გია ხუხაშვილი – ”დილით მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს „გადაგაგდებს“, საღამოს მოელაპარაკები, დილით „გადაგაგდებს“

გია ხუხაშვილი - ”დილით მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს „გადაგაგდებს“, საღამოს მოელაპარაკები, დილით „გადაგაგდებს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

მას შემდეგ, რაც ”ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიები „გადააგდეს“ და ხალხი მოატყუეს, სრული ოპოზიციური სპექტრი ქუჩაში გავიდა და აქციები დაიწყო. შესაბამისად, ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. საპარლამენტო უმრავლესობას კი დეპუტატები ტოვებენ. ამ დროისთვის 15 დეპუტატი უკვე გავიდა უმრავლესობიდან.

პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება დასავლეთის მხრიდან და რაში მდგომარეობს გამოსავალი? _ ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ ვხედავთ იმ რეალობას, რა კრიზისიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. პირადად თქვენ პროცესები როგორ განვითარებას ხედავთ, მაშინ როდესაც პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად დგას, არის თუ არა იმის შანსი, რომ ”ქართული ოცნების ”მმართველობა დასრულდეს?

_ მე ამ კატეგორიებით მსჯელობას არ დავიწყებდი დღეს. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად აფექტის მდგომარეობაში ვართ. მე პირადად გამოსავლის გზას ვერ ვხედავ, ან როგორ შეიძლება დაინახო… როგორ შეიძლება რაღაც მოლაპარაკებებზე თუ კონსენსუსზე ისაუბრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მიცემულ სიტყვას ფასი დაუკარგა. რა აზრი აქვს მოლაპარაკებას, როდესაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაგაგდოს. მოგელაპარაკოს, საჯაროდ განაცხადოს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. მაგალითად, გაეროს ტრიბუნიდანაც კი ილაპარაკეს ამაზე და ამის შემდეგ „გადაგაგდოს“.

სად არის აქ მოლაპარაკებების და კონსენსუსის შესაძლებლობა. სივრცე აღარ დატოვა. ფაქტობრივად სრულად ჩიხში შეიყვანა ყველაფერი. დღეს აბსოლუტურ ჩიხში ვართ, აქედან გამომდინარე, როდესაც რინგზე ხარ, მაშინ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ასეთ რეალობაში გადაგვისროლა ამ პარანოიდული შიშით, რაც მას აქვს ძალაუფლების დაკარგვასთან დაკავშირებით.

_ ევროკავშირის ელჩი შეხვდა ამ ამბების შემდეგ უმრავლესობის ლიდერებს, ესეც ნიშნავს თუ არა იმას, რომ დასავლეთიც ისევე აღშფოთებულია, როგორც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი?

_ რა თქმა უნდა. ყველას ამაზე ელაპარაკებოდნენ, ამას ვაკეთებთო და არ გააკეთეს. თვითონ გაზარდეს ეს მასშტაბი. მარტო ჩვენ კი არ მოგვატყუეს, მთელი სამყარო მოატყუეს. დიდი ბოდიში, მაგრამ რამდენჯერ შეხვდებოდნენ ევროკავშირის ელჩს და რამდენჯერ ეტყოდნენ, ჩვენ ამას ვაკეთებთ და რა მაგრები ვართო, ბოლოს კი არ გააკეთეს. აი, ეს მოხდა.

ასეთი პრეცედენტი ისტორიაში არც მახსოვს, რომ პოლიტიკურ ძალას ინიციატივა თვითონ წამოეყენებინოს, შემდგომ ამაზე მომხდარიყოს კონსენსუსი და საბოლოოდ თვითონვე „გადაეგდოს“ ყველა და თავისივე ინიციატივაზე თავადვე ეთქვას უარი.

ეს ხომ უკვე ყველანაირ პოლიტიკურ ლოგიკას სცილდება. და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლოგიკას, არამედ ეთიკას და აბსოლუტურად ყველაფერი დარღვეულია.

აბსოლუტურად არაადეკვატური იყო ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც გვეუბნება, არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებო. მისმა სიტყვამ დაკარგა ფასი, განულდა მისი სიტყვა, როდესაც ყველა გადააგდო და კიდევ ამბობს, რაღაცას გავაკეთებო.

_ ეს რეალობა თვითონ არ ესმის?

_ მე არ ვიცი, რა ესმის თვითონ და რა არა. როგორც ჩანს, ის არის სისტემური შიშით შეპყრობილი და განცდა მრჩება, რომ ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ანუ ეთიკური და ყველანაირი წითელი ხაზი გადახაზა თავისი ქმედებებით და, რაც მთავარია, კიდევ გვატყუებს, რომ თურმე ეს ყოფილა ბერაიას ბუნტი.

„კნოპკების“ ბუნტად გამოაცხადა. იმიტომ, რომ ეს დეპუტატები რეალურად ხომ არ არსებობენ ბუნებაში?! ესენი არიან ღილაკზე თითის დამჭერი ადამიანები და უცებ გაუსკდათ თურმე თავისუფლების ბუშტი. უნდა, რომ ეს „გვაჭამოს“. ასე გამოდის, რომ აბსოლუტურ იდიოტებად გვთვლის.

_ ადეკვატური იყო უმრავლესობის გარკვეული წევრების რეაქცია, რომლებმაც დატოვეს უმრავლესობა?

_ რა თქმა უნდა. იქ ყველა ასეთი ხომ არ არის?! მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, ათასი რაღაცა ხდება, მაინც მოთმინების ზღვარი აქვთ. ზღვარგადასულის ატანა უკვე შეუძლებელია, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ივანიშვილმა, არა მხოლოდ პოლიტიკური ეთიკის, არამედ ადამიანური, კაცური ღირსების, ყველაფერი გადალახა.

_ ამ ვითარებაში პარლამენტის ფუნქციონირება როგორ წარმოგიდგენიათ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაშინ, როცა ვინც ამ დელეგაციებს წარმოადგენდნენ, მათგან დიდი ნაწილი წამოვიდა?

_ პარლამენტი ახლა იმ ვითარებაშია, როდესაც ხინკალი და ნარდი უნდა შეიტანო. იმიტომ, რომ იქ ხომ მხოლოდ ისეთი ადამიანები დარჩნენ, რომლებსაც ურთიერთობა არ აქვთ მაინცდამაინც დეპუტატის საქმიანობასთან. სახინკლე, ლუდი, ნარდი _ ეს არის მათი საქმე.

_ ოპოზიციამ წამოაყენა სამპუნქტიანი გეგმა, თუმცა მათ შორის არ იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. როგორ ფიქრობთ, რატომ?

_ იგივე პოლიტპატიმრების საკითხი არის დეტალები. მთავარია, რომ თვითონ მექანიზმი თქვან, რა მექანიზმით უნდა იმოქმედონ. ჩვენ ხომ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დავრჩეთ. ვერ გამოვალთ კონსტიტუციის მექანიზმიდან. კონკრეტული გეგმა მე ვერ დავინახე, რა მექანიზმი მიაჩნიათ ამ გეგმის განსახორციელებლად.

ოპოზიციის აღშფოთება აბსოლუტურად სწორია. ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილმა საბოლოო ჯამში მართლა მოახერხა ის, რომ მთელი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია მომხდარიყო. მართალია, თავის წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხა.

გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. კომპრომისულ გამოსავალს მე ვერ ვხედავ. მით უმეტეს, კომპრომისზე საუბარს აზრიც არ აქვს. იმიტომ, რომ დილით მოელაპარაკები ივანიშვილს, საღამოს „გადაგაგდებს“. საღამოს მოელაპარაკები, დილით „გადაგაგდებს“. ასე რომ, არანაირი აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს.

_ ანუ, ამ ეტაპზე ოპოზიციის ქმედებებშიც ემოციური ფონი ჭარბობს?

_ მათ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. ისინი ემზადებიან და რაღაც მობილიზაციას ცდილობენ და ამ მობილიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცებს აცხადებენ, მაგრამ კრიზისიდან გამოსვლისთვის რეალური გეგმა არ ჩანს. მე ამას ვერ ვხედავ.

_ არ ფიქრობთ, რომ მათ პოლიტპატიმრების თემაც უნდა წამოეწიათ?

_ ამას უკვე რა მნიშვნელობა აქვს, რას გააჟღერებენ და რას არა. ჩვენ თუ ვსაუბრობთ მოთხოვნების თემაზე, ეს შეიძლება ასპუნქტიანი იყოს, მაგრამ მთავარი ეს ხომ არ არის?! მთავარია, კრიზისიდან როგორ გამოვდივართ.

_ ის რამდენად თანმიმდევრულია, როდესაც თან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და თან პროპორციული წესით. პროცედურულად დროში რამდენად მოსწრებადია და რამდენად თავსებადი ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთთან?

_ მე ზუსტად ამას ვამბობ, რომ მექანიზმს ვერ ვხედავ. მოთხოვნა კარგია, ლამაზად ჟღერს, მაგრამ კონსტიტუციური მექანიზმი როგორია? ეს უნდა აგვიხსნან. დავუშვათ, ხელისუფლება დათანხმდა, რაზე უნდა დათანხმდეს?!

ან როგორ უნდა დათანხმდეს? გუშინ ჩააგდეს. ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომლის უკანაც უნდა იყოს ფორმულა, როგორ შეიძლება ეს განხორციელდეს, რასაც ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ არ ჩანს.

_ ხელოვნურად ხომ არ ქმნის კრიზისს ივანიშვილი, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ წავიდეთ?

_ ივანიშვილი ჭადრაკის ფიგურებით თამაშობს, წკიპურტებით თამაშობს. შესაბამისად, მას აქვს ამოცანა, შეინარჩუნოს ძალაუფლება. დღეს ჩათვლის, რომ ეს არის გასაკეთებელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხვალ ის და ზეგ და ა. შ. მას არ აქვს რაიმე გეგმა. მას აქვს ამოცანა, რომ ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

_ რუსული სცენარი უფრო და უფრო მკაფიოდ ხომ არ ჩანს?

_ ბუნებრივია, ასეთ კრიზისულ ვითარებაში რუსეთი მაქსიმალურად მოითბობს ხელს.

_ მე ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის კარნახით ხომ არ მოქმედებს ივანიშვილი?

_ მე არ წავიდოდი ასე შორს. იმიტომ, რომ ამას უფრო შეთქმულების თეორიის სახელი ექნება.

_ თუნდაც გავრილოვის განცხადება, როცა ბოდიშის მოხდას ითხოვს, ამაზე ხომ არ მიანიშნებს?

_ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ფასეულობათა სისტემა. პრორუსი, პროდასავლელი და გარედან შეკვეთა _ ასეთი რაღაცები არ აქვს. მას უნდა ძალაუფლება. თუ ძალაუფლებას დასჭირდება რუსეთი, იტყვის და იმოქმედებს ისე, რომ გაუმარჯოს რუსეთს. დასჭირდება სხვა რამე, მაშინ გაუმარჯოს იმ სხვა რამეს.

მე ამ დამოკიდებულებას უფრო ვხედავ, ვიდრე რაღაც მის ფასეულობით ორიენტაციას.