დავით ჭიჭინაძე – “ოცნება” 2020-ში კოალიციურ მთავრობაშიც კი ვერ მოხვდება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ 2020 წელი არ იქნება საქველმოქმედო წელი. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– დიახ, ნამდვილად არ იქნება 2020 წელი საქველმოქმედო წელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ მხარი დაეჭირათ. გარკვეულწილად რაღაც ვალდებულება გაგვაჩნდა, თავის დროზე ივანიშვილმა და ხალხმა ერთობლივად მოახერხეს სააკაშვილის საძულველი რეჟიმის გასტუმრება. ამიტომ, მოსახლეობამ ერთი წლის წინ ეს ვალი დააბრუნა.
ამდენად, ხალხის მხრიდან ვალიც დაბრუნებულია და ქველმოქმედებაც გაღებულია. შესაბამისად, ანგარიშიც გასწორებულია. ამიტომაც 2020 წელი აღარ იქნება საქველმოქმედო წელი. ივანიშვილი ასე თამამად ვეღარ ითხოვს ხალხის მხარდაჭერას.
2012 წლიდან მოყოლებული საზოგადოება არასდროს სთხოვდა “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გასამარჯვებლად ფულს. ის გულწრფელად უჭერდა მას მხარს, მაგრამ ასე არ იყო 2018 წელს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს მოუწია ხალხისთვის მხარდაჭერის თხოვნა იმის სანაცვლოდ, რომ ის ყველაფერს შეცვლიდა, რომ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. ხალხმაც კრედიტი გასცა “ქართული ოცნების”, რასაკვირველია პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ეს კრედიტი კი დაბრუნებული არ არის. ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ვერანაირად ვერ აბრუნებს ვალს. ამიტომ კიდევ თხოვნა უკვე აღარ გამოვა.
– მაშინ რა სტრატეგიას ელოდებით? შეძლებს მესამე ვადით ივანიშვილი, “ქართული ოცნება” არჩევნებში გამარჯვებას?
– “ქართულ ოცნებას” არათუ გამარჯვების და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების, არამედ კოალიციურ მთავრობაში მოხვედრის შანსიც აღარ აქვს. მოსახლეობაში იმდენად დიდია ნეგატივი, იმდენად გაუცრუა ადამიანებს “ქართულმა ოცნებამ” გული, რომ უკვე აღარაფერი აღარ გაჭრის.
“ოცნებამ” ნდობის ლიმიტი ამოწურა. ხალხს ოპოზიცია ნაკლებად ადარდებს. მის მიმართ პრეტენზიები ძალიან მინიმალურია, მთავარი გაბრაზება სამართლიანად ხელისუფლებაზე მოდის. ამიტომ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას თუნდაც სხვადასხვა მანიპულირებით, სხვადასხვა მეთოდებით მოახერხოს არჩევნებში გამარჯვება. ამიტომ, არც ვურჩევ ამაზე ფიქრს.
რაც უფრო მეტი იქნება სინანული “ოცნების” მხრიდან, რაც უფრო მეტი იქნება მზაობა ხელისუფლების დათმობის, ნაკლები აგრესია იქნება ხალხში მათ მიმართ. ეს მათთვისაც სასარგებლო იქნება და ქვეყნისთვისაც. რაც უნდა გაჯიუტდნენ და გაძალიანდნენ, ესენი ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან.
– ბატონო დავით, არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– რა მნიშვნელობა აქვს, სიის პირველი ნომერი იქნება თუ საერთოდ არსად არ იქნება, “ქართული ოცნება” მხოლოდ ივანიშვილი არის და სხვა არავინ. ის ხალხი, ვისაც ვხედავთ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ელაქუცება, რომ რაღაც მოიპარონ და თანამდებობებზე თბილად იყვნენ. ეს არის და ეს.
– პარლამენტში ისინი აქტიურობენ.
– მათ სახეებს რომ ვუყურებ, უკვე რასაც საუბრობენ, იმის თვითონაც არ სჯერათ. ის მოტივაცია და შინაგანი ძალა, რომელიც უნდა ჰქონდეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, მათ აღარ გააჩნიათ.
მათში მწვავე შიშია დაბუდებული. ამიტომ, რა მნიშვნელობა, აქვს ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. თუმცა, აბა სხვა ვინ უნდა იყოს? დიახ, თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის პირველი ნომერი. სხვა რომ იყოს, ფიქტიური პირველი ნომერი იქნება, ზუსტად ისეთი, როგორც ხელისუფლება არის.
არც ერთი უწყების პირველი პირი არ არის რეალურად პირველი პირი. ყველა უწყებას რეალურად ივანიშვილი და მასთან დაახლოებული რამდენიმეკაციანი ჯგუფი მართავს, ვისაც ივანიშვილი ენდობა. ყველამ იცის, ვინ არის სახლში მასპინძელი. ილუზია არავის აქვს. ამიტომ, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი.
– პარლამენტში “ქართული ოცნების” აქტიური სახეები 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვდებიან?
– სიმართლე გითხრათ, მე მომხრე ვარ, რომ სწორედ ეს ბირთვი, რომელსაც დღეს საზოგადოება პარლამენტში უყურებს, 2020 წლის საარჩევნო სიაში იყოს. სწორედ ამ ადამიანებთან ერთად უნდა დაიმარხოს არჩევნებზე “ქართული ოცნება”.
მათიკაშვილი, კილაძე, კობახიძე – სწორედ ეს ხალხი იქნება ივანიშვილის რეკვიემი. სიის პირველი ოცეული სწორედ კოლექტიური ზარდიაშვილები უნდა იყვნენ, შეუძლიათ “ქართულ ოცნებას” სახელი გადაარქვან და კოლექტიური ზარდიაშვილი დაარქვან. უკეთესი იქნება.
– რაღა დროს ზარდიაშვილია, ბატონო დავით, პოლიტიკიდან წავიდა.
– კი, წავიდა, ბოკერია და ზარდიაშვილი გვერდიგვერდ ისხდნენ და პოლიტიკაზე საუბრობდნენ. როგორ უნდა მოახერხო, რომ პოლიტიკოსის კლასი ასე უცებ თვალსა და ხელს შორის დაეცეს?! სიმართლე გითხრათ, ბოკერიას ნაცვლად, თავი უხერხულად ვიგრძენი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი