ანზორ აბრალავა – “ქრისტიანად მოქცეულ” სააკაშვილს არჩევნებისთვის უნდა გამოეყენებინა მრევლი”

ანზორ აბრალავა - "ქრისტიანად მოქცეულ" სააკაშვილს არჩევნებისთვის უნდა გამოეყენებინა მრევლი"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
აქტუალურ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.
– “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ყოველდღე იმეორებენ, რომ ივნისში ნაცმოძრაობას დაგეგმილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემოდგომაზე კი – საეკლესო გადატრიალება. მათი თქმით, საქართველო ორივე რევოლუციას გადაურჩა. ამ განცხადებებს საფუძველიც რომ ჰქონდეს, ხალხს ასეთი პროპაგანდის აღარ სჯერა.
– პირადად ადრე ბევრჯერ მისაუბრია სააკაშვილისა და მისი პარტიის მცდელობებზე, მოეწყოთ ვარდების ახალი რევოლუცია. წინა წლებში ეს მცდელობები ჩავარდა. შეიძლება, ნაციონალური მოძრაობის თემა გაცვდა. როგორც ვატყობ, ასეთია ჩანაფიქრი – ყველა დავიღალოთ ამ თემით და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე აღარ ვილაპარაკოთ. რაც შეეხება “ქართული ოცნების” ამ განცხადებებს, ისინი უსაფუძვლო სულაც არ არის.
– ეკლესიაზე შეტევაც ნაცმოძრაობის მოწყობილია?
– ამას ადასტურებს ფაქტების ქრონოლოგია. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ასპარეზზე გვყავს ანტისახელმწიფოებრივი რევანშისტული ძალები.
ამ ძალებმა კიდევ ერთი რევანში ივნისში სცადეს. ისინი საეკლესიო პროცესების ორგანიზატორები იყვნენ. გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ ამას. სააკაშვილი გამოგვეცხადა ეკლესიურ ადამიანად. ეტყობა, საკუთარ თავს შთააგონა, რომ მოექცა, სავლე იყო და პავლე გახდა. ბოკერიაზე სიმართლე თქვა, მაგრამ ის არ გახსენებია, რომ თვითონ, ბოკერია, უგულავა და სხვები ერთად ებრძოდნენ ეკლესიას, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ისინი უვარდებოდნენ იერარქებს საპატრიარქოში, შედიოდნენ ეკლესიების საკურთხევლებში. ზოგიერთი მათგანი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური (ან ორივე ერთად) თრობის ქვეშ იმყოფებოდა ეკლესიის ეზოში.
ეს კადრები მთელმა საქართველომ ნახა. მებრძოლი ათეისტი სააკაშვილი უცებ გარდაისახა მართლმადიდებლობის დამცველად. ცოტა ხანში არენაზე გამოჩნდა პეტრე ცაავა, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქია ებარა. სააკაშვილმა გამოიყენა პეტრე.
– რა მიზნით?
– ჩაფიქრებული იყო, რომ “ქრისტიანად მოქცეულ” სააკაშვილს არჩევნებისათვის გამოეყენებინა მრავალრიცხოვანი მრევლი. თუ პეტრე ცაავას სათქმელი ჰქონდა, აქამდე სად იყო? ადრე ეთქვა სათქმელი. ის გამოიყენეს, როცა დასჭირდათ დროსა და სივრცეში, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ.
დღეს პეტრე კიდევ აკეთებს განცხადებებს, მაგრამ ის აშკარად შეშინებულია. მცირერიცხოვანი ამფსონების გარდა, არავინ ჰყავს. იგი ხვდება, რომ თავდასხმები ჩაუფლავდა.
ხალხის ურწმუნობას დაუსჯელობა იწვევს. ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს ნაცმოძრაობის წარსულ დანაშაულებზე, ასევე რევანშისტულ მცდელობებზე, მაგრამ პასუხს არავის აგებინებს. ეს საზოგადოებას აღიზიანებს. თუ ადამიანი დამნაშავეა, მის დანაშაულზე წლები კი არ უნდა ილაპარაკო, კანონის შესაბამისად ზომები უნდა მიიღო!
ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო” უმთავრეს ოპოზიციად არიან გამოცხადებული, სხვა სოციალურ ჯგუფებს, ინდივიდებს, ქვეყანაზე გულშემატკივარ ადამიანებს, სატელევიზიო ტრიბუნა დახშული გვაქვს. “ახალი თაობისნაირი” თავისუფალი გაზეთები ბედნიერი გამონაკლისია. ნაცმოძრაობასა და ევრონაცებს ბოლო ხანს ეკრანებზე მიემატნენ ასევე პრივილეგირებული ბიზნესჯგუფები.
– პოლიტიკაში მოსული ბიზნესჯგუფები?
– რასაკვირველია. საეჭვო წარსულის მქონე საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები აქტიურად შემოდიან პოლიტიკაში. ტელევიზიებს ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ და ამ ბიზნესმენებს რეკლამას უკეთებენ. არავის აინტერესებს, აქვს თუ არა ამ ხალხს ინტერესთა კონფლიქტი და როგორ გახდნენ ბიზნესმენები.
