17 მარტს მთავარ არხზე გიორგი გაბუნიამ თავის მონოლოგში მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციის ქმედებები.
“მერამდენედ დასრულდა ეს ბიძინა, რამდენი წელია ამას ვისმენთ ოპოზიციისგან? მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკოსები რეალურს სასურველად ასაღებენ. ზოგიერთ მათგანს ალბათ რეალურად სჯერა იმის, რომ ბიძინას ასე მარტივად დაასრულებენ.
რატომ ელოდება ოპოზიცია მუდმივად ბიძინას ტრიუკებს, რატომ ცხოვრობს მუდმივად ბიძინას დაგეგმილი დღის წესრიგით?! იმის ნაცვლად, რომ იყოს პროაქტიური, თვითონ მოუწყოს ბიძინას ტრიუკები და ის დამაბნეველ სიტუაციაში მოაქციოს, ოპოზიცია სრულიად რექტიურია – მოქმედებს ბიძინა და პოლიტიკოსები შემდეგ რეაგირებენ და მიყვებიან მას.
ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინასთვის მოულოდნელი იყო ქართული ოცნების წევრების პროტესტი და პარტიიდან გასვლა? მაჟორიტარების გეგმებიც კარგად იცოდა, იმიტომ რომ ეს მისი გეგმებია და დანარჩენები რას იზამდნენ, ისიც არ იყო რთული გამოსათვლელი.
არაფერი არ ხდება ისეთი, სამწუხაროდ, რისი წინასწარ გათვლა მილიარდერს არ შეეძლო.
აი, 20 ივნისს ნამდვილად იყო ის მომენტი, რომ ბიძინას სიტუაცია ხელიდან გაექცა. ამდენი ხალხის მაშინდელი გამოსვლა მისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. პანიკაში ჩავარდნილმა იმიტომაც დათმო პარლამენტის თავმჯდომარე და ვითომ პროპორციული არჩევნებიც, ოღონდაც იმ მომენტში როგორღაც ვითარება ჩაეწყნარებინა.
მაგრამ როგორც კი მიეცა ბიძინას დრო დაფიქრებისთვის, მან ყველაფერი უკან შემოატრიალა, საპროტესტო აქცია მიუშვა და დროს და თვითონ მომიტინგეებს ისე გააცვეთინა ეს თემა, რომ საბოლოოდ ისინი თვითონ დაიშალნენ. თანაც ამით ბევრ ადამიანს დააკარგვინა რწმენა, რომ მიტინგზე რაიმეს მოთხოვნას საერთოდ აზრი აქვს.
ივანიშვილის წისქვილზე დაასხა წყალი იმ აბსურდმაც, რაც იმ აქციაზე ხდებოდა. მომიტინგეები თან სუფთა პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ პროპორციულ არჩევნებზე და ან იძახოდნენ, პოლიტიკოსები არ დაგვანახოთო. და იმ პროპორციულ არჩევნებში კენჭი ვის უნდა ეყარა, პოლიტიკოსებს თუ იმ მომიტინგეებს?! აბა რანაირად შეიძლება ამ დროს პოლიტიკოსები დაბლოკო.
ივანიშვილმაც ზუსტად ამ აბსურდს შეუწყო ხელი და ზუსტად პროპორციული არჩევნების ჩატარებას დაპირდა ხალხს”, – თქვა გიორგი გაბუნიამ.

