გედევან ფოფხაძე – “ოცნების” ხელისუფლების ადგილი ციხეშია! მე მასთან ყველანაირი ურთიერთობა დავამთავრე!”

გედევან ფოფხაძე - “ოცნების” ხელისუფლების ადგილი ციხეშია! მე მასთან ყველანაირი ურთიერთობა დავამთავრე!”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
– ბატონო გედევან, თქვენ როგორ აფასებთ შექმნილ რეალობას? მომხდარზე ხელისუფლების პასუხია, ოპოზიცია მოემზადოს არჩევნებისთვის. თვითონ კი ვაკანტურ თანამდებობებზე ახალ ხელმძღვანელებს ნიშნავენ.
– რეალურად ხელისუფლების დელეგიტიმაცია მოხდა იმის შემდეგ, რაც მათ საჯაროდ მოატყუეს მთელი საზოგადოება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამის შემდეგ არანაირ ნდობაზე და ლეგიტიმაციაზე საუბარი არ შეიძლება.
ჩემთვის ხელისუფალის მხრიდან ასეთი ტყუილი გაუგონარია. ხალხის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება არ გვყავს და, შესაბამისად, ავტორიტარიზმისკენ მივდივართ. ამის ყველა ელემენტი და ნიშანი სახეზეა.
ქვეყანაში არანაირი დემოკრატიული პროცესი აღარ არსებობს. რამდენიც უნდათ, იმდენი ახალი ხელმძღვანელი დანიშნონ თანამდებობებზე, მათი საქმე დამთავრებულია.
ფორმალურად საუბარი იმაზე, რომ აქცია ეფექტურად დაშალა თუ სასტიკად, ეს უკვე სასაცილოა. ძალოვანი სტრუქტურები ხალხს კი არ იცავს, უზურპატორ ხელისუფლებას იცავს.
– უმრავლესობა დღეს აცხადებს, რომ ისინი არავის არაფერს შეპირებიან, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არცერთი ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს.
– აბა, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური განცხადება საპირველაპრილო ხუმრობა იყო?! თუ ხალხს ეხუმრებოდა, მაშინ პირველი აპრილი შეერჩია ამ განცხადების გასაკეთებლად. რა მესიჯბოქსიც და რა გზავნილებიც არ უნდა შეიმუშავონ, უკვე გვიანია, აღარაფერი აღარ უშველით.
მე ვიყავი “ქართული ოცნების” უმრავლესობაში და ვიცი, იქ ბიძინა ივანიშვილის სიტყვას რა ძალა და ფასი აქვს. ვერავის დააჯერებენ და დაარწმუნებენ, რომ დაჩი ბერაიამ და მერაბ ქვარაიამ შეძლეს ამ პირობის ჩაგდება და ლამის ქვეყნის ჩამოშლა.
ბიძინა ივანიშვილის ყველა ინიციატივა გუნდში ყოველთვის უპირობოდ იყო გაზიარებული ამ ხალხის მიერ. სწორედ ამ ხალხის მიერ უპირობოდ იყო გაზიარებული მისი ინიციატივა მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან კი არა! თქვენ გგონიათ, ეს ხალხს დაავიწყდა?! ასევე უპირობოდ იყო გაზიარებული ზონდერ მოსამართლეების შესახებაც გადაწყვეტილება, მე კი არ გამიზიარებია. ესეც არავის დავიწყნია.
– თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ახალი ფრაქცია იქმნება “ოცნებიდან” ბოლოს გასული დეპუტატების მიერ. გამოდის, საპარლამენტო უმრავლესობას სერიოზული საყრდენი გამოეცალა?
– რასაკვირველია, გამოეცალა. ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა ყველა მიმართულებით, ეს უკვე ხელისუფლება აღარ არის. მათი ადგილი ციხეშია. ესენი ვერც არჩევნებს ვერ ჩაატარებენ და ვერც ვერაფერს!
– გადაჭარბებული ხომ არ არის თქვენი ეს შეფასება?
– არ არის! მათი ადგილი არის ციხეში.
– “აირაის” კვლევებით, 23% აქვთ.
– არ მაინტერესებს. 23% ფაშისტურ პარტიასაც ჰქონდა გერმანიაში. რამდენი პროცენტიც არ უნდა ჰქონდეთ, საბოლოო ჯამში, ეს მათ მდგომარეობას ვერ შეცვლის. მათი საბოლოო მისამართი გლდანის იზოლატორი არის. დაწყებული თალაკვაძით და დამთავრებული კობახიძე-მდინარაძით. არავითარი შეფასება ჩემი მხრიდან მათი მისამართით აღარ იქნება. მათზე, როგორც ხელისუფლებაზე, აღარ ვაპირებ საუბარს.
– ძალიან გაბრაზებული ჩანხართ.
– საერთოდ არ ვარ გაბრაზებული. ციხეში ჯართის ქურდები სხედან და ხელისუფლების ქურდები, რომლებმაც ხალხს მომავალი მოპარეს, არ უნდა ისხდნენ?! რა, კახი კალაძე არ უნდა იჯდეს ციხეში და ვიღაცა ერთი ქილა კომპოტის მოპარვისთვის უნდა იჯდეს ციხეში?! ხალხის მძარცველების, ხალხის მჩაგვრელების ადგილი ციხეშია და არა – ხელისუფლების სათავეში.
არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი დიალოგი, არანაირი თანამშრომლობა ამ ხალხთან რეალურად და შესაძლებლად არ მიმაჩნია. ამ ადამიანებთან თანამშრომლობა ნიშნავს თანამონაწილეობას კრიმინალურ საქმიანობაში.
– საპარლამენტო მუშაობის, სესიების ბოიკოტს აპირებთ?
– არანაირ ბოიკოტს არ ვაპირებ! სადაც მექნება შესაძლებლობა და რესურსი ჩემი პოზიციის დაფიქსირების და მათი მხილების, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ. მე რატომ უნდა ვიყო ბოიკოტის რეჟიმში. მე რატომ უნდა დავტოვო დეპუტატის მანდატი, მე თვიდან თვემდე ხელფასზე ვცხოვრობ და არავის არაფერს ვპარავ.
მე არავინ დამიჩაგრავს, არავინ მომიტყუებია, არავისთვის არაფერი მომიპარავს, არც ერთი თეთრი და ამ ქურდებს, ამ ყაჩაღებს როგორ შევადარებ ჩემს თავს?!
– როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს?
– დემოკრატიული პროცესი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ივანიშვილსა და მის ამ ხროვას გავაკულაკებთ.
მე მათთან ყველანაირი ურთიერთობა და დიალოგი დავამთავრე.