დავით ბერძენიშვილი – „პოლიტიკა მილიარდებით არ ისწავლება, ივანიშვილის ფულს მილიონი ხმა დაამარცხებს“

დავით ბერძენიშვილი - „პოლიტიკა მილიარდებით არ ისწავლება, ივანიშვილის ფულს მილიონი ხმა დაამარცხებს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

28 ნოემბერს ოპოზიციას პარლამენტთან მორიგი აქცია ჰქონდა დაანონსებული, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება იგეგმებოდა, თუმცა გამთენიისას აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაასწრეს. თბილისის შუაგულში რკინის ჯებირები გააკეთეს და ფაქტობრივად პიკეტირება მათ გააკეთეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში მიწისქვეშა გზებით, პარლამენტთან დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით მოხვდნენ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიცია საკანონმდებლო ორგანოში შენობაში არ უშვებდა, თუმცა საბოლოოდ დიდი დავიდარაბის შემდეგ ისინი პარლამენტში მაინც შევიდნენ და გარკვეული დისკომფორტი მაინც მოუწყვეს უმრავლესობის წარმომადგენლებს.

პარალელურად პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პარლამენტარები თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ოპოზიციას დესტრუქციულ ძალას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ისინი კანონს არღვევენ და სახელმწიფო დესტრუქციას არ დაუშვებს. გაისმა გზავნილები, რომ ასეთ დესტრუქციულ ძალებთან დიალოგი შეუძლებელია.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, ოპოზიციის სტრატეგიისა და იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩანს აქციის წინა პლანზე, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.

_ დავინახეთ, როგორი ჯებირები გაავლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პარლამენტთან, დედაქალაქის შუაგულში. უკვე დასწრებაზეა პიკეტირება? აქამდე მივიდა საქმე?

_ დიახ, დავინახეთ, რომ ივანიშვილმა 27 ნოემბრის საღამოს დაიწყო თავისი არაადეკვატურობის დემონსტრირება საჯაროდ. სანამ ამერიკელი კონგრესმენებისთვის ის წერილი გაუგზავნია, რომლის შესახებაც „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა, მანამ სისხამ დილით შავი კარკასი ამოაშენა პარლამენტში. ახლა კიდევ ოპოზიციის გარე პიკეტი, მერე შეიძლება ამოაშენოს კედლები და საერთოდ ძალიან არაადეკვატურია მისი ქცევები. იმ ინტერვიუში მძიმე რეპრესიებითაც დაგვემუქრა.

დღეს ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არის არაადეკვატური მილიარდერი, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ გვინდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი და ამ მხარდაჭერით შექმნილი მოდელი, ე. წ. გერმანიის საარჩევნო მოდელი. ივანიშვილს კი თურმე საბჭოთა კავშირის მიერ აშენებული ბერლინის კედლის აქაური რკინის ხუხულა სდომებია.

_ ამ ფონზე პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ, მაშინ როდესაც პრემიერი და თავდაცვის მინისტრი გვეუბნებიან, რომ დესტრუქციული ძალაა ნაციონალური მოძრაობა და რომ არავის მისცემენ კანონის დარღვევის უფლებას. ხომ არ იწყება პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა?

_ დიახ, ბიძინა ივანიშვილმა ხსენებულ ინტერვიუში ფაქტობრივად დააანონსა, რომ ზოგს წლობით მოუწევს ციხეში ჯდომა, ზოგს ადმინისტრაციული სასჯელით, ზოგი დაშავდაო და ა. შ. ბიძინა ივანიშვილმა თავის მუქარას მაგრად მოუჭიროს ხელი. მაგის მუქარის არავის ეშინია და რაც უფრო მეტად აძვრება ხის კენწეროზე, მისთვის მით უფრო მძიმე იქნება მისი მდგომარეობა. მე მის ოჯახს ვურჩევდი, რომ მიხედონ ივანიშვილს, იმიტომ, რომ ეს კაცი აშკარად სამკურნალოა. ვხედავთ ამას.

მაგრამ მისი არაადეკვატურობა არის ქვეყნის პრობლემა. ისეთი მდგომარეობაა, რომ ეს სახადი უნდა მოვიხადოთ. ასეთი გვერგო და ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ პირნათლად. ყველაზე უნიჭო და აუტსაიდერია მათ შორის, ვინც კი ამ ქვეყნის ხელისუფალი ყოფილა, ან სურვილი ჰქონია, რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფალი.

პოლიტიკა არ ისწავლება მილიონებით და არც მილიარდებით. მის მილიარდს ნებისმიერ ვალუტაში ნებისმიერი რაოდენობით დაამარცხებს მილიონი ხმა. ასე, რომ ბიძინას დამარცხება გარდაუვალია.

_ თქვენ რატომ არ ჩანხართ ისე აქტიურად საპროტესტო აქციებზე, როგორც ამას მოელის საზოგადოება. უფრო ჩანან ნაციონალური მოძრაობისა და ”ევროპული საქართველოს” ლიდერები, თქვენ რატომ ხართ უკანა პლანზე?

_ არა, უკანა პლანზე არ ვარ. უბრალოდ, ეს დღეები არ ვიყავი თბილისში და დღეს ჩამოვედი. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, ჩვენი პარტიის ორივე ხელმძღვანელი, ხათუნა სამნიძეც და თამარ კორძაიაც, სულ აქციებზე არიან. მოგეხსენებათ, როგორი სახალისო კადრები იყო იმის შესახებ, თუ როგორ მიიტანეს მათ აქციაზე შეშა.

რესურსს რაც შეეხება, ძირითადად პიკეტირების ეს რესურსი აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ასევე აქვს ”ევროპულ საქართველოს”. ამიტომ ისინი არიან უმთავრესად ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ვეთანხმებით ამ სტრატეგიაში და სოლიდარობას ვუცხადებთ.

_ არ ჩანს ისეთი მძლავრი პროტესტი ბოლო დღეებში, როგორც მის დასაწყისში იყო. ხომ არ არის საჭირო სხვა სტრატეგიისა თუ ტაქტიკის მიშველება?

_ სულ იქნება სიახლეები. იმიტომ, რომ ინტელექტუალური და კრეატიული უპირატესობა ოპოზიციის მხარეს არის. განსაკუთრებით კი პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი და პოლიტიკასთან მოთანამშრომლე ახალგაზრდების მხარეს. მხედველობაში მაქვს მოძრაობა „სირცხვილია“ და ასევე სხვა ორგანიზაციებიც.

_ დღევანდელ ახალგაზრდების აქტივობას როგორ აფასებთ? არის დღევანდელი თაობა იმაზე უფრო იმედისმომცემი, ვიდრე ეს იყო წინა თაობები?

_ რა თქმა უნდა, ეს ასეა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის პირველი თავისუფალი თაობა, რომელიც გამოვიდა ასპარეზზე და რა თქმა უნდა, ეს არის ლიდერი თაობა.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან იმედისმომცემი თაობა.