“ბოკერია, როგორც თავის ძმაკაცთან, ისე დადის ივანიშვილთან შეხვედრებზე”

“ბოკერია, როგორც თავის ძმაკაცთან, ისე დადის ივანიშვილთან შეხვედრებზე”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გასაქცევად? რატომ ყიდის ქონებას? იქნება თუ არა ივანიშვილის მემკვიდრე გიგა ბოკერია? ამ და სხვა საინტერესო თემებზე “ახალ თაობას” ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– ლადო, რა ხდება, რა სიტუაციაა ქვეყანაში? კარგავს “ოცნება” გავლენებს თუ პირიქით, ცდილობს, რომ მეტი გავლენა მოიპოვოს?
– რაც შეეხება ბოლო პერიოდის პროცესებს, ერთის მხრივ იგრძნობა, რომ ივანიშვილი ეკლესიაზეც ცდილობს გავლენის მოპოვებას და ზოგადად ცდილობს მესამე ვადით მოსვლას, მაგრამ ივანიშვილის ერთმა განცხადებამ ძალიან დამაეჭვა.
– რომელ განცხადებას გულისხმობთ?
– მან განაცხადა, რომ ყიდის პარაგრაფს, ყიდის თბილისი პანორამას და ზოგადად ყველა იმ პროექტებს ყიდის, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი იყო საქართველოში.
– და რა ხდება, რატომ გადაწყვიტა, რომ გაყიდოს?
– მე გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს ადამიანი წასასვლელად ემზადება.
– ანუ ფონს იმზადებს, ყიდის ქონებას და, თუ დასჭირდა, წავა?
– დიახ. აი ამას ვგულისხმობ მე ზუსტად. როდესაც ადამიანი დარწმუნებულია თავის თავში, როდესაც ადამიანი თავიდან ბოლომდე მორგებულია სიტუაციას, ის ადამიანი ასეთ გაუგებარ განცხადებას არ გააკეთებდა.
– ბერა ივანიშვილი მიდის ბრაზილიაში. რისთვის ემზადება ეს ოჯახი?
– ბრაზილია ზოგადად ისეთი ქვეყანაა, რომელიც იფარებს მილიარდერებს, როდესაც მათ გასაქცევად აქვთ საქმე.
– ხომ არ მიუთითა დასავლეთმა, რომ არ გამოვა მესამე ვადით და უნდა წახვიდე?
– ზუსტადაც რომ! ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენა არ არის ასე მარტივი.
– ჯერ არ გვყოლია ხელისუფლება, მესამე ვადით რომ დარჩენილიყოს.
– ზუსტად მაგის თქმა მინდოდა, რომ მიუთითეს. როდესაც ერდოღანმა დააპირა მესამე ვადით მოსვლა და მოვიდა, ამერიკამ მას რევოლუცია მოუწყო. არ ვიცი, რამ უშველა ერდოღანს, რომელიც იძულებული გახდა, პოლუსი შეეცვალა და რუსეთისკენ გადახრილიყო.
თუ საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაგეგმილ მესამე ვადაზე, ამერიკის გამწვანებით ეს საქმე ვერ გამოვა. გამორიცხულია, რომ დასავლეთმა მესამე ვადით მოსვლაზე დართოს ნება. თუ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მესამე ვადით დარჩენა, მას მოუწევს რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და რუსეთისგან მწვანეს ანთება. თუ ამერიკა არ გინთებს მწვნეს და რუსეთი გინთებს, მაშინ გადადიხარ რუსულ ვექტორზე. მე ადრეც მითქვამს, რომ ერდოღანიზაციის გზას დაადგა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.
კახი კალაძეა დღეს ყველაზე პოპულარული მათი გუნდიდან და ეს ძალიან აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს. პატრიარქზეც სწორედ ამიტომ მიიტანა იერიში, რომ ხალხს ის უფრო უყვარს.
ამ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფრის ბრალეულობა უნდა ვეძიოთ “ქართულ ოცნებაში”. მის უშიშროებაში, მის ბოსებში. ამ ქვეყანაში მონასტერი აირია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საპატრიარქოში პრობლემაა და იქ პეტრემ რაღაცა “გააჩმახა”?! პეტრემ თუ “გააჩმახა”, ეს ყველაფერი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების ბრალი და სწორედ ბიძინა ივანიშვილის დანაშაულს ვხედავ ამაში.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ პეტრეს უსმენდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ადამიანს ეს აზრები ჰქონდა.
– გამოიყენეს სათავისოდ?
– რა თქმა უნდა! ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ და უშიშროებას ძალიან მარტივად შეეძლო ეს ადამიანი გაენეიტრალებინა, მაგრამ მისცეს იმის საშუალება, რომ მას “თავი გამოეჩინა” და ეთქვა, რაც უნდოდა.
– ანუ ორი კურდღლის დაჭერა სცადა “ოცნებამ”, მეუფე პეტრეც მოიშორა და დაარტყა პატრიარქსაც?
– ზუსტად რომ ასე იყო. თან ყველაზე საინტერესო რა იყო, რომ ამ დროს პრემიერი ქვეყანაში არ იმყოფება, ვერავინ ეჭვს ვერ მიიტანდა, ვერავინ იფიქრებდა, თუ იქ რაღაც მოხდებოდა. გახარია ერდოღანს ხვდებოდა მაგ დროს. ხელისუფლებას შეეძლო დადებითი სურათი დაედო, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლომდე მიუშვა პეტრე და გააკეთებინა ის, რომ მთელი ერი ამ დღეს იყო პაატა ცაავს გინებაში.
– ბინძური საქმე გააკეთეს მისი ხელით?
– რა თქმა უნდა და ამით პატრიარქს დაარტყეს. მე რომ გამოვიდე და ვიღაცას ხმამაღლა ვუთხრა, შე მამათმავალო-მეთქი, თუნდაც ეს ვერ დავუმტკიცო, ეს არის იმ ადამიანზე ძალიან დიდი ლაფის დასხმა. შესაბამისად, პატრიარქის რეიტინგი, ძალაუნებურად, დროებით მაინც, აუცილებლად დაიკლებს.
ეს იყო ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის გეგმა. მათ ისეთი გარემო შექმნეს, რომ პატრიარქი ელანძღათ და მისი უძლეველი რეიტინგი შეერყიათ. პირველად ეს მცდელობა იყო ციანიდის საქმის დროს და ახლა უკვე მეორედ, როდესაც ვიღაცა ადამიანი გამოდის და ცოცხალ წმინდანზე, ცოცხალ სიკეთეზე ამ სიბინძურეს საუბრობს.
– ივანიშვილს თუკი არ აქვს იმედი, რომ მესამე ვადით დარჩება, როგორ მოახერხებს ხელისულების გადაბარებას? ის დატოვებს მემკვიდრეს, როგორც ეს შევარდნაძემ გააკეთა თუ მთლიანად ხელს აიღებს ამ პროცესზე?
– როგორც წესი, კარგი მენეჯერები ასე არ იქცევიან, რომ დატოვონ და წავიდნენ. ყოველთვის ჰყავთ შერჩეული ისეთი ადამიანები, რომლებიც წასვლის შემდეგ მას მიწასთან არ გაასწორებენ.
თავის დროზე სააკაშვილი შეეხო ყველას, გარდა შევარდნაძისა. ვინმე ეგეთს დატოვებს ივანიშვილიც, თუ გადაბარების თემა დადგება დღის წესრიგში.
– ვინ მოიაზრება ასეთად შიდა წრეებში?
– ბოლო პერიოდია, ძალიან დიდი გასაქანი აქვს გიგა ბოკერიას. ის, როგორც თავის ძმაკაცთან, ისე დადის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრებზე. ჩემი ინფორმაციით, გიგი უგულავაც დადის ბოლო პერიოდია, ივანიშვითან შეხვედრებზე და საკმაოდ მჭიდროდ არიან შეხმატკბილებულები. ყველაფერში რომ ამხელა კარტბლანში ჰქონდეს პარტიას, ასე მარტივად არ ხდება.
– რას გულისხმობთ?
– თავიდან, პატრიოტთა ალიანსი რომ გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე, ვფიქრობდი, რომ სწორედ პატრიოტთა ალიანსი იყო ის სატელიტი, რომელსაც ყველა მთავრობა აკეთებს ხოლმე ხელოვნურად, რომ ჰყავდეს მართული ოპოზიცია.
აღმოჩნდა, რომ პატრიოტთა ალიანსი ივანიშვილს სჭირდებოდა როგორც ნიღაბი, რეალურად კი მისი სატელიტი “ევროპული საქართველოა”. ამ შემთხვევაში, ეტყობა, კარგი პოლიტიკური მრჩეველი გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილს. შევარდნაძეს ასეთ სატელიტად ასლან აბაშიძე და “აღორძინება” ჰყავდა, არადა ყველას მისი ოპოზიცია ეგონა აბაშიძე. სინამდვილეში ამ ორ პარტიას ჰქონდა გადანაწილებული ხელისუფლება.
სააკაშვილმა შექმნა ქდმ და ვითომ ის იყო ოპოზიცია.
“ქართულმა ოცნებამ” როდესაც პირველი საპარლამენტო ვადა ჩაატარა, ბიძინა ივანიშვილმა მიჰყო ხელი ყველას ყიდვის პრინციპს. ვინც კი გაიყიდა, ყველანი იყიდა. ბოკერია ივანიშვილს მიყიდულია და ამას ბევრი პირშიც ეუბნება.
– ზოგი არც იმ ვარიანტს გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ბოკერიას პარტიასთან ერთად შექმნას კოალიცია და ევროპული იმიჯის მოირგოს.
– არ სჭირდებათ. ბიძინა ივანიშვილი ყველაზე კომფორტულად იქნება, თუ ბოკერია და მისი პარტია მთავარ ოპოზიციურ ძალად ეყოლება. ამხელა ბიზნესის გაკეთების საშუალება მისცა ივანიშვილმა ბოკერიას და ბოკერიას ბიზნესმენებს. იგივე კეზერაშვილი გაათავისუფლა ამდენი ვალებისგან. ბოკერია გამოდის და იძახის, ვაპირებ 22%-ით პარლამენტში მოსვლასო. ამას ჰაერზე არ ამბობს. ერთი წლით ადრე მოსახლეობას აჩვევს ამას, რომ მოვა 22%-ით.
– ანუ ნაციონალები უნდა ჩაანაცვლონ?
– ცხადია, ამას უმიზნებენ. ნაციონალებიც 20%-ის ფარგლებში ტრიალებენ. აგერ გამოდის კობახიძე და აცხადებს, 60% უნდა ავიღოთო. 20+20+60 კი გამოვიდა შენი 100% და ძალიან მაინტერესებს, სხვები სად არიან ამ დროს?!
პირდაპირ გეგმა დადეს, რომ ისინი გადაინაწილებენ პარლამენტს. სწორედ ბოკერია იქნება მართული ოპოზიცია და სწორედ ისინი აუწევენ ხელს, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება იქნება თუ სხვა რამ.
– ანუ თუ გაუვიდა ივანიშვილს მესამე ვადით მოსვლა, ეს ვარიანტი იქნება, თუ არა და წავა და ბოკერიას დატოვებს შემცვლელად?
– დიახ, თუ გაუვიდა, ეს იქნება სწორედ ის ვარიანტი, რა ფორმითაც ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში.
თუ დასავლეთს აქვს ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, მაშინ ის არ დაუშვებს ივანიშვილის მესამე ვადით დარჩენას, ხოლო თუ არ აქვს, მაშინ ივანიშვილი მიაღწევს თავის საწადელს.
ნამდვილად არ მინდა, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, სადაც არაოფიციალური მმართველი იქნება ქვეყნის სათავეში! 2012 წელშიც ასე იყო, სააკაშვილს ნამდვილად არ ეგონა, რომ მას ვინმე და რამე მოერეოდა, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვარდა კადრები და ამ კადრებმა ააყირავა ხელისუფლება.
– შესაძლოა, რაღაც მსგავსი მოხდეს?
– აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ეკლესიასთან დაკავშირებით, რადგან ეს ყველაზე სენსიტიური თემაა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას გასაქცევადაც კი აღარ ეყოფა დრო და პირდაპირ წავა ციხეში! ძალიან ბევრი წავა ამ მთავრობიდან ციხეში!
პოლიტიკურ პარტიას ან კონკრეტულ პირებს უძლეველი რომ ჰგონიათ თავი, სწორედ მაშინ მარცხდებიან ხოლმე მარტივად. ასე რომ, ფრთხილად იყვნენ. მუდმივი არ არსებობს არაფერი. არ არსებობს მუდმივობა პოლიტიკაში.
ჰგონიათ, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება. საბედნიეროდ, ყველაფერი ფულზე არ იყიდება ამ ქვეყანაში!