ლევან აბაშიძე – ”სიმართლე სინოდის მხარესაა და არა _ მეუფე პეტრეს მხარეს”

ლევან აბაშიძე - ”სიმართლე სინოდის მხარესაა და არა _ მეუფე პეტრეს მხარეს”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

31 ოქტომბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. ხმაურიანი სხდომის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა საზოგადოებაში, თუმცა ფაქტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სხდომაზე მიიღეს ხმაურიანი გადაწყვეტილება და ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას ეპისკოპოსის სტატუსი მოუხსნეს, შესაბამისად ის აღარ არის მეუფე და აღარც ჭყონდიდის ეპარქიას უხელმძღვანელებს. მან სხდომა დროზე ადრე დატოვა და ჟურნალისტებთან ხმაურიანი განცხადებებიც გააკეთა.

რა პროცესებია საპატრიარქოში და როგორ აფასებს მეუფე პეტრეს გადაყენების გადაწყვეტილებას? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თეოლოგი ლევან აბაშიძე საუბრობს.

_ რა პროცესები დაიწყო თუ გრძელდება საპატრიარქოში და როგორ აფასებთ მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების საკითხს?

_ იცით რა? მეუფე პეტრე გარკვეული ხნის განმავლობაში გამოდიოდა საპატრიარქოს კრიტიკით. მათ შორის ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და შიდა მართვაზე. მან გააგრძელა კრიტიკა, მათ შორის ბრალდებები და როგორც სინოდის წევრებმა თქვეს, მათ შორის მეუფე ნიკოლოზმა, მან სხვა გზა არ დაუტოვა სინოდს, რომ ის გადაეყენებინათ ეპისკოპოსობიდან.

გვითხრეს, რომ უხამსი სიტყვებით მიმართავდა სინოდსა თუ პატრიარქს, ზუსტად არ ვიცი. იყო ბრალდებები და ფაქტი ასეთია, რომ მეუფე პეტრემ