– რას გულისხმობთ?
– მსხვილ ბიზნესმენებს, რომლებმაც ფული საქართველოში იშოვეს, მძიმე წარსული აქვთ. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა დირექტორები მყისიერად გახდნენ მეწარმეები და ბანკირები. იმ წლებში მოხდა დიდი ქონების მიტაცება. ახლა ბევრი დანაშაული ხდება ქონებისა და ფულის ნიადაგზე, რაც, უმეტესად, იმ წლების გამოძახილია.
– ანგარიშსწორების შემთხვევებზე საუბრობთ?
– რა თქმა უნდა. ქონების არასწორი გადანაწილებისა და მიტაცების გამო დაჩაგრული ადამიანები მიმართავენ შურისძიებას. ბევრი ასეთი მძიმე ფაქტი ვერ ხვდება ხალხის ყურადღების არეში. ეს ახალი ბიზნეს-პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს ვერ მოერევიან.
– ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ობიექტების გაყიდვას რას უკავშირებთ?
– ჩემი ვარაუდით, იგი იწყებს ბიზნესის სოციალიზაციას. ალბათ, ეს იქნება ამ ობიექტების აქციონირების ხელშეწყობა. (სახელობითი, დროებითი აქციები), აქციების გატანა საფონდო ბირჟაზე.
უბედურება ისაა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ნაცმოძრაობა და “ევროპული საქართველო” მის მიმართ სიძულვილის ენას გამოიყენებენ.
– ეს პარტიები სიძულვილის ენას იყენებენ?
– ბოკერია ყოველთვის იყენებდა ზიზღის ენას. რამდენიმე წელიწადია, მას დაემსგავსა რომან გოცირიძე. ამ მესმის, რამ ააცუნდრუკა ასაკით უფროსი კაცი?! ჯობია, საკუთარ წარსულს მიხედოს! ეს პოლიტიკოსები სხვებს ასწავლიან, რომ სიძულვილის ენა არ გამოიყენონ, ამ დროს თვითონ სულ ზიზღს აფრქვევენ.
– მმართველ პარტიას აქვს ამბიცია, აიღოს 60% 2020 წლის არჩევნებზე. ვის აშინებენ ან აიმედებენ ამ ციფრით?
– ეს საარჩევნო ტაქტიკაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა დავუთმოთ. ვისაც უნდა, თავისი გეგმა გამოაცხადოს. მაგალითად, ბოკერიას შეუძლია თქვას, რომ მისი პარტია 80%-ს აიღებს. მთავარი პრობლემა განცხადებები არაა, პრობლემა უთანასწორო გარემოა. პარტიას უნდა ჰქონდეს ტრიბუნა და საკუთარი ხმების დაცვის საშუალება.
– საზოგადოების უდიდეს ნაწილს ბოკერიას “ევროპული საქართველო” “ქართული ოცნების” კონკურენტად არ მიაჩნია. ადამიანები ამ პარტიებს შორის გარიგებაზე ლაპარაკობენ.
– პოლიტიკა დიდი თეატრია და არ არის გამორიცხული, რომ ბოკერიას მასში თავისი როლი ჰქონდეს მიკუთვნებული. სხვანაირად, ის და თავისი გარემოცვა ასეთ პატივში არ ეყოლებოდათ.
მუდმივი კავშირი მაქვს ევროპელ კოლეგებთან. ევროპელები ამათზე ამბობენ, რომ ასეთ ოდიოზურ ხალხს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ბოკერია და თავისი ამფსონები თვითონ უყრიან საკუთარ თავს ჭორებს იმაზე, თითქოს მენეჯმენტი იციან, განათლებულები და პროგრესულები არიან. არადა, ბრეჟნევს ჰგვანან.
– რატომ ბრეჟნევს?
– ბრეჟნევის დროს რასაც ჩართავდი, ყველგან ის იყო. ახლა ყველგან ბოკერია და მისი პარტიაა.
– პარასკევს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გადის ახალი ქართულ-შვედური ფილმი “და ჩვენ ვიცეკვებთ” გეიწყვილზე. საზოგადოების ჯგუფები აპირებენ ჩვენების ჩაშლას.
– რეჟისორებს აქვთ უფლება გადაიღონ ფილმები ჰომოსექსუალებზე, მაგრამ საზოგადოებაში არიან სხვა ჯგუფებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. ისინი უფრთხილდებიან თავიანთ შვილებს. თუ ერთ მხარეს აქვს სიტყვის თავისუფლება, მეორეს რატომ არ უნდა ჰქონდეს? ზოგს თავისუფლება ჰგონია ჰომოსექსუალიზმის, პროსტიტუციისა და ნარკომანიის რეკლამირება.
ესაა ქაჯობა და გოიმობა. საქართველო არც ამგვარი თავისუფლებაა და არც – როსტომ ხანის დროინდელი კინტოს ფსიქოლოგია.