ივანიშვილი მაჟორიტარების წინააღმდეგ – რა მოხდა “ოცნების” დახურულ სხდომაზე

ივანიშვილი მაჟორიტარების წინააღმდეგ - რა მოხდა "ოცნების" დახურულ სხდომაზერა ბედი ელის პროპორციულ საარჩევნო სისტემას – “ქართული ოცნების” ხმაურიანი სხდომიდან გამოსული დეპუტატები აღიარებენ, რომ ივანიშვილთან აუდიენცია საკმაოდ დაძაბულ გარემოში წარიმართა.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ ივანიშვილი თავდაპირველ აზრზეა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ემხრობა.
სხდომა რომ “ცხელი” იყო დაადასტურა დიმიტრი ხუნდაძემაც.
“პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი”- უთხრა მან ადგილზე შეკრებულ ჟურნალისტებს.

“მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არის საუბარი, თუ როგორც უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ ეყოლება რყევადი, არაძლიერი, სუსტი ხელისუფლება“, – აღნიშნა ხუნდაძემ და იქვე დასძინა, რომ დღეს მიღებული იყო მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება.

შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის თქმით,  ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

არველაძის განმარტებით, ის მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.

“ბატონი ბიძინა, ისევე როგორც სხვა დეპუტატები ჩემი ჩათვლით, პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ პროპორციულს უნდა დავუჭიროთ მხარი. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინც ჩათვლის, რომ ამით მისი უფლებები შეილახა და ამ გუნდში არ უნდა, დატოვებს მანდატს,”- განაცხადა რევაზ არველაძემ.