გიგა ბუკია – “სადაც ოქრიაშვილს ივანიშვილზე მეტი წონა აქვს, იმ უმრავლესობაში ვერ დავრჩებოდით”

გიგა ბუკია - "სადაც ოქრიაშვილს ივანიშვილზე მეტი წონა აქვს, იმ უმრავლესობაში ვერ დავრჩებოდით”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რას აპირებს პარლამენტის უმრავლესობიდან გამოსული კონსერვატორების ფრაქცია? როგორ აფასებენ კონსერვატორები ქუჩაში მიმდინარე აქციებს? რას ნიშნავს აირაის ბოლო კვლევის თანახმად გამოცხადებული პირველი პირების უარყოფითი რეიტინგები? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა კონსერვატორ დეპუტატს გიგა ბუკიას.
– რამდენადაც ვიცი, უმრავლესობიდან გამოსვლის შემდეგ კენჭისყრისას დააფიქსირებთ უმრავლესობის მსგავს პოზიციას ზოგიერთ საკითხზე. მაგალითად, ბიუჯეტის დამტკიცებისას “ქართულ ოცნებას” გაუამხანაგდებით?
– ჩვენ, კონსერვატორები, ამ გადაწყვეტილების შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ და არავისთან გაამხანაგებას არ ვაპირებთ. თუ მისაღებად ჩავთვლით, დავეთანხმებით ნებისმიერ ინიციატივას. თუ რომელიმე პროექტი წაადგება ქვეყანას ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა თვალსაზრისით, ყველას ხმას მივცემთ.
– ესე იგი, კენჭისყრისას თავისუფლება გექნებათ?
– შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის თავისუფლად ვიქცეოდით კენჭისყრის დროს. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ყველას არ ჩამოვთვლი. მაგალითად მოვიყვან გახმაურებულ თემას. იმ კანონპროექტებს, რომლებითაც ნარკოტიკები ხდებოდა ხელმისაწვდომი, მხარს არ ვუჭერდით. ჩვენ მტკიცე უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა კანაფის პლანტაციებზეც. ამას არ ვმალავდით.
– თუმცა, ახლა უფრო მეტი თავისუფლება გექნებათ.
– რასაკვირველია. ყველა გადაწყვეტილებას ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე მივიღებთ. წინათ ცხარე კამათი ბევრჯერ გვქონია უმრავლესობის შიგნით ამა თუ იმ საკითხზე. ეს უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა და ვცდილობდით კონსენსუსის მიღწევას.
– “ოცნების” სასარგებლოდ?
– არა, არა. ხან ასე იყო, ხან ისე. ყოფილა შემთხვევები, რომ ჩვენც გაგვიტანია ჩვენი პოზიცია. მაგალითად, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციაში. ახლა ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა პოლიტიკურ პროცესში. არც პასუხისმგებლობას გავურბივართ. ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში მოხდა.
– იმავე მიზეზით, რის გამოც უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეთ, გრძელდება საპროტესტო აქციები პარლამენტთან.
– გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მთავარია, რომ არც ხელისუფლება და არც აქციის მონაწილეები არ გამოვიდნენ კანონის ჩარჩოებიდან. სიტუაციის დაძაბვა ისევ და ისევ უნდა ნაციონალურ მოძრაობას თავისი განშტოებიანად. პოლიტიკური ძალების რადიკალიზაცია და ორ ნაწილად დაყოფა კი ორივეს აწყობს – მმართველ პარტიასაც და ნაცმოძრაობასაც.
– ისევ ორპოლუსიანობის ნიშნებს ხედავთ?
– სამწუხაროდ, უნდათ ამის შენარჩუნება. “ქართული ოცნებისთვის” ხელსაყრელია, თუ მისი მტერი იქნება სააკაშვილი. პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება სწორედ იმიტომ გვინდოდა, რომ არ ყოფილიყო მარტო თეთრი და შავი, მარტო “ოცნება” და ნაცმოძრაობა.
იმათ, ვინც კონსერვატორებში ვართ, რადიკალიზაციის, ბრძოლისა და ბარიკადების მეტი რა გვინახავს. ჩვენ კი არ გვეშინია ამის, გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. პროპორციული წესით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი მოიტანდა გრძელვადიან სტაბილურობას.
– ამის მოწინააღმდეგეებისთვის, პირიქით, მრავალპარტიული პარლამენტია სტაბილურობის დამრღვევი.
– მრავალპარტიული პარლამენტის დროს შეიძლება გაჭირდეს გადაწყვეტილებების მიღება, სამაგიეროდ, გამოირიცხება რადიკალიზაცია და იქნება გრძელვადიანი სტაბილურობა. ჩვენი საზოგადოება მომწიფებულია საიმისოდ, რომ გააკეთოს არჩევანი და აირჩიოს პარტიები. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის უმრავლესობაში აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებმაც ეს პროექტი ჩააგდეს.
– ამაზე სხვა აზრია გავრცელებული.
– ჩვენთვის ამოსავალი გახდა ზოგიერთი მაჟორიტარის მოქმედებები. კონსერვატორები ვერ დავრჩებოდით იმ უმრავლესობაში, სადაც ოქრიაშვილის სიტყვას მმართველი პარტიის თავმჯდომარის სიტყვაზე მეტი წონა აქვს.
ამ მაჟორიტარებმა ხალხს ნდობა დააკარგვინეს. თუ ეს მაჟორიტარები ფიქრობენ, რომ “ოცნება” მათ მაჟორიტარებად კიდევ გაიყვანს, ცდებიან. საზოგადოება ასეთ ხალხს არ აირჩევს. შეიძლება ყველა ადამიანი ვერ ერკვევა საარჩევნო კანონმდებლობაში, მაგრამ მატყუარა და პირობის დამრღვევი ხელისუფლება არავის მოსწონს.
– უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ “ოცნების” ინიციატივა პროპორციული არჩევნების შესახებ მარტო “ოცნების” წინადადება იყო და ეს არ ყოფილა პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. ამდენად, პარტიების წინაშე თავის სამართლებელი არაფერი აქვთ.
– რამდენი დღეა, “ქართული ოცნება” თავის მართლებაზეა გადასული. კი ბატონო, ეს მმართველი პარტიის კარგი ინიციატივაა. სამწუხაროდ, ის არ გავიდა. თუ კარგი ინიციატივა შესთავაზე ხალხს, ბარემ, ბოლომდე მიიყვანე, სიტყვაც შეასრულე, თორემ, აღარავინ გენდობა.
– აირაის ბოლო კვლევით, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ – სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს 70%-ს, არჩილ თალაკვაძე 50%-ს, გიორგი გახარია 49%-ს. ეს რას ნიშნავს? ხალხი პირველ პირებს არ ენდობა?
– ეს მონაცემები სარწმუნოდ არ მიმაჩნია. აირაის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ არ ვენდობი იმ ადგილობრივ სამსახურებს, რომლებიც ატარებენ კვლევას. განსაკუთრებით, საეჭვოა რეიტინგები.
2010 წელს ადგილობრივ არჩევნებამდე აირაიმ კონსერვატორებს 1%-ზე ცოტა მეტი დაგვიწერა იმ დროს, როცა არჩევნებში 12% ავიღეთ. ასეთი აცდენა უამრავი იყო. ეს ციფრებია სადავო, თორემ უმუშევრობა რომ ხალხის დიდ რაოდენობას აწუხებს, ეს აირაის გარეშეც ყველამ ვიცით.