სკანდალში გახვეული ყოფილი დიპლომატი – ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაშია მხილებული.
“ეს არის აბსოლუტურად არასწორი, ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავი. ხოლო ის ფაქტი რატომ შეფასდა სკანდალად და გადაგდებად, ჩემთვის მეტყველებს, რომ ამაში გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებული, რომ წარმოეჩინათ ეს ფაქტი.
ბინის მეპატრონემ შეიტანა სარჩელი, რომ მას მიეცა საფუძველი, თავისი არაკეთილსინდისიერი განზრახვა მოეყვანა სისრულეში და მოეთხოვა მეტი თანხა, რაც მას ეკუთვნოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ლიტვიდან წამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ყველა გადასახდელი იყო და რეგულირდება მხოლოდ კონტრაქტით მეპატრონესთან, გადახდილია,”- განუცხადა “კურიერს” ხათუნა სალუქვაძემ.
ხათუნა სალუქვაძე ამბობს, რომ აუცილებლად უჩივლებს იმ სააგენტოს რომელმაც დაწერა, რომ ვილნიუსის სასამართლომ მას ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდა დააკისრა. სალუქვაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
ყოფილი ელჩის თქმით, ბინის მეპატრონესა და მას შორის დაძაბულობა 2018 წლის ივლისიდან დაიწყო. მისი თქმით, ბინაში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, გაძარცვეს და რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ნივთები წაიღეს. სალუქვაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მეპატრონეს უსაფრთხოების ზომების მიღება სთხოვა. საპასუხოდ კი სახლის პატრონმა, მანუელ რუის გარსიამ მას დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მანუელ რუის გარსიას მიეცა საფუძველი თავისი “არაკეთელისინდისიერი განზრახვა მოეყვანა სისრულეში და მოეთხოვა მეტი თანხა, ვიდრე მას ეკუთვნოდა”.
ლიტვურმა გამოცემა Lietuvos Rytas-მა დაწერა, რომ ბინის მფლობელი, სადაც სალუქვაძე ლიტვაში დიპლომატიური მისიის დროს ცხოვრობდა, სალუქვაძისგან 8 ათასი ევროს ქირის საფასურს, 150 ევროს ჯარიმებსა და 1.500 ევრომდე მოსაკრებლის ანაზღაურებას ითხოვდა.
მედიის ცნობით, სასამართლომ გარსიას მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ხათუნა სალუქვაძეს განაჩენის გასაჩივრების უფლება ჯერჯერობით არ გამოუყენებია და დავალიანებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
ხათუნა სალუქვაძე ლიტვაში საქართველოს ელჩის პოსტს თითქმის 6 წლის განმავლობაში იკავებდა. მან დიპლომატიური საქმიანობა ლიტვაში მიმდინარე წლის მარტში დაასრულა, ამ პოზიციაზე იგი ლევან ღვაჩლიანმა შეცვალა.

