ჯეიმს აპატურაი – შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

ჯეიმს აპატურაი - შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებსნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ NATO საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებითა და შეშფოთებით აკვირდება. ამის შესახებ მან  სოციალურ ქსელში დაწერა.

“NATO (და მე) ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.  აღნიშნული ჩიხიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანია დიალოგი. მოხარული ვარ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოს აქვს ძლიერი და დინამიური დემოკრატია და კონსენსუსის მოძიებით ეს კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს”, — წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.