ლავას ოღლიმ, იგივე მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში პირი ამოიკერა

ლავას ოღლიმ, იგივე მინდია გორაძემ, თურქეთის ციხეში პირი ამოიკერაჩემი შვილი თურქეთში ძალიან მძიმე პირობებშია. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, როგორც ქართველი დედა, რომ მის გათავისუფლებაზე იზრუნონ, – ამის შესახებ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მინდია გორაძის („ლავას ოღლის”) დედამ, ნარგიზი გორაძემ გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გორაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

„ჩემი შვილი თურქეთშია პატიმრობაში და ვერ გავარკვიეთ რისთვის. გვაინტერესებს, საქართველოს მოქალაქის თურქეთში პატიმრობაში ყოფნაზე, როგორ რეაგირებს სახელმწიფო. ჩემი შვილი ძალიან მძიმე პირობებშია და საქართველოს ვთხოვ, როგორც ქართველი დედა, რომ მის გათავისუფლებაზე იზრუნონ. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ სახელმწიფომ გაგვცეს პასუხი“, – აღნიშნა ნარგიზი გორაძემ.

როგორც ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, მინდია გორაძემ რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ციხეში, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა იმ მოთხოვნით, რომ მოახდინონ მისი საქართველოში ექსტრადირება.

ადვოკატის თქმით, მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა უკვე ამოწურული აქვს და ვინაიდან არ ხდება მისი საქართველოში ექსტრადირება, მისი უფლებები ირღვევა.

„ყველანაირი ვადა უკვე ამოწურულია და იმ მოთხოვნით, რომ ის გადმოიყვანონ და ექსტრადიცია მოახდინონ მისი საქართველოში, მან რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერა. ოჯახმა შეატყობინა საქართველოს კონსულს. კონსულმა დაწერა თხოვნა, რომ ენახა მინდია გორაძე, მაგრამ დღემდე, ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი. საქართველოს ოფიციალური პირებიც არ შეხმიანებიან მას და არ უთხოვიათ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის მიექციათ ყურადღება.

ის, რომ მისი უფლებები უხეშად ირღვევა, იქიდანაც ჩანს, რომ მას არ ეძლევა საშუალება, რომ საკუთარ სააპელაციო სასამართლოს დაესწროს, ასევე არ ხდება კონკრეტული კომუნიკაცია, რომ სწრაფად იქნას ციხიდან გამოყვანილი. იქ არის გაუსაძლის პირობებში“, – განაცხადა ადვოკატმა.

იპნ