კახა კოჟორიძე – “ოცნება” იმ ოროსანს ჰგავს, რომელსაც უნდა ოქროს მედალი, მაგრამ არ უნდა სწავლა”

კახა კოჟორიძე - “ოცნება” იმ ოროსანს ჰგავს, რომელსაც უნდა ოქროს მედალი, მაგრამ არ უნდა სწავლა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი, მოძრაობა ლელოს წევრი კახა კოჟორიძე პსუხობს
– კახა, პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებული მაკო გომური და კიდევ 2 პირი დაზარალებულად სცნო, თუმცა ცოტა ხნის წინ იგივე პროკურატურა ამბობდა, რომ მას კანონი არ აძლევდა საშუალებას, დაზარალებულად ეცნო მაკო გომური და სხვა პირები. რა შეიცვალა, საზოგადოებრივმა წნეხმა იქონია გავლენა ამ ყველაფერზე?
– რა თქმა უნდა, ეგ განცდა რჩება, რომ ერთადერთი, რის გამოც პროკურატურამ შეცვალა გადაწყვეტილება, იყო საზოგადოების აქტიურობა და წნეხი საზოგადოების მხრიდან. თავდაპირველი პოზიცია დაზარალებულად არცნობის შესახებ, რომ თურმე თვალდახრილი ადამიანი დაზარალებული არ არის, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, რაც მინახავს.
– გადაწყვეტილების შეცვლაზე რას იტყვით?
– შეცვლაც ისევე გაუგებრად მოხდა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკვეთა. მაშინ გადაწყვიტეს, რომ გახარიას იმიჯისთვის არ იყო სასურველი, რომ ბევრი დაზარალებული ყოფილიყო ცნობილი. ახლაც 16 ადამიანის დაზარალებულად ცნობას ითხოვდნენ უფლებადამცველები და მხოლოდ 3 ადამიანი ცნეს. ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ასევე თვალი დაკარგა, გიორგი სულაშვილი, ამ სამკაციან სიაში არ არის.
– რატომ არ არის, მანაც ხომ თვალი დაკარგა?
– მე ვვარაუდობ, რომ ეს დაზარალებულად არცნობა ამ ადამიანების უკავშირდება იმას, რომ გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად არ აწყობთ, ბევრი დაზარალებული იყოს ამ საქმეში, ასევე შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ჩვენი კანონმდებლობა გარკვეულ უფლებებს ანიჭებს დაზარალებულს.
ანიჭებს იმის უფლებას, რომ გაეცნოს საქმის მასალებს. იფიქრეს, რომ დაზარალებულებს და მათ ადვოკატებს თუ ამის უფლებას მივცემთ, უფრო მეტ ხარვეზებს აღმოაჩენენ ისინი და არ უნდათ, რომ კიდევ დამატებით ხარვეზებზე ილაპარაკონ.
ნებისმიერ შემთხვევაში აქ მთავარი არის ის, რომ ვერც სასამართლო და ვერც პროკურატურა ასეთი ტიპის საქმეებზე ტესტს ვერ აბარებს, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი აპოლიტიკური უწყებები.
ისინი არიან პარტიული გაგრძელებები მმართველი ხელისუფლების. წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო, ახლაც ასეა. ეს არის სამწუხარო რეალობა.
– 20 ივნისის საქმეს უკავშირდება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებს. რას იტყვით მის საქმესთან დაკავშირებით?
– არ ვიცი, ევროკავშირი აღიარებს თუ არა პოლიტპატიმრად, თუმცა, რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილის საქმემ ყველას გაუჩინა მოსაზრება, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით წარმოებული საქმე და პირადად მეც ეს აზრი მაქვს.
აქ მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ ეთანხმება და ვინ არ ეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილს თავის პოლიტიკურ ხედვებში. არათუ მე, არამედ ირაკლი ოქრუაშვილთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიებიც კი ამბობენ, რომ დიახ, ის არის პოლიტიკური პატიმარი. ამის მყარი პოზიცია არსებობს.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას.
– იმიჯი დასავლეთის თვალში სერიოზულად შეგველახა?
– ნამდვილად ასეა. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გაამახვილეს ყურადღება იმაზე, თუ რამდენად მძიმე სიტუაციაა სასამართლოში. ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების და სასამართლო ამ პროცესშია ჩართული. ეს არის ძალიან მძიმე განცხადება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რაც ასახავს იმ რეალობას, რაცკ სამწუხაროდკ არსებობს საქართველოში.
– ამერიკა მკაცრად აფრთხილებს ივანიშვილს. უგდებს ყურს დასავლელ პარტნიორებს?
– რეალურად უგდებს თუ არ უგდებს ყურს, ეს ერთი საკითხია. ჩვენ ასევე ვნახეთ ამერიკის ელჩის არდანიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკური სკანდალი, რაც გაჟღერდა, რომ ხელს უშლიდა “ქართული ოცნება” ელჩის დანიშვნაში, რაც ძალიან მძიმე ამბავია.
“ოცნება” ამბობს, რომ უჭირავს დასავლური ვექტორი, თუმცა ეს მისი საქმიდან არ ჩანს. “ოცნების” საქციელი მაგონებს იმ ოროსანი მოსწავლის პოზიციას, რომელსაც უნდა, რომ ოქროს მედალზე დაამთავროს სკოლა, მაგრამ გაკვეთილების სწავლა არ უნდა.
– რამდენად გაქვთ სიტუაციის შეცვლის მოლოდინი?
– რა თქმა უნდა, არ მაქვს. მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. მით უმეტეს, რომ გადამწყვეტ ეტაპზე გადადის უზენაესი სასამართლოს შერჩევა-დანიშვნის საკითხი და პარლამენტი ნაწილს ალბათ დაამტკიცებს, რაც ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება.
ასევე ახლოვდება არჩევნები და “ქართული ოცნება” კიდევ უფრო გააძლიერებს წნეხს სამართლდამცავებზე, რათა მათ შეასრულონ პარტიული და პოლიტიკური დაკვეთა. შესაბამისად, რაიმე მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით რაიმე ჯანსაღი პროცესები მოხდება, არ არსებობს.
ცალკე აღებული სასამართლო კლანი არ არსებობს, ეს არის ხელისუფლებასთან შერწყმული, ეს არის ერთი მთლიანობა, ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს.
ამიტომ პოლიტიკური ცვლილების გარეშე ვერ მოხდება ამ სისტემის გაჯანსაღება.