“კალაძეს ერთი სული აქვს, როდის გააღწევს “ოცნებიდან”

“კალაძეს ერთი სული აქვს, როდის გააღწევს "ოცნებიდან”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ქართულ ოცნებას” დეპუტატები აქტიურად ტოვებენ. გუშინ უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმა და მისმა თანაგუნდელებმაც დატოვეს. რა ხდება მმართველ გუნდში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი თუ გემი იძირება და ვირთხები გარბიან? რა გეგმები აქვს ოპოზიციას და როგორ განვითარდება პროცესები? “ახალი თაობა” ამ საკითხების გარკვევას ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან ერთად შეეცადა.
– ბატონო თორნიკე, უკვე 15-მა დეპუტატმა დატოვა უმრავლესობის რიგები. რა ხდება, კარგად დადგმული სპექტაკლია თუ გემიდან ვირთხები გარბიან?
– ნამდვილად არ ვიცი, შიგნით რა მოხდა, მაგრამ მე მგონია, რომ ივანიშვილმა რატომღაც კარგად არ მოინდომა იმ დეპუტატების დარწმუნება, ვინც ეს გააპროტესტა. ყველანი ვთანხმდებით და ცხადია, რომ მაჟორიტარებს ეს ცვლილება არ აწყობდათ. მათ ეს გააპროტესტეს, ივანიშვილმა რატომღაც მათი გადარწმუნება არ მოინდომა. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ გადაგორდებოდა ეს საკითხი.
– ეს ყველაფერი არ არის წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი და მოულოდნელად მიმდინარეობს ეს პროცესები?
– სანახევროდ გათვლილია. როდესაც ვიღაცეებმა გააპროტესტეს, ის მაინცდამაინც არ შეეწინააღმდეგა.
– რატომ, იფიქრა, რომ მისი ნების წინააღმდეგ ვერავინ წავიდოდა?
– მან იფიქრა, რომ ამ კრიზისს გადააგორებდა. ივანისვის შეეძლო მათი გადარწმუნება, მაგრამ არ მოინდომა და ეს გამოიყენა სათავისოდ. ამას მოყვა ის, რომ აშკარად შეშინდა მის გვერდით მდგომი ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე “ოცნების” დეპუტატი და წავიდა პარტიიდან. მათ დაინახეს, რომ ამ კაცმა დაკარგა რეალობის შეგრძნება. აქამდე კიდევ იყო რაღაცის იმედი.
– ანუ ეს არ არის მიზანმიმართული პროცესი და მისი თანხმობით არ იშლება უმრავლესობა?
– ძალიან სახიფათო ზღვრამდე მივიდა უკვე ეს სიტუაცია. რა გარანტიაა რომ ამას გააჩერებს. მსგავსი გარანტია არ არსებობს. სახეზე ვუყურებდი “ოცნების” ზოგიერთ დეპუტატს და მივხვდი, რომ ძალიან ცუდად არის შიგნით საქმე. ივანიშვილმა მოინდომა, რომ ეს სიტუაცია გამოეყენებინა სათავისოდ, ამ პროცესის უკან თვითონ იდგა, მაგრამ სიტუაცია ხელიდან გაექცა. სისტემა რომელიც არის მანკიერი, აფეთქდა შიგნიდან საბოლოოდ.
– ივანიშვილის სურვილით და მისი თანხმობით არ ჩავარდნილა ეს კანონპროექტი?
– ამ კანონის ჩაგდებაში ის დიდ საფრთხეს ვერ ხედავდა. ამიტომაც მიუშვა სიტუაცია, ჩააგდებინა კანონპროექტი, მაგრამ მერე რაც მოხდა, ამას არ ელოდებოდა. მათ შორის არ ელოდებოდა ალბათ არც ოპოზიციის გაერთიანებას. იმიტომაც იყო, კობახიძე შეშლილივით რომ ყვიროდა, ნაცები ხართ ყველანიო. ახლა ცდილობენ, რომ ეს კარტი გაათამაშონ, რომ შეარცხვინონ ყველა პარტია, ვინც გაერთიანდება და დადგება რუსთაველზე, რომ თქვენ ნაცები ხართ. ეს აღარ მუშაობს. ირმა ინაშვილისთვის ნაცის დაძახება სრული მარაზმია!
– გაგრძელდება დეპუტატების მხრიდან უმრავლესობის დატოვება?
– ვნახოთ, ეს ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი. ახალი კვირიდან ყველაფერი გარკვეული იქნება. ოპოზიცია შეეცდება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს პროტესტი, რაც აგორდა, არ უნდა მინელდეს. ხოლო თუ “ოცნება” ამასობაში დაიშალა, საქმეც ბოლომდე მივა.
სიტუაციის გაწელვა აწყობს მთავრობას. თუ პროტესტი გაიწელა კიდევ კვირეები, ამასობაში სიცივე მოდის და ამ სიტუაციას გადააგორებს მთავრობა. ასე რომ, თუ ოპოზიციას ეყოფა ამის პოლიტიკური გამოცდილება, ჭკუა და გონიერება, ეს საქმე გამოვა.
ჩვენ ვნახეთ, ზაფხულში რა შეცდომა იქნა დაშვებული. პირველი შეცდომა იყო ის, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა გამოაცხადეს, რომ პოლიტიკოსები არ სჭირდებოდათ და თვითონ წარუძღვებოდნენ მიტინგს, ამან კი რეალურად არაფერი მოიტანა. აქციის მონაწილეებს არ ეყოთ პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება და საბოლოო ჯამში მთავრობამ გადააგორა ეს კრიზისი და მეორეც, მთავრობამ დაპირება გასცა და არ შეასრულა. ანუ ყველაფერი ახლაა ბოლომდე მისაყვანი!
– ოპოზიცია გაერთიანდა. შეინარჩუნებენ ამ ერთობას? ისინი მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, ოღონდ პროპორციული წესით, კონსტიტუციონალისტები კი ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. ჩიხში ხომ არ შევა ოპოზიცია?
– მართალი გითხრათ არ ვიცი, შეუძლებელია თუ შესაძლებელი, მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ, მაგრამ ოპოზიციას შეუძლია გამოსავალი იპოვოს. თუ “ოცნება” დაიშალა მარტივ მამრავლებად, მათ შეუძლიათ პარლამენტში შეკრიბონ ყველანაირი უმრავლესობა და ნებისმიერი ცვლილება გაიტანონ.
– რამდენად მომგებიანი იქნება ახლა ვადამდელი არჩევნები?
– სწორედ რომ ახლა მომგებიანია, იმიტომ, რომ შოკშია ხელისუფლება.
– მაშინ ოპოზიციის გამჭრიახობაზეა ყველაფერი დამოკიდებული?
– კი, მასზეა ყველაფერი დამოკიდებული. ხელისუფლებას თუ იმედი აქვს, რომ ვადამდელს მოიგებს მაჟორიტარების ხარჯზე და დარჩება კიდევ ოთხი წელი, ეს აბსურდია, გამორიცხულია. ამ მთავრობას არ აქვს ლეგიტიმაცია, 4 კი არა, 1 წელიც რომ დარჩეს.
ყველაფერი ოპოზიციის გამჭრიახობაზეა, გონზე მოსვლა არ უნდა აცადოს “ოცნებას”. “ოცნებას” იმის იმედი აქვს, რომ ოპოზიცია სუსტია. ვნახოთ, რა იქნება.
– ოპოზიციამ თუ ერთიანობა შეინარჩუნა, ძლიერ ძალად იქცევა?
– ოპოზიციაში არის რამდენიმე ძლიერი, გამოცდილი პოლიტიკოსი, მათ შეუძლიათ, ააწყონ სტრატეგია, რომელიც მათ მოაგებინებთ. მართალია, ისეთი ძლიერი ფიგურები, როგორიც იყო სააკაშვილი 2003 წელს, ახლა არ ჰყავთ, მაგრამ გამოცდილი ადამიანები ნამდვილად არიან. ისეთებიც, ვისაც ურთიერთობების დალაგება კარგად გამოსდის დასავლეთთან.
– დასავლეთი უკვე ჩაერთო პროცესებში, შეხვედრები მიდის ივანიშვილთან. მიიღებს ის საყვედურს ამ კანონპროექტის ჩაგდებისთვის?
– იმედია, რომ დასავლეთს საქართველოს მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს და თუ ასეა, რა თქმა უნდა, უსაყვედურებენ, ბუნებრივია.
ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არ გაუკეთებია არც ერთ მმართველს საქართველოში. მსგავსი მოტყუება არ უკადრებია არავის.
– რა მოხდა, გათვალეს და მიხვდნენ, რომ პროპორციულით ვერანაირად ვერ იგებდნენ?
– შეიძლება იყო შანსი მოგების, მაგრამ რისკი იყო საკმაოდ დიდი და ამას მიხვდნენ. “ოცნების” რეიტინგი იმდენდ დაბალია, რომ მისი შანსი იყო ერთადერთი, ნეიტრალური ამომრჩეველი დაეტოვებინა სახლში. თუ ნეიტრალური ამომრჩევლის ნახევარი მაინც მივა არჩევნებზე, აუცილებლად წააგებენ.
ამის ფონზე სრულიად ბუნებრივია ის, რაც “ოცნებაში” ხდება. ნორმალური პოლიტიკოსი არ დარჩათ გუნდში. ნორმალურმა ადამიანმა როგორ უნდა მისცეს ხმა პარტიას, რომლის სახეებიც არიან მდინარაძე და კობახიძე. აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას.
– ვინც დარჩათ შედარებით ცნობადი და მომგებიანი სახეები, ისინიც ხომ არ წავლენ? მაგალითად, კალაძე?
– კალაძეს ერთი სული აქვს, როდის გააღწევს “ოცნებიდან”, დარწმუნებული ვარ, გასწრებაზეა, მაგრამ ჯერ ფრთხილობს, ეშინია, დიდი ეჭვი მაქვს, მასზე არსებობს კომპრომატები.
– დარჩა რაიმე გასათამაშებელი ივანიშვილს, რომ შემოაბრუნოს სიტუაცია?
– პრობლემა სწორედ ისაა, რომ ასეთი ტყუილის შემდეგ რთული იქნება სიტუაციის შემობრუნება. ადამიანმა, რომელიც ატყუებს მოსახლეობას და ატყუებს საკუთარ გუნდს, ქვეყანა როგორ უნდა მართოს?!
უმრავლესობის დეპუტატებმა იგრძნეს ხიფათი, რომ გემი იძირება და გარბიან!