ბექა კვიციანი პოლიციას ემზარ კვიციანმა ჩააბარა – “სააკაძის ძეგლთან ვიპოვე, იცინოდა და არაფერი არ ახსოვდა”

ბექა კვიციანი პოლიციას ემზარ კვიციანმა ჩააბარა - "სააკაძის ძეგლთან ვიპოვე, იცინოდა და არაფერი არ ახსოვდა"“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი ირწმუნება, რომ 36 წლის ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული ბექა კვიციანი პოლიციას თავად ჩაბარდა. 26 წლის წარსულში ნასამართლევი ახალგაზრდა, პარლამენტის წევრის ძმისშვილია.

ემზარ კვიციანი აღნიშნავს, რომ ბექა კვიციანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს.

“ჩაბარდა ჩემი ძმისშვილი. მე მივეხმარე ჩაბარებაში. აზრზე არ არის რა მოხდა, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქში დავდიოდი და ვიპოვე. ბოლო დროს არაადეკვატური იყო. სააკაძის ძეგლთან ვიპოვე. არაფერს ჰყვება, იცინის. ისიც არ იცის, ვინ არის გარდაცვლილი. არ ახსოვს არაფერი. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მაგას ჩასვამენ და უმკურნალებენ. ახალგაზრდები ამ ბოლო დროს ხომ მწყობრიდან არიან გამოსულები. ეს უბედურება, რომელიც ჩემს ოჯახს ეწვია, ყველა ოჯახს ეწვევა, თუ ერთად არ დავდექით და თუ არ შევაწყვეტინეთ ამ წამლის გაყიდვა ქვეყანაში. როგორც ასეთი ნარკოდამოკიდებული არ არის, ნემსებს არ იკეთებს, მაგრამ ტაბლეტებს რომ სვამენ, იმას მოიხმარს. პრაქტიკულად მაღალჩინოსანს ჩავაბარე. ეს უბედურება რაც აგვეკიდა ოჯახს, მივხედავთ, აბა რას ვიზამთ. ცხოვრებაში ერთმანეთზე მაღალი ხმა არ აქვთ ამოღებული, ბავშვებიდან ერთად იყვნენ. გაოგნებულია მთელი ოჯახი, უბანი, თვითონ დაზარალებულის ოჯახიც, საცოდავები, ამისთანა კაი ბიჭი დაკარგეს, სამი შვილის მამა, ისეთი კარგი პიროვნება”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა “ფორმულასთან”.

ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი გუშინ დააკავეს.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ნოდარ ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია ჰქონდა და ის მანქანაში ჩაისვა.

ჩვენი ინფორმაციით, ბექა კვიციანი მეგობარს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.

ცნობისთვის, ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე 4 დღის წინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიუპოსტი