გიორგი გუგავა – “სამწუხაროდ, საპატრიარქოშიც კრიზისი გვაქვს”

გიორგი გუგავა - "სამწუხაროდ, საპატრიარქოშიც კრიზისი გვაქვს"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რამდენიმე აქტუალურ საკითხზე “ახალი თაობა” ესაუბრა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავას.
– 28 ოქტომბერს საქართველოს რამდენიმე სტრუქტურაზე მოხდა კიბერშეტევა და ვებ-გვერდებზე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო მინაწერით “მე დავბრუნდები”. როგორ გგონიათ, სააკაშვილის დაბრუნება ქვეყანაში შესაძლებელია?
– ჰაკერულ შეტევებზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. მას უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი ისეთი სისტემები, რომ ასეთი რამ არ მოხდეს.
ჰაკერული დანაშაულისგან ქვეყანა დაზიანდა 2008 წელს. მაშინ ჰაკერული თავდასხმის შედეგად გაითიშა ქსელები და მოხდა უწყებების პარალიზება. ამ ხელისუფლებას სხვაგან ყველგან გაბერილი აქვს შტატები და სადაც საჭიროა, იქ საქმეს ვერ აკეთებს. სახელმწიფო სამსახურები გავსებულია უსაქმურებით, რომლებიც წამოწოლილი არიან, არაფერს აკეთებენ და უზარმაზარ ჯამაგირებს იღებენ.
ამ სახის დანაშაული გლობალური ხასიათისაა. სხვა სახელმწიფოები მას ეფექტურად და უნარიანად ებრძვიან. ჩვენთან ეს მიმართულება მოწყვლადია. ეს სფეროც, ისევე, როგორც სხვა სფეროები, ჩამოშლილია.
ვინ მოახდინა ეს შეტევა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ. ალბათ, ამას პიარული დანიშნულება ჰქონდა. სააკაშვილი ისედაც ჩართულია პოლიტიკაში. ამას მას ვერავინ აუკრძალავს. მას ჰყავს თავისი მომხრეები.
– მის დაბრუნებას არ ვარაუდობთ?
– ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. ახლანდელი ოლიგარქიული სისტემა სწორედ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩაისახა, შემდეგ კი გაძლიერდა. ნაციონალების “დამსახურებაცაა”, რომ ასეთი საშინელი სისტემა გვაქვს. სულ ამ დღეში ხომ არ ვიქნებით! ოლიგარქებს დაპყრობილი აქვთ ძალაუფლება, ბიზნესი და მთელი ქვეყნის ქონება. ხალხმა თვითონ იცის, რა მდგომარეობაში იმყოფება. მდგომარეობა შესაცვლელია. ქვეყანა უნდა განვითარდეს.
– 2020 წლის შემდეგ ეს შესაძლებელია?
– თუ ხელისუფლებაში მოვალთ ჩვენ, ლეიბორისტები, სხვებთან კოალიციური თანამშრომლობით შეცვლით სისტემას.
– როგორ?
– მთავარია ორი სასიცოცხლო ამოცანის შესრულება. პირველი – ოლიგარქიული სისტემის დაშლა. ჩვენი რეფორმებით, მთელი ეროვნული სიმდიდრის პატრონები აღარ იქნებიან ოლიგარქები. ამ ოლიგარქებმა გამოიწვიეს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება და დაშლა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს არსებობას. ამ მონსტრის დამარცხებით აღდგება ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება.
მეორე ამოცანაა სამართლიანი პოლიტიკური სისტემისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება. ოლიგარქებმა უნდა გააძლიერონ ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, განახორციელონ მეწარმეობა.
– და თავი დაანებონ პოლიტიკას?
– პოლიტიკას უნდა მიხედოს პოლიტიკურმა კლასმა. ეროვნული სიმდიდრე უნდა განაწილდეს ყველაზე. ყველა ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური სოციალური გარანტიებით – ჯანდაცვით, განათლებითა და სხვა.
– უსაფრთხოებასაც უფრო მეტი ადგილი უნდა დაეთმოს?
– თავისთავად. შიდა გამოწვევის გარდა, ჩვენ ვდგავართ გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე. საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება. იაპონიასა და ისრაელში ამერიკული ბაზებია და ვხედავთ, რომ ეს სახელმწიფოები ძალიან ძლიერები არიან ყველანაირად. მათ შორის, ეკონომიკურად.
– თუ 2020 წლის არჩევნებში დომინანტი ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა, მაშინ შესაძლებელია სააკაშვილის დაბრუნება?
– ჩვენ ჩვენი გათვლები და მიზნები გვაქვს. როგორც გითხარით, გვინდა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და სოციალური სამართლიანობა დამყარდეს. ასეთი გეგმები ადრევე გქონდა. დრომ აჩვენა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით.
– შაბათიდან მოყოლებული, მეუფე იაკობის განცხადებების შემდეგ, პოლიტიკოსებმა ზოგადად ეკლესიის საკითხი წამოსწიეს. მათი ნაწილი სასულიერო პირების დაფარულ ცოდვებზე ალაპარაკდა, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეკლესიაზე მორიგი იერიში გამძაფრდა.
– ჩვენმა კონსტიტუციამ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გაყო. ეს აპრობირებული დასავლური მოდელია. ეს მდგომარეობა იმიტომ მივიღეთ, რომ სახელმწიფო და ეკლესია არღვევდნენ კონსტუტუციას და ერეოდნენ ერთმანეთის საქმეებში.
– ორივე მხარე სცოდავდა?
– რასაკვირველია. საპატრიარქო ერეოდა პოლიტიკაში, ბიზნესსა და ბევრ იმ სფეროში, რომელიც ეკლესიასთან არ იყო დაკავშირებული. საერო ხელისუფლებაც ჩართული იყო ეკლესიის საქმეებში. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებამ მოინდომა მისთვის სასურველი სასულიერო პირების, მისთვის სასურველი პატრიარქის მოყვანა, ამ ინსტიტუტის არჩევნებისთვის გამოყენება.
– გამოსავალს იმაში ხედავთ, რომ ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს?
– ცხადია. ეკლესია უნდა ემსახურებოდეს ღმერთს და სულიერებას. საერო ხელისუფლებამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და საპატრიარქოს საქმეებში არ უნდა ჩაერთოს.
რაც ხდება, სახელმწიფოს, ერისა და ბერის ბრალია. სახარება ამბობს, რომ არ შეიძლება, ორ ბატონს მსახურებდე – ღმერთსაც და მამონასაც. მამონა სიმდიდრესა და მომხვეჭელობას გულისხმობს.
სამწუხაროდ, საპატრიარქოშიც კრიზისი გვაქვს, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა სფეროში.
ოლიგარქიულმა მმართველობამ ინსტიტუტები ჩამოშალა.