ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა – სხდომა გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა - სხდომა გადაიდოთავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.

როგორც მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, ადვოკატმა სასამართლოს გუშინ განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. მოსამართლის განმარტებითვე, უცნობია, თუ როდის შეძლებს აღნიშნული ადვოკატი სასამართლოში გამოცხადებას, რის გამოც, ირაკლი ოქრუაშვილს იმავე ბიუროდან სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.

რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, ის არც ამჯერად გამოცხადებულა სხდომაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ მას არ სურს პროცესებზე დასწრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, პარლამენტთან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.