ბაჩუკი ქარდავა – “კალაძის აქცენტები “ოცნების” უგუნური განცხადებებისგან დადებითად განსხვავდება”

ბაჩუკი ქარდავა - “კალაძის აქცენტები “ოცნების” უგუნური განცხადებებისგან დადებითად განსხვავდება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბაჩუკი, თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ “ოცნება” მთავრობას მარტო ვერ დააკომპლექტებს. მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე მიიჩნევენ, რომ არავის დახმარება არ დასჭირდებათ. რატომ აქვთ განსხვავებული აზრი?
– ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს თავისი პარტიის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან პოზიციების არალოგიკური თანხვედრა აქვს. ჩვენ ვხედავთ, რუსული პოლიტიკა როგორი დიდი ნაკადით შემოედინება საქართველოში, როგორ ყოველდღიურად იზრდება რუსული გავლენები. ამიტომ, ჩუგოშვილი როცა ამბობს, რომ ივანიშვილი პროდასავლურ ძალებთან შექმნის კოალიციას, ან თავს იტყუებს ან პოლიტიკური გამოცდილება არ ჰყოფნის მიხვდეს, რომ ივანიშვილი არ არის პროდასავლური პროექტი.
მე საერთოდ გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაღაც ტიპის კოალიციაზე იფიქროს, არათუ შექმნას. არ მგონია, რომ “ოცნება” იყოს იმ პოლიტიკურ ძალთა ჩამონათვალში, რომელთაც ექნებათ შანსი, კოალიციური მთავრობა დააკომპლექტონ, თუნდაც პრორუსულ პარტიებთან რაღაც შეკოწიწების შემთხვევაშიც კი.
– მაშინ ოპოზიცია უნდა იყოს ძლიერი და მოწოდების სიმაღლეზე. დღეს თქვენ ხედავთ ამ რესურსს ოპოზიციაში?
– დიახ, მე გეთანხმებით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. დიახ, ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელია, მაგრამ ამაზე მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული დაიწყო და დღესაც გრძელდება. ხდება ოპოზიციური პროდასავლური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რომლის მიზანიცაა ერთიანი ფრონტით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არჩევნებზე. ეს დიდი ერთობა ნამდვილად არსებობს და ამას საზოგადოება იხილავს არჩევნებზე.
– არჩევნებზე ყველა ოპოზიციური პარტია შეძლებს გაერთიანებას?
– გარკვეული პოლიტიკური პარტიები შეიძლება დამოუკიდებლად გავიდნენ, მაგრამ თანამშრომლობა გარდაუვალია.
8 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი ხედავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოატყუა. ხალხი იტანს შიმშილს, გაუსაძლის პირობებს, უმუშევრობას, სიდუხჭირეს, მაგრამ არის რაღაც ისეთი, რასაც ქართველი ვერასდროს აიტანს – სახელმწიფო უკან მიდის, ჩამოშლის პირას არის ეკონომიკურადაც და ინსტიტუციონალურადაც.
20 ივნისის შემდეგ არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ილუზია, რომ ხელისუფლებაში დარჩება და ამ პოლიტიკას გააგრძელებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და არა – ოპოზიცია. ხალხის განწყობა კი ნამდვილად არ არის სახარბიელო ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიმართ.
– “ოცნებაში” არაერთგვაროვან პოზიციებს ისინი თავისუფალი აზროვნებით, შიდა დემოკრატიით ხსნიან. თქვენთვის ეს რაზე მიანიშნებს?
– გუნდური დემოკრატია კი არა, კარგა ხანია, “ქართული ოცნების” გუნდის რღვევა დაიწყო, რაც სრულიად არ მიკვირს.
საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველა ხელისუფლების წასვლის წინაპირობა იყო გუნდის რღვევა, შიდა რღვევის დაწყება. ამ შემთხვევაშიც სწორედ ეს გვაქვს სახეზე. “ოცნებაში” შიდა რღვევის პროცესი რომ გრძელდება, ამას პოლიტიკური თვალი სულაც არ სჭირდება. ღიაა ყველაფერი, ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი.
– კალაძე ამბობს, რომ მეორე ვადით არ აპირებს თბილისის მერობაზე კენჭისყრას. დიდი პოლიტიკური გეგმები შეიძლება ჰქონდეს?
– დიახ, კახა კალაძეს აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები.
– დამოუკიდებლად?
– რა თქმა უნდა. როგორც პიარის კუთხით, ისე მის პოლიტიკურ სვლებს, მის პოლიტიკურ განცხადებებს ეს აშკარად ეტყობა, რომ მას ამ ტიპის ამბიცია და გეგმები ნამდვილად აქვს.
ერთი რამით ნამდვილად ხასიათდება კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს და მე მას ვერ მივესალმები, როგორც თბილისის მერს, მისი პოლიტიკური განცხადებები აშკარად განსხვავდება “ქართული ოცნების” უგუნური, გაუწონასწორებელი განცხადებებისგან.
– რას გულისხმობთ?
– კალაძე ხშირად საკმაოდ საინტერესო აქცენტებს აკეთებს, როგორც პოლიტიკოსი. მას ხშირად აქვს განსხვავებული, თითქოს “ოცნების” ხაზიდან ამოვარდნილი განცხადებები.