დავით ჭიჭინაძე – “ივანიშვილმა ისე მაგრად წააგო, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენია”

დავით ჭიჭინაძე - “ივანიშვილმა ისე მაგრად წააგო, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენია”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა ალბათ მოულოდნელი არ იყო. პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გადაინაცვლებს?
– პარლამენტში პოლიტიკას უკვე აზრი აღარ აქვს. დღეიდან არც პოლიტიკაა რეალური და არც არაფერი. რა აზრი აქვს ამ უპირო დეპუტატებთან პოლიტიკაზე საუბარს?! ნებისმიერი დაპირება, ეს იქნება საარჩევნო დაპირება თუ საპროტესტო მუხტის შედეგად გაცემული პოლიტიკური დაპირება, მაინც არ სრულდება და რა აზრი აქვს პარლამენტში ჯდომას?!
პარლამენტში უნდა ისხდნენ ისინი, ვისაც ხალხისგან ბოძებული ძალა გააჩნიათ და ამ ძალას ახმარენ სწორედ ხალხს.
დღეს ამ დეპუტატებს, არც ერთს, ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია. ამიტომ, ძალაუფლება უნდა გავიდეს ქუჩაში, ხალხს უნდა დაუბრუნდეს და ქუჩაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. თან, ბრძოლა იქნება ღირსებისთვის.
უკვე აღარ არის საუბარი შუალედურ გადაწყვეტილებებზე, საუბარია ღირსების დაბრუნებაზე. ეს არ იქნება უბრალოდ საპროტესტო აქციები, ეს იქნება ბრძოლა ღირსების დაბრუნებისთვის, რადგან მოტყუება, სიცრუე, გადაგდება, ფლიდობა გახდა პოლიტიკოსების სახე ჩვენს ქვეყანაში.
ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და საბოლოოდ.
– “ქართული ოცნება” შიდა დემოკრატიაზე საუბრობს.
– “ქართული ოცნება” პოლიტიკიდან უნდა გაქრეს, ისევე სამართლიანად, როგორც “მოქალაქეთა კავშირი” გაქრა თავის დროზე.
– პოლიტიკური დესტაბილიზაცია რამდენად არის მოსალოდნელი და რამდენად შეიძლება ეს ვადამდელი არჩევნების წინაპირობა გახდეს?
– როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. ალბათ იტყვიან, ისეთი უმრავლესობა აღარ გვყავს, შემოვლენ ვითომ მთავრობის მხარდაჭერის ინიციატივით, მერე ბიუჯეტი ჩავარდება, რომლის განხილვებიც უკვე დაიწყო პარალმენტში და ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მცდელობა.
მე ვთვლი, რომ ამ დღევანდელი ნაბიჯით “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად დაამთავრა თავისი რვაწლიანი სამარცხვინო მოღვაწეობა. ამდენი ტყუილი და ამდენი შეუსრულებელი დაპირება არც ერთ ხელისუფლებას არ უკადრია, რასაც “ქართული ოცნება” კადრულობს.
– გამოდის, ამ ყველაფრის შემოქმედები “ოცნების” მაჟორიტარები არიან და პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანაში მათ შეცვალეს?
– ისეთმა ადამიანებმა გაბედეს ვითომ, ფსევდოდ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა, რომ რა გითხრათ?! ეს ის მაჟორიტარები არიან, რომლებიც სუსის რიგითი თანამშრომლის წინააღმდეგ ვერ წავლენ, არათუ ბიძინა ივანიშვილის. უმეტესობა სუსიდან კონტროლირებადი დეპუტატებია. თუ სუსი წავიდა ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის.
ეს არის შეკვეთა, რომელიც ღიად ჩანს და რომელიც ხელისგულზე დევს. ამ ადამიანებს პარლამენტში პოლიტიკურად არასდროს უაქტიურიათ. მათ პოლიტიკური სახე არასდროს ჰქონიათ, ისინი არიან ღილაკზე თითის მიმჭერი დეპუტატები. სწორედ ასეთი ხალხი შეირჩა და სწორედ მათ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. მათ არც პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ და არც მათ პოლიტიკურ კარიერას დააზიანებს ეს გადაწყვეტილება.
ეს არის ერთი დიდი აფიორა, საზოგადოების მოტყუების მცდელობა. დიახ, მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, საზოგადოება, ხალხი არ მოტყუვდება, რადგან ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა და გაიგო.
ვნახეთ, ქვეყანაში ვერა, მაგრამ თურმე როგორი დემოკრატია ყოფილა მმართველ პარტიაში. ისიც ვნახეთ, რომ თურმე პარტიის ხელმძღვანელობა კი არა, უსახური დეპუტატები წყვეტენ ქვეყნის მომავალს. ძალიან რბილად რომ ვთქვა, სასაცილოა ეს ყველაფერი და ვის დააჯერებენ ნეტა ამას?!
– უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხდებს, რომ თუ პარტიას არ შეუძლია თავისი გადაწყვეტილების დაცვა, მას არ აქვს უფლება, ხელისუფლებაში იყოს. ელოდით მათგან უმრავლესობის დატოვებას?
– დღეს მათზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ისინი არიან იმ ფლიდობის შემადგენელი ნაწილი, რასაც აქამდე “ქართული ოცნება” ეწეოდა. მათ პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, გაუტკბათ და ახლა ცდილობენ, თავი გადაირჩინონ, რადგანაც გემი უკვე იძირება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პატრონებთან შეთანხმებული ნაბიჯია. მე ეჭვი მეპარება, რომ მათ ეს ნაბიჯი ღირსების გამო და ხალხისთვის მიცემული სიტყვის დასაცავად გადადგეს.
“ქართული ოცნების” წევრებს იმდენჯერ არ დაუცვიათ სიტყვა და იმდენჯერ გაუტეხიათ, რომ ჩემი მათდამი დაპირისპირების მიზეზი და წამოსვლაც სწორედ ეს იყო – დაპირებების არშესრულება და ადამიანების ინტერესების იგნორირება. ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ მათი ნაბიჯი საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობაა.
– ივანიშვილმა ამ კანონპროექტის ჩაგდებით მოიგო თუ წააგო?
– ივანიშვილმა ისე მაგრად წააგო, რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენია. შეიძლება დღეს ვითომ მოიგო თავისი ანგარიშით, მაგრამ ის მხარდაჭერა, რომელიც 2012 წელს ჰქონდა, ხალხის ის სიყვარული, ის ნდობა, რომელიც მართლაც ჰქონდა, ნულამდე დაიყვანა თავისავე ხელით.
ივანიშვილმა საკუთარ თავს ყველაზე ცუდი განაჩენი გამოუტანა. ასეთ განაჩენს სხვა ვერც კი გამოუტანდა.