დავით ჭიჭინაძე – “საქართველოში მოსალოდნელია სოციალური აჯანყება, რომელიც აქამდე არასდროს მომხდარა”

დავით ჭიჭინაძე - “საქართველოში მოსალოდნელია სოციალური აჯანყება, რომელიც აქამდე არასდროს მომხდარა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, რა მოლოდინები გაქვთ ოპოზიციის და ხელისუფლების მხრიდან, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– პროცესი ჩიხშია შესული. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მის მიერვე დაშვებულ შეცდომას. “ქართული ოცნება” ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობით აზროვნებს და ამის მიხედვით საზღვრავს. თითქოს ბრძოლა საარჩევნო კანონთან დაკავშირებით მიდის, მაგრამ საარჩევნო კანონი ხომ ერთ-ერთი საბაბია.
მე ვფიქრობ, ოპოზიციამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც მთელი აქცენტი კანონმდებლობაზე გადაიტანა. ადამიანების გასაჭირი ხომ კანონმდებლობამდე ვერ დაიყვანება. ადამიანები სიდუხჭირეს, გაუსაძლის ყოფას ვერ აღწევენ თავს, ეს არის პრობლემა.
დროში იწელება ეს ყველაფერი. ხელისუფლება გვეუბნება, რომ თემა დახურულია, კანონმდებლობას არ ცვლის და ის ნაპერწკალი, რომელიც ამ საპროტესტო მუხტს უნდა ჰქონოდა, ვერ ღვივდება. ეს პროტესტი მასშტაბური უნდა ყოფილიყო და ხალხის პროტესტი უნდა ყოფილიყო.
– რატომ არ აქვს მასშტაბი?
– პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, ამავე დროს ცდილობს, როგორღაც დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას კი თავისი ეკონომიკური გაჭირვება აღელვებს. თან, რუსთაველის გამზირი არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც პროტესტი უნდა გამოიხატოს. ზამთარია, ცივა, ადამიანები თავიანთი პრობლემებით არინა დაკავებულები.
– თქვენ ოპოზიციას სთავაზობდით, რომ ეს პროტესტი რეგიონებშიც გაშლილიყო?
– რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება თავიდანვე იყო, რომ ეს პროტესტი საქართველოს მასშტაბით ყოფილიყო. შეიძლებოდა ყოველდღიური პროტესტი ადამიანებს საკუთარ სამუშაო ადგილებში, საკუთარ რაიონებში გამოეხატათ. სხვადასხვა ადგილებში, ქვეყნის მასშტაბით გამოხატული პროტესტი უფრო ეფექტური იქნებოდა და სოლიდარობის განცდაც უფრო მეტი იქნებოდა, მაშინ ეს არ იქნებოდა პოლიტიკური ძალის ეგიდის ქვეშ აღქმული პროტესტი, ეს უკვე იქნებოდა საყოველთაო-სახალხო პროტესტი.
– ეს პროცესი მაინც წარმოჩენილია, როგორც ორპარტიული დაპირისპირება?
– დიახ, საბოლოო ჯამში ასე ჩანს.
– თუმცა, ლეიბორისტების ოფისში ჩვენ ვხედავთ სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსებს. თქვენ ესწრებოდით ამ შეხვედრებს, ვინ არის წარმმართველი ძალა იმ მაგიდასთან?
– ჩვენი წარმომადგენელი ესწრება შეხვედრებს. ძირითადი საუბრები ე.წ. გერმანული მოდელის გარშემო და ელჩებთან შეხვედრაზე იყო.
ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გააზრებულად, შეგნებულად გადადგა და რომ ნდომოდა რაიმე გამოსავლის მოძიება, ოპოზიციას კი არ დაელოდებოდა, თავის ხელშია ყველაფერი და გასაკეთებელს გააკეთებდა.
ხელისუფლება რაიმე დათმობაზე რომ წამოვა, ეს ზღაპარია. ამ ქვეყნის მოქალაქეების ღირსებას შეეხნენ და სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა აგებინო პასუხი. საარჩევნო კანონმდებლობა არ არის მთავარი თემა, მთავარი ადამიანების გაუსაძლისი ცხოვრება არის! ამაზე უნდა იყოს მთელი აქცენტი.
– შეიძლება ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეს საქმე?
– ვადამდელი არჩევნები აქამდე უნდა დანიშნულიყო, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. უკვე ვადამდელი არჩევნები ვეღარ უშველის, ისე ჩიხშია შესული პროცესი.
ამ არჩევნებს უკვე არავინ არ აღიარებს. “ქართულმა ოცნებამ” ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ აღარავის დაუტოვა შანსი, მის მომხრეებსაც კი, რომ არჩევნები სამართლიანად იყოს აღქმული. ამ შემთხვევაში ხალხს აქვს ლეგიტიმური უფლება ძალაუფლების დაბრუნების სხვადასხვა გზებით, მათ შორის რევოლუციური სცენარითაც.
– და თქვენ ამ სცენარს განიხილავთ?
– როგორც კი არჩევნები დამთავრდება, თუ შედეგები ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, “ქართულ ოცნებას” საკმაოდ სერიოზული პრობლემა ექნება ლეგიტიმაციის, აღიარების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ამას დამატებული ეკონომიკური რყევები, ეკომიკური კრიზისი ქვეყანაში.
პირდაპირ გეუბნებით – ეს იქნება სოციალური აჯანყება, რაც არასდროს მომხდარა, ის მოხდება. ხელისუფლებამ შიდა ბრძოლებს და შიდა ინტრიგებს გადააყოლა ყველაფერი.
– რას გულისხმობთ?
– თბილისის მერს თითქოს რომ წამოსცდა, ჩემი გუნდით ოპოზიციაში რომ გადავალო, მერე რომ დააკონკრეტა, “ქართულ ოცნებას” ვგულისხმობო.
– არ წამოსცდა?
– არაფერიც არ წამოსცდა. კალაძე უკვე დიდი ხანია, ისეთ განცხადებებს აკეთებს, თავის შეკრულ გუნდთან ერთად, რომ ივანიშვილს გამოსაფხიზლებლად უნდა გამოადგეს.
ივანიშვილი დღეს მარტოა, ხალხს ჩამოაშორეს, იზოლაციაშია. ეს ძალიან ჰგავს იმას, თავის დროზე შევარდნაძე რომ შეიძულეს გუნდის ახალგაზრდა წევრებმა. საკმაოდ საინტერესო პროცესების განვითარებას ვუყურებთ. მე მგონი, რომ ივანიშვილი ძალიან აგვიანებს. ბევრი მტკიცე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
– კონკრეტულად?
– “ქართული ოცნების” ელიტა ისე არის გახლართული ფინანსურ ინტერესებში, ბიზნეს გადანაწილებებში, რომ ამითი დაინტერესება მოუწევს ივანიშვილს.