“კვირიკაშვილი და ჩუგოშვილის გუნდი ერთად შეიძლება დიდი ძალა გახდეს”

“კვირიკაშვილი და ჩუგოშვილის გუნდი ერთად შეიძლება დიდი ძალა გახდეს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– კვლავ აქტუალურია გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. ამბობენ, რომ მისი დასაყრდენი პარლამენტში ის ფრაქცია იქნება, რომელსაც “ოცნებიდან” ახლად წამოსული თამარ ჩუგოშვილი და სხვები ქმნიან. გამორიცხავთ კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას?
– არა, როგორ გამოვრიცხავ. მართალია, მას არაერთხელ უთქვამს, რომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება პოზიციები შეცვალოს, დაინახოს ამის აუცილებლობა, საკუთარი მზაობაც და მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც სავსებით რეალურია.
რაც შეეხება ამ ახალ გუნდს, მართლაც შეიძლება ეს გუნდი მასთან ვიხილოთ, რადგან პოლიტიკური სტილით ამ ხალხს და გიორგი კვირიკაშვილს ბევრი საერთო აქვთ. პოლიტიკური სტილი, ზომიერება, თავშეკავებულობა, საგარეო ვექტორები, ეს არის ის საერთო, რაც მათ აქვთ.
თუ ეს პროცესი მართლაც უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, შეიძლება საინტერესო იყოს და არ არის გამორიცხული, რომ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური მომავალიც ჰქონდეთ.
– თუ მართლაც ასეთი ერთობა შედგა და კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, შეიძლება მესამე ძალად განვიხილოთ?
– ამის პერსპექტივები ნამდვილად არსებობს, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს გიორგი კვირიკაშვილი და შემოიკრებს იმ გუნდს, რომელზეც ვისაუბრეთ. კვირიკაშვილს შეუძლია, თუ მოინდომებს, რეალური ალტერნატივა შექმნას.
როდესაც ადამიანი პოლიტიკაში შემოდის, მას ბევრი დამატებითი ფაქტორი სჭირდება წარმატებისთვის – ცნობადობა, ნდობა და ა.შ. გიორგი კვირიკაშვილს ისინი უკვე აქვს. კიდევ ერთი ფაქტორი, ის დანაკლისი, რაც დღეს ოპოზიციას აქვს, შეუძლია გიორგი კვირიკაშვილმა შეავსოს.
– რას გულისხმობთ?
– ლიდერს, რომელიც დღეს ოპოზიციას არ ჰყავს.
– საერთაშორისო პარტნიორებიც იცნობენ.
– დიახ, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს. დასავლეთი იცნობს კვირიკაშვილს და, შესაძლოა, სრულიად მისაღებიც იყო მათთვის.