„ივანიშვილს აღარც პროპორციული სისტემა აწყობს და აღარც შერეული“

 „ივანიშვილს აღარც პროპორციული სისტემა აწყობს და აღარც შერეული“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებაზე ალაპარაკდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. ეს გზავნილი მაჟორიტარი დეპუტატებისგან გაისმა, კერძოდ კი წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა, სააფთიაქო ქსელ „პე-ეს-პე“-ს მფლობელმა კახა ოქრიაშვილმა გააჟღერა. მისივე ინფორმაციით, ამ აზრზე არიან სხვა მაჟორიტარებიც.

რა ბედი ელის პროპორციულ ცვლილებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებას? _ ამ თემაზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.

_ უმრავლესობისგან გაისმა, რომ მაჟორიტარები არ დაუჭერენ მხარს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. კახა ოქრიაშვილმა გვაცნობა ეს და გვითხრა, რომ სხვებიც არიან მის პოზიციაზე. ვარაუდობთ, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ დაპირება ისევ არ შეასრულოს და ჩააგდოს კანონპროექტი?

_ მე არაერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა მოგვიანებით. მაშინვე გამიჩნდა ეს ეჭვები, როდესაც პროპორციული სისტემა დააანონსა მან. ამჯერად ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავიგებთ ამას. იქნება ეს პირველი მოსმენის დროს, მეორე მოსმენის დროს თუ გაზაფხულზე მესამე მოსმენის დროს. როგორიც იქნება გადაწყვეტილება, ისეთი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოზიცია.

_ პირადად ივანიშვილს უკავშირებთ ამას?

_ მე არ მჯერა, რომ პარლამენტში, უმრავლესობაში არის 40-იოდე ისეთი დეპუტატი, რომლებიც ბუმს ატეხავენ და გაბედავენ ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას, თუ ივანიშვილს უნდა პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება.

_ რატომ?

_ პროპორციული საარჩევნო სისტემა კი არა, ხელი გადაუგრიხა და ანტიდისკრიმინაციული კანონი მიაღებინა და მაშინ კენჭისყრა 111:0-ზე დამთავრდა. ეს მაშინ, როცა აბსოლუტურ უმრავლესობას ამ კანონის მიღება არ უნდოდა და სულ საკუთარ მოძღვრებთან დარბოდნენ, ვაი, ვაი, რა ვქნათ, ის უფრო ძლიერიაო.

ამიტომ, შედეგის მიხედვით გამოჩნდება. თუ იქნება მიღებული პირველი მოსმენით, ეს ნიშნავს, რომ პირველი მოსმენისთვის ბიძინა ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მეორე მოსმენით თუ იქნება მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ მომენტისთვისაც ასეთ პოზიციაზე ყოფილა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, რისი უფრო ეშინია ივანიშვილს, შერეულის თუ პროპორციულის.

არცერთი სისტემის არსებობის პირობებში ივანიშვილს მოგების მაღალი შანსი არ აქვს. წავიდა ის დრო, როდესაც შერეული სისტემა მას აძლევდა უპირობო უპირატესობას. საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილია.

_ თუმცა ისიც ფაქტია, რომ გაცილებით მეტი შანსი შანსი აქვს შერეული სისტემით, ვიდრე პროპორციულით.

_ არ ვიცი. როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბოლოო ჯამში ივანიშვილი და მას აღასრულებს საპარლამენტო უმრავლესობა, ამის მიხედვით გამოჩნდება, მას შერეული სისტემის უფრო ეშინია თუ უბლოკო, უბარიერო სისტემის.

ივანიშვილისთვის უკვე შერეული სისტემაც აღარ არის ისეთი უხიფათო, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე. როდესაც 800.000 ხმაზე მეტს იღებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ეს მკაფიოდ აჩვენებს, რომ ოპოზიციური ხმები უკვე იკრიბება. ამიტომ, ეს ვითარება არის ასეთი, რომ „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე“.

ერთი მხრივ, მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან მნიშვნელოვანია ფულის ფაქტორი. ივანიშვილს აქვს ფული და ოპოზიციას არ აქვს. ამიტომ, თუ ამის იმედადაა, მაშინ გამოიყვანს ოქრიაშვილებს და კიდევ ბევრ სხვას და ჩააგდებს ამ დაპირებას.

მეორეს მხრივ, გაცემულია დასავლეთის წინაშე ღია დაპირება და არა მარტო ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამიტომ, მას ექნება თავისი პოლიტიკური ფასი გადასახდელი. გამოვა, რომ ეს კაცი ყველას ატყუებს და თავის უმრავლესობას გამოიყვანს ასპარეზზე მის ჩასაგდებად.

_ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, იმასაც ხომ არ ელოდებით, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ჩაატაროს შერეული სისტემით?

_ ახლა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არავითარი აზრი აღარ აქვს. იმიტომ, რომ რაღა დარჩა? შემოდგომაზე ისედაც იქნება არჩევნები.

_ ივანიშვილისთვის შეიძლება ჰქონდეს, რათა ძველი სისტემით ჩაატაროს.

_ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ძველი სისტემით იმ შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება. ორი სესიაა საჭირო და გაზაფხულამდე მაინც ვერ იქნება გარკვეულობა და კონსტიტუციაშიც ცვლილებები შეტანილი გაზაფხულამდე ვერ იქნება.

_ ამ შემთხვევაში იმას ვგულისხმობ, რომ დასავლეთს უთხრას, ასეთი პოლიტიკური რეალობის წინაშე დავდექიო.

_ დასავლეთმაც მშვენივრად იცის და ყველამ კარგად იცის, რომ პროპორციული სისტემა სჯობს შერეულ სისტემას. ყველამ ისიც კარგად იცის, რომ ივანიშვილი აკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობას. ამიტომ, ნებისმიერი მანიპულაცია მისი მხრიდან აღქმული იქნება მანიპულაციად ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ და ტყუილის ტირაჟირება.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს,  რასაც ის ჩათვლის საჭიროდ. რა მგონია მისთვის უფრო სახიფათოდ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მას არ აწყობს არც შერეული და არც პროპორციული სისტემა. არცერთი არ არის მისთვის უსაფრთხო.

_ ანუ, თვლით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში წაგებისთვის არის განწირული?

_ ალბათობა მეტია, რომ წააგებს, ვიდრე მოიგებს. ახლა ანგარიშობს იმას, სად მეტი შანსი აქვს, რომელი სისტემით. ამით განისაზღვრება მისი მაჟორიტარების აქტიურობაც. შესაძლოა, ერთი ოქრიაშვილი იყოს ასეთი ხისტი, მაგრამ პარლამენტში ათობით ოქრიაშვილი არ არის.

_ აღნიშნეთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას ივანიშვილმა დეპუტატებს ხელები გადაუგრიხა და მიაღებინა. იმ პერიოდშიც აყენებდა ოპოზიცია პროპორციულზე გადასვლის იდეას და მხარს რესპუბლიკელებიც უჭერდით. მაშინ, პირადად ივანიშვილი იყო ამ ცვლილების წინააღმდეგი?

_ ბიძინა ივანიშვილი მაშინ ვირეშმაკულად მოიქცა. ოღონდ 2016 წლისთვის არ ყოფილიყო პროპორციული სისტემა და ის დათანხმდა, რომ პროპორციული სისტემა შემოღებული ყოფილიყო 2020 წლიდან და ამის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება მიეღო 2016 წლამდე იმ მოწვევის პარლამენტს.

უმრავლესობის წევრების 84 ხელმოწერაც კი შედგა, მაგრამ შემდეგ ეს კენჭისყრაზე არ გასულა. ივანიშვილმა მაშინ მოიტყუა, ამიტომ სულ არ გამიკვირდება, ახლაც რომ მოიტყუოს.

_ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო ეს?

_ რა თქმა უნდა. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც მაშინ ხმის მიცემას არ აპირებდა და ამას ღიად ამბობდა, დღეს ისევ ბიძინას ხელისუფლებაშია დღევანდელ პარლამენტში.