დემნა გვასალია – “ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა”

დემნა გვასალია - "ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა"დიზაინერ დემნა გვასალიას შემოქმედებას მსოფლიო მარტივად აფასებს – მან ტრავმა კომერციად აქცია. თავად დიზაინერი საკუთარ წარმატებას კი ასე ხსნის:
– კომერციად ვაქციე ტრავმა? მე არც ვიცოდი, თუ რა რეაქცია მოჰყვა ჩემს შოუს საქართველოში. საინტერესოა იმის მოსმენა, რომ ზოგი ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს, თუმცა ჩემთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა ტრავმული წარსულის კომერციალიზაცია. სინამდვილეში, ეს ჩემი ტრავმის მიღება იყო და მისი შემოქმედებად გადაქცევა. ჩემი აზრით, სწორედ ესაა ყველაზე მნიშნელოვანი, რასაც ხალხი ვერც ამჩნევს.
ტრავმა შემოქმედებად გადაიქცა და რაღაც ახალი შეიქმნა. ესაა ყველაზე საოცარი რამ, რისი გაკეთებაც შემოქმედებით ადამიანს შეუძლია. სინამდვილეში, ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მახსენდება, როდესაც შემეძლო მეთქვა: მე ამ ქვეყნიდან ვარ, ეს ჩემი წარსულია, ეს ასე მოხდა. ეს არ ყოფილა ყვავილებიანი და პეპლებიანი ბავშვობა, ბედნიერი ბავშვობა. ეს ძალიან მძიმე დრო იყო. დღეს კი, პირველად ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში, ამაზე ლაპარაკი შემიძლია.
დიდი აუდიტორია მყავს, რომლებიც მისმენენ, აკვირდებიან, რასაც ვაკეთებ. ეს კოლექცია კი იყო ჩემებური გამოხატულება პატივისცემისა ჩემი ფესვებისადმი და იმისადმი, თუ საიდან მოვდივარ – იმის მიუხედავად, რომ იქ ბევრი წელია აღარ მიცხოვრია.

თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ძალიან პირადი იქნებოდა და მომიწევდა ჩემი წარსულის ამოქექვა. ამიტომაც დავიწყე ქართული ტელევიზიების ყურება, ქართული ახალი ამბების მოსმენა და ჩემთვის ერთგვარი ატმოსფერო შევიქმენი, თითქოს საქართველოში ვიყავი. შეიძლება მე იქ არ ვიყო, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემთვის აქვს მნიშვნელობა.
90-იანებში გავიზარდე. საქართველოს 90-იანებში. ომისშემდგომ საქართველოში. ამის პარალელურად, ვთქვათ, არსებობდა პოსტსაბჭოთა რუსეთიც, ჰოდა, ჩემი აზრით, ჩემი ოთხმოცდაათიანები მაინც სხვა იყო. ომისშემდგომ საქართველოში მეტი მილიტარიზმი იყო, მეტი შავი ფერი და მეტი დრამატიზმი, ვიდრე სხვაგან.

მომწონს, რომ ხალხს თავიდანვე რეაქცია ჰქონდა ამაზე. ჩემი აზრით, სასაცილოცაა. არ ვიცი, თავად მე არავის „ტროლვა“ მსიამოვნებს, არც ის მიყვარს, როცა „მტროლავენ“. მთელი ჩემი ცხოვრება თავად ვიყავი ბულინგის სამიზნე, მაგრამ მე თვითონ არასოდეს არავინ „დამიტროლავს“. ასე რომ, მსგავსი კომენტარები, ჩემი აზრით, სრულიად არასწორია.