გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიაში იქნება?

გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიაში იქნება?გაზეთ “ვერსიასთან” საუბარში გუბაზ სანიკიძემ არ გამორიცხა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით მიიღოს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

_ პოლიტიკურ ინტერესებსა და ავტორიტეტებზე ვსაუბრობთ და ბარემ აგვიხსენით, რატომ გადაწყვიტეთ კიევში ჩასვლა და სააკაშვილთან შეხვდერა? ყველას ახსოვს თქვენი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასთან და ბევრს გაუკვირდა თქვენი ეს გადაწყვეტილება.… 

_ იმიტომ, რომ გამოსავალი არ არის ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი სხვა გამოსავალს არ ტოვებს. ვისაც გაუკვირდა, ალბათ, გასაკვირია, მაგრამ ჩვენთვის, ვინც პოლიტიკაში ვართ, მთავარი პრინციპი უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, არის ჭაობში, აღარ აქვს პერსპექტივა და აქვს ხიფათები. საქართველომ, შეიძლება, რეალურად დაკარგოს თავისი სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტები, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ყოველთვის გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. დღევანდელი მონაცემებით, შეიძლება, ბევრს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს, მაგრამ ამის მექანიზმი არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის პერსონის გარეშე. სააკაშვილი, მოგვწონს ვინმეს თუ არა, არის ძალიან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ცალკე აღებულ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურასთან, ვერ მოდის ცალ-ცალკე კი არა, ერთად აღებული, ამიტომ ჩემთვის მთავარია არა სურვილი, არამედ რეალობა. რეალობაა ის, რომ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გარეშე, ვერ მოხდება ამ ხელისუფლების ჩანაცვლება და თუ არ მოხდა ამ ხელისუფლების ჩანაცვლება, ყველაფერი ოხრად დაგვრჩება. ბიძინა ივანიშვილი ჩააბარებს რუსეთს საქართველოს.

_ ბატონო გუბაზ, სააკაშვილმა რომ შემოგთავაზოთ 2020 წლის არჩევნებში საკუთარი პარტიის ანუ ნაციონალური მოძრაობის სიით კენჭისყრა, დათანხმდებით? 

_ ძალიან შორეულ საკითხებზე ვსაუბრობთ. მაინტერესებს სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრა და რამდენადაც ვიცი, მასაც აქვს ეს ინტერესი ანუ ინიციატივა ორმხრივია. მაინტერესებს, გავესაუბრო მას პირადად, შუამავლების გარეშე და მაქვს რამდენიმე კითხვა მასთან. ვიცი, რომ მასაც აქვს ჩემთან კითხვები. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა და როგორ იყოს.