კახა ოქრიაშვილი “ოცნების” უმრავლესობის დაშლას აპირებს

კახა ოქრიაშვილი “ოცნების” უმრავლესობის დაშლას აპირებსნონა ცაბაძე, ახალი თაობა
14 ნოემბრის პარლამენტის სხდომამდე, რომელმაც პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, “ახალი თაობა” მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს ესაუბრა.
– ბატონო კახა, 13 ნოემბერს დილით პარლამენტის სხდომის დაწყებამდე უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან შეიკრიბა. საკმაოდ ხმაურიანი შეხვედრა იყო, იყო მუქარაც ივანიშვილის მხრიდან. რას აპირებთ მაჟორიტარი დეპუტატები, რატომ გაქვთ ასეთი მიუღებლობა პროპორციული სისტემის მიმართ?
– აქ მიუღებლობა არაფერ შუაში არ არის. აქ ქვეყნის ინტერესებია მთავარი. არსად არ მუშაობს ეს სისტემა! საერთოდ, საპარლამენტო მმართველობა აღარ მუშაობს ნორმალურად. გერმანია, რომელიც არის ლიდერი ქვეყანა, სადაც საპრეზიდენტო მმართველობა არ არის და პრემიერ-მინისტრია მთავარი პირი, ბოლო არჩევნებზე 20%-მდე მარგინალები გავიდნენ პარლამენტში, ანუ არასისტემური პარტიები და ასე შემდეგ. მთელ მსოფლიოში ეს მმართველობითი სისტემა განიცდის კრიზისს.
– ბევრ ქვეყანაშია მსგავსი სისტემა.
– ეს მმართველობითი სისტემა იმ ქვეყნებს, სადაც ეს სისტემაა, სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ავიღოთ თუნდაც ესპანეთი, სადაც კვირას მეხუთედ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები ხუთ წელიწადში და საიმედო კიდევ ვერაფერი გამოვლინდა. მოლდოვაშიც დაიშალა მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები იქნება. ისრაელში რიგგარეშე არჩევნები იყო გაზაფხულზე, ახლა ვერ ყალიბდება მთავრობა და კიდევ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.
პრაქტიკულად უთავოდ რჩებიან ქვეყნები. ქვეყნები, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერია და ეკონომიკა ძლიერია. ხოლო ჩვენნაირ ქვეყნებში ეს ჩამოშლას ნიშნავს! სადაც მთავრობა არ არის, იქ ყველაფერი ჩერდება.
– ანუ ჩვენს ქვეყანაში ვერ იმუშავებს კოალიციური მთავრობა?
– ვერ იმუშავებს და შეიძლება მთავრობა ვერც ჩამოყალიბდეს, თქვენ ასეთ მომენტს გამორიცხავთ? დავუშვათ, 40% აიღო “ქართულმა ოცნებამ”, 35% ან 30% რომელიმე სხვა პარტიამ, ვისთან უნდა გააფორმოს კოალიციური მთავრობა, პატრიოტთა ალიანსთან?! ვისთან?!
ხედვებზე დაყრდნობილი უნდა იყოს კოალიციური მთავრობები, რომ არ დაიშალოს. ხედვებზე, მიდგომებზე, როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას. ეს ხედვები უნდა დაემთხვეს. ეს ჩვენთან შეუძლებელია. ჩვენთან კულტურა კოალიციური მთავრობების არ არსებობს. იქ, სადაც კოალიციური მთავრობები ყალიბდება, ძალიან მყიფეა ეს ყველაფერი.
– ბატონო კახა, კანონპროექტი ივნისშია მიღებული. იმ დეპუტატებს, ვინც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის, ხელი აქვს მასზე მოწერილი. რა შეიცვალა?
– მე არ მოვაწერე და თავიდანვე ვგმობდი! გაცნობაც კი ვერ მოასწრეს წესიერად ამ კანონპროექტის. უცებ შეკრიბეს ეს ხალხი, უთხრეს, რომ ასეა საჭიროო და მოაწერინეს ხელი.
ახლა რომ გაიაზრეს ეს ყველაფერი, ყველას პროტესტი აქვს. დღეს ახლა ხელებს უგრიხავენ ამ ხალხს, ხელი გაქვს მოწერილი და ხმაც უნდა მისცეო. ძალიან ბევრს არ უნდა ხმის მიცემა. მაშინ რაღაცნაირად გაუაზრებლად, ძალით მოაწერინეს ხელი.
– რას ნიშნავს ძალით?
– დიახ, აი ასე ძალით მოაწერინეს. ამ ხალხისთვის მიუღებელია ეს. გუნდურობაო, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და არავინ უნდა უარყოს გუნდური დისციპლინაო. ასე ზეწოლით მოაწერინეს ხელი.
– 13 ნოემბრის შეხვედრას ესწრებოდით?
– კი ბატონო, ვესწრებოდი და იქაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. გეტყვით, რომ იგივე დიმიტრი ხუნდაძეც მოტყუებულია.
– რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი?
– ივანიშვილი ამბობს, რომ არსებულ კანონპროექტს უნდა მივცეთ ხმა. ბევრი ეწინააღმდეგება ღიად, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე. თუმცა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ თუ გაჯიუტდება, შეუძლიათ გააგდონ უმრავლესობიდან.
– დაემუქრნენ?
– ასეა. უთხრეს მას, რომ უნდა მისცეს ხმა ამ კანონპროექტს, რადგან ეს გუნდური პრინციპია და მიდის ზეწოლა დეპუტატებზე და შანტაჟი, რომ თუ ასე არ მოიქცევით, გაგრიცხავთ. ჰოდა გამრიცხეთო, უთხრა ამ კაცმა!
– აქამდე 20 დეპუტატი იყავით, ვინც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მიდიოდით. გაიზარდა ეს რიცხვი?
– გაიზარდა. შინაგანად უფრო და უფრო მეტი ხალხი გვიჭერს მხარს. იგივე არამაჟორიტარები. მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ არ მისცემს ხმას, რადგან თვლის, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა.
– შიში გაქვთ, რომ “ოცნება” ვერც კოალიციას შექმნის და ვერც უმრავლესობაში მოვა 2020-ში?
– რა შუაშია “ოცნება”. მე საერთოდ არ ვფიქრობ ამ “ოცნებაზე”. არც “ოცნების” წევრი ვარ, უმრავლესობის წევრი ვარ.
დღეს იმაზე არ არის ლაპარაკი, თუ ვინ გაიმარჯვებს. აქ საუბარია იმაზე, რომ სისტემა არ ვარგა და ეს ქვეყნისთვის იქნება სერიოზული პრობლემა.
იმიტომ, რომ ესპანეთისთვის პრობლემაა, ისრაელისთვის პრობლემაა, იტალიისთვის პრობლემა იყო. სხვათა შორის, იტალია პროპორციულიდან გადავიდა შერეულ სისტემაზე. რა, გიჟები არიან იტალიელები?! ამერიკაში რატომაა სრულად მაჟორიტარული სისტემა?!
– ანუ ეს იყო ნაუცბათევად და გაუაზრებლად მიღებული გადაწყვეტილება?
– ნამდვილად გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო. ივნისში ხალხი საარჩევნო სისტემას კი არ აპროტესტებდა, არამედ აპროტესტებდა იმ იდიოტების მიერ განხორციელებულ გავრილოვის თემას, აი, ამას აპროტესტებდა ახალგაზრდობა და არა – საარჩევნო სისტემას.
სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ სახალხო განხილვები რომ იყო, ხალხი პირდაპირ აფიქსირებდა, რომ უნდათ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და ასევე პირდაპირი არჩევითობა უნდათ პრეზიდენტის.
– რას აპირებთ, დაუშლით უმრავლესობას “ქართულ ოცნებას”?
– თუ დაიშლება ეს უმრავლესობა, ეს დიდი ამბავი არ იქნება. იქნება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ ზაფხულში. თუ გახსოვთ, მე მაშინ მომხრე ვიყავი რიგგარეშე არჩევნების.
– ანუ არ გამორიცხავთ ვადამდელ არჩევნებს და შესაძლოა დაშალოთ კიდეც უმრავლესობა?
– არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეს პოლიტიკაა და აქ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
– პირადად თქვენ რას აპირებთ?
– მხარს ნამდვილად არ დავუჭერ. დანარჩენს ნახავთ.