დავით ბერძენიშვილი – “საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”

დავით ბერძენიშვილი - “საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპატრიარქოში განვითრებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, საპატრიარქოს ირგვლივ განვითრებულ მოვლენებზე თქვენი პოზიცია როგორია?
– “ჭირმა თავი არ დამალა”. საქართველოს საპატრიარქოში სისტემური კრიზისია. ეს სინოდი და ეს ეპისკოპატი არ არის შემძლე, რომ ამ კრიზისს გაუმკლავდეს. საჭირო არის საეკლესიო ცხოვრების განახლება.
ასეთი კრიზისების დროს დიდი კრების მოწვევა ხდება. მაგალითად, 1917 წელს დიდი საეკლესიო კრება მოიწვიეს, სადაც სასულიერო პირებიც იყვნენ და საერო, მრევლის წარმომადგენლებიც. სწორედ მათ აირჩიეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონი. მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქამდე მივიდეს საქმე და დიდი საეკლესიო კრების მოწვევა გახდეს საჭირო. მით უფრო, ეს ინიციატივა უკვე გაჟღერებულია.
– თქვენ რითი ხსნით მომხდარს?
– არაფერი დამანგრეველი ქვეყნისთვის არ ხდება. უბრალოდ დროს აცდა და ჩამორჩა საპატრიარქო. 40 წელზე მეტია, რაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის ილია მეორე, რომელსაც აქვს დამსახურებებიც და აქვს შეცდომებიც. შევარდნაძე – ილია მეორის ეპოქა, საბჭოთა – პოსტსაბჭოთა ეპოქა ერთიანად დასრულდა, შევარდნაძე ცოცხალი აღარ არის, ილია მეორე ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს.
ხელისუფლებასთან შეზრდილი საპატრიარქოს ურთიერთობები აღარ არის თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში ურთიერთობების მისაღები ფორმა. რაც შეეხება დანარჩენს, რომელ მღვდელმთავარს რა ცოდვა აღმოაჩნდა და თუ არ აღმოაჩნდა და აბრალებენ, ეს ჩემთვის საინტერესო აღარ არის.
როდესაც ადამიანები ამ ტიპის ბრალდებებით გამოდიან ერთმანეთის მიმართ, არ ვარგა, მაგრამ როდესაც ტაბურეტით ხელში გამოდიხარ და ადამიანს ჩაგრავ, მორალური კვარცხლბეკიდან ვეღარ იყურები და იქიდან ჩამოდიხარ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ მაქვს განცდა, რომ ვიღუპებით, რომ ქვეყანა იქცევა, რომ პატრიარქი გადასარჩენია. ეს სადღეგრძელოს ნაწილი მგონია.
– სინოდმა მხოლოდ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა, ელოდით სხვა საკითხებზე მსჯელობასაც?
– დიახ, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებამდე ვერც და არც მივიდა სინოდი. ეს ცუდია. საქართველოს ეკლესიაში რუსული ძალის მოძლიერება ხდება. მოსაყდრე შიოც ამის ნაწილი მგონია.
– შეიძლება ეს დაპირისპირება უკავშირდება საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას?
– რა თქმა უნდა, და ეს არ ხდება ხელისუფლების გარეშე. თავის დროზე შევარდნაძემ თქვა: ჩვენ ილია მეორე შევარჩიეთ და გაამართლა კიდეცო. რასაკვირველია, ხელისუფლება ძალიან აფათურებს ხოლმე საპატრიარქო ტახტის მემკვიდრის შერჩევაში ხელს. მოსაყდრე შიოც ხელისუფლების გარეშე არ არის შერჩეული, მაგრამ ერთია შერჩევა და მეორე, რომ ის ჯერ კიდევ არ არის პატრიარქი.
– ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის გაუქმებაზე საუბრობენ, როგორია თქვენი პოზიცია?
– არ არის ეს საკითხი აქტუალური, უფრო სწორად, ვერ იქნება, რადგან მის გაუქმებას პარლამენტში დეპუტატების სამი მეოთხედის მხარდაჭერა სჭირდება. კონკორდატი არც არაფერ როლს არ თამაშობს, რადგან არ სრულდება იქ გაწერილი მუხლების დიდი უმრავლესობა. პუნქტების დიდი უმრავლესობა სადღეგრძელოებია. კონკორდატით არ იმართება დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა.
– კრიზისი უფრო გაღრმავდება თუ პირიქით?
– ეს პროცესები რაც უფრო ღრმად მივა ფსკერამდე, მით უფრო მეტი იქნება კათარზისი. დადგა გაჯანსაღების პერიოდი. საპატრიარქოს დღევანდელი ფორმა წარსულის გადმონაშთია, ამიტომ ის თანამედროვეობით უნდა შეიცვალოს.