ლაშა ჩხარტიშვილი – “როცა სააკაშვილი მიჭერდა, კალაძე მისი თავგადაკლული აგიტატორი იყო”

ლაშა ჩხარტიშვილი - “როცა სააკაშვილი მიჭერდა, კალაძე მისი თავგადაკლული აგიტატორი იყო”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომელიც კახა კალაძემ გაახმოვანა, გაერთიანებული ოპოზიცია როგორ პასუხობს?
– კახა კალაძემ ოპოზიციის ნაწილს უტიფარი გარიგება შესთავაზა. ფაქტიურად შემოთავაზებულია: პრინციპების გაყიდვა, ღირებულებების გაყიდვა, სამშობლოს გაყიდვა და დიქტატურის დაკანონება. ეს იყო სამარცხვინო წინადადება, რომელიც ივანიშვილმა კალაძის პირით გაახმოვანა.
რეალურად ხელისუფლება არჩევნების გაუქმებას ცდილობს. სულ მცირე ივანიშვილი ცდილობს, ნახევარი პარლამენტი წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. არც ერთმა ხელისუფლებამ არ დათმო ყაჩაღი მაჟორიტარები, რომლებიც ყველა ხელისუფლებას ხმების ბეღელს უვსებენ. ამიტომ, ახლა ბრძოლის ხაზი გადის იმაზე, ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ იქნება თუ არა სამართლიანი არჩევნები და იქნება თუ არა დემოკრატია.
ივანიშვილი ბოლშევიზმის გაგრძელებას გვთავაზობს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ბოლშევიზმი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ერთი პარტიის, ერთი ადამიანის ჭკუაზე ქვეყნის სიარული უნდა დასრულდეს.
– ხელისუფლება მრავალფეროვან პარლამენტზე საუბრობს ამ შემოთავაზებაში თუ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული პარტიები უარს იტყვიან მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენაზე.
– ამ შემოთავაზების განხილვა სასაცილოც კი არ არის, არათუ მასზე რეალური მსჯელობა. რა გარანტიაა, რომ კიდევ არ გადააგდებენ ხალხს?!
ნაციონალურ მოძრაობაზე კალაძის მხრიდან საუბარი სამარცხვინოა, უტიფრობის ზენიტია და მეტი არაფერი. ივანიშვილი 2011 წლამდე აფინანსებდა და მხარდამჭერი იყო ნაციონალური მოძრაობის. მისი ძმა ჩემ წინააღმდეგ იბრძოდა ოზურგეთის ოლქში, როდესაც მე კენჭს ვიყრიდი ნაციონალური მოძრაობის დროს.
– თავად იყრიდა კენჭს?
– არა, ადიკო ივანიშვილი პირადად აგიტირებდა სააკაშვილის კანდიდატის მხარდასაჭერად.
– ისე, ოპოზიციის შეხვედრებზე გვერდიგვერდ სხედხართ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თუ მოქმედ ლიდერებთან, ეს გიქმნით დისკომფორტს თუ არა?
– მე სააკაშვილის დროს 9-ჯერ ვარ დაკავებული. სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი ვარ. მე და ჩემი მეგობრები ყველა დროში ვაპროტესტებდით უსამართლობას, უკანონობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს და, თუ საჭირო გახდა, კიდევ გავაპროტესტებ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში.
მე როდესაც სააკაშვილის უსამართლო გადაწყვეტილებებს და ადამიანის უფლებების დარღვევებს ვაპროტესტებდი და ამიტომ მაკავებდნენ, კახი კალაძე სააკაშვილის თავგადაკლული მხარდამჭერი და აქტიური აგიტატორი იყო.
ზარდიაშვილი, მურუსიძე, ნაციონალური მოძრაობის მთელი კოჰორტა კარგად გადმოიბარეს ივანიშვილმა და კალაძემ. მე კი არ ვამბობ, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია. კარგად ახსოვს ხალხს კახა ოქრიაშვილს, რომელიც მაფიოზურ მაჟორიტართა სიმბოლოა საქართველოში, როგორ “აპრავებდა”.
მე ვიბრძოდი მაშინაც და ვიბრძვი დღესაც. ვიბრძვი უკეთესი საქართველოსთვის და ამ ბრძოლაში მონაწილეობენ დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. მონაწილეობენ გიგა ბოკერია, ნიკა მელია და სხვები, სხვა პარტიები.
დღეს პრობლემა ესენი კი არ არიან, ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა. “ქართულ ოცნებას” დღეს პირში სული უდგას არა საკუთარი დამსახურებებით, არამედ წინამორბედის ხარჯზე.
“შუა უნდა გაიკრიფოს” – სწორედ ამას ემსახურებოდა. ერთადერთ ოპონენტად მას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა აწყობდა. დღესაც ფიქრობს, რომ ასეა, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, არ იქნება ასე.
დღეს რა ხდება: ყველა პოლიტიკური პარტია ერთიან ფორმატში ცდილობს მოიპოვოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სამართლიანი არჩევნები. ეს არ არის ერთი ბლოკი და ვერც იქნება. აქ საუბარია – ყველა ერთის წინააღმდეგ!
– თუ ივანიშვილი ვაბანკზე წავა, ოპოზიცია რას პასუხობს? რისთვის ხართ მზად, ოპოზიციის შეკრებებზე რა სცენარები განიხილება?
– კალაძის პირით ივანიშვილმა გვითხრა, რომ არც 2024 წელს გადავა პროპორციულ არჩევნებზე. ეს ვაბანკზე მეტია! უკვე კონსტიტუციაში შავით თეთრზე ჩაწერილზე გვეუბნება, მასაც, თუ მომინდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებო.
ამიტომ დღეს ჩვენი ბრძოლა გადის იმაზე, რომ ქვეყანაში გვექნება ერთი კაცის მმართველობა – დიქტატურა თუ გვეყოლება სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული დაბალანსებული ხელისუფლება.
მე არ მინდა შუააზიური ტიპის დიქტატურაში ცხოვრება. მე მზად ვარ, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლო. რაც შეეხება დაჭერას და მსგავსი ტიპის რეპრესიებს, ამას შეჩვეული ვარ.
ეს ბრძოლა ასევე გადის არაღდგენილი სამართლიანობის დანაპირების შესრულებაზეც, რადგან ამ დღეებში აპირებენ, იმ მოსამართლეებს უყარონ კენჭი, რომლებიც “ქართული ოცნების” ამ დანაპირებსაც ასამარებენ.
სწორედ სამართლიანი არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ სამართლიანი სასამართლოც.