ბაჩუკი ქარდავა – “ოცნებას” ახლა 5%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნება”

ბაჩუკი ქარდავა - “ოცნებას” ახლა 5%-ზე მეტი რეიტინგი არ ექნება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. ინტერვიუ ჩაწერილია მანამდე, სანამ კახა კალაძე გამოაცხადებდა, რომ ”ქართული ოცნება” არჩევნებს ძველი სისტემით ჩაატარებს.
– ბატონო ბაჩუკი, როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური პროცესები დასრულდეს? ხელისუფლება არ აპირებს არანაირ დათმობაზე წასვლას.
– ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე ბუნებრივია ახლავე ვისურვებდი ხელისუფლების გადადგომის ფონზე პროპორციული, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, მაგრამ შეიძლება ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდეს, მაგრამ გეუბნებით, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ეს აუცილებლად მოხდება.
ის პროცესები, რომლებიც დღეს თბილისის ქუჩებში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით ხდება, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა, მან ძალაუფლება უნდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ლეგიტიმურობის ჩარჩოდან არის გასული. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალას ეყრდნობა, ფაქტიურად არ არის ხალხის ხელისუფლება და ხალხის ნებას არ წარმოადგენს.
– ასე არ ფიქრობს ხელისუფლება.
– რომ არ ფიქრობს, ამიტომაც არის დრო საჭირო, ის აუცილებლად მივა ამ დასკვნამდე. დამერწმუნეთ, სხვა ალტერნატივა და არჩევანი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. ეს ხელისუფლება გასტუმრებულია.
პრორუსული ხელისუფლება საქართველოში ხელისუფლებას ვერასდროს შეინარჩუნებს. 21-ე საუკუნეა, ადამიანებს უკან კი არ უნდათ წასვლა, წინ უნდათ, ეს ხელისუფლება კი უკან გვექაჩება. არ გამოუვა.
საქართველოშო ორ ვადაზე მეტ ხანს არც ერთი ხელისუფლება არ დარჩენილა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ცდილობს “ოცნების” ხელისუფლება ხალხის არჩევანის გარეშე, ისე, რომ ხალხს სამართლიანი არჩევნები წაართვას. ამაშია მთელი პრობლემა.
ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მას საქართველოში ყველაფერი გაუვა. გაუვა პარლამენტის გაუქმება, გაუვა ის, რომ ქართველ ხალხს მოუწყობს გავრილოვის ღამეს, გაუვა ის, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, გაუვა ახალგაზრდების დაჭერა და ციხეში გაშვება. ეს არავის გასვლია საბჭოთა კავშირის შემდეგ საქართველოში და არც მას გაუვა.
– ექსპერტები ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებას უფრო აწყობს, ვიდრე ოპოზიციას. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
– წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან. როგორ აწყობს გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” ვადამდელი არჩევნები, მით უფრო ამ ფონზე, არ მესმის?! სოციოლოგიური კვლევები, ხალხის განწყობა იმაზე მეტყველებს, რომ “ქართული ოცნება” გაბანკროტებულია.
– ჯამში მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ოპოზიციას, ვიდრე “ოცნებას”, თუმცა…
– დიახ და სწორედ “ქართული ოცნების” კატასტროფული რეიტინგი ნახა ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ დაიხია უკან. ნახეთ ბიძინა ივანიშვილის პიროვნული რეიტინგი. ის ხალხს აშკარად სძულს.
ამ გადაგდების შემდეგ, რაც უკან წაიღო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება, ახალი კვლევები რომ ჩატარდეს, დარწმუნებული ვარ, “ოცნებას” 23% კი არა, 5% არ ექნება. ხელისუფლება პოლიციელებისა და რობოკოპების ამარა დარჩა. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება და ის კიდევ ერთხელ შეეცდება ქართველი ხალხის დათვლას, ეს პოლიცია მას არ გაყვება.
– ბრიუსელში იყვნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. რა ინფორმაცია ჩამოიტანეს?
– ერთი ჯგუფი უკვე დაბრუნდა. თუმცა, ევროპის სხვადასხვა უწყებებთან შესახვედრად რამდენიმე დელეგაციაა წასული.
– ვინ არიან?
– ერთ-ერთი გრიგოლ ვაშაძეა და სხვა წარმომადგენლები. ევროპა ძალიან პრინციპულია. ძალიან უარყოფითად არის შეფასებული ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება, ხალხის გადაგდება.
ევროსაბჭო და ევროკავშირი, ჩემი ინფორმაციით, ძალიან აქტიური გახდება სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუბრუნდნენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას და ეს დაპირება შეასრულონ.
– რამდენად წავა ამაზე ხელისუფლება?
– მოუწევს. მას ეუბნებიან არა მხოლოდ პროპორციულთან დაკავშირებით შეასრულოს დანაპირები, არამედ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზეც. ეს ხელისუფლება დასრულებულია. მას მხარდაჭერა არ აქვს არც გარეთ და არც შიგნით.