განმარტებით, მსგავსი ქმედება  მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევაა. დირექტორის თქმით, მან შესაბამის ორგანოებს მიმართა.

დაზარალებულის ოჯახს ამ დანაშაულზე საუბარი არ სურს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.