“გაათავისუფლეთ მინდია ლავასოღლი!” – ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა

"გაათავისუფლეთ მინდია ლავასოღლი!" - ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართაკანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავენ და კონსულთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, უნდა მოხდეს განმარტება რატომ არის მინდია ლავასოღლი დაკავებული. მათივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

„ჩვენ ვაპირებთ აქცია გავაგრძელოთ, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ – გავერკვეთ, სად არის მინდია ლავასოღლი. რამდენიმე ხნის განმავლობაში ქართული მხარისგან ვცდილობდით მოგვეღო პასუხი რატომ ხდება მინდია ლავასოღლის ინტერესების შელახვა და რატომ არის დაკავებული იგი თურქეთში. ქართულმა მხარემ განგვიცხადა, რომ თურმე ისინი არაფერ შუაში არ არიან და პასუხი უნდა მოვთხოვოთ თურქეთის რესპუბლიკას, ამიტომ მოვედით აქ. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მინდია ლავასოღლის გათავისუფლება, ამ ადამიანს არც ბრალი აქვს წარდგენილი და არც მისჯილი არ აქვს. გამოდის, რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენი მოთხოვნაა, რომ შევხდეთ გენერალურ კონსულს. გენერალურ კონსულს ერთხელ შევხვდით, თუმცა სამწუხაროდ, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა“, – განაცხადა მინდია ლავასოღლის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ამასთან, როგორც ლავასოღლის დამ განაცხადა,იგი მოითხოვს პასუხს, რატომ არის დაკავებული მისი ძმა ერთი წლის განმავლობაში.

“ჩემი ძმა მძიმე პირობებშია. იგი საქართველოს მოქალაქეა. აქ ბანდის წევრები არ არიან, აქ არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. მე გუშინ ჩამოვფრინდი თურქეთიდან, ჩემი ძმა გაურკვეველ სიტუაციაშია. ჩემგან ელოდება პასუხს. გამცენ პასუხი რატომ ზის ერთი წელია”, – განაცხადა ლავასოღლის დამ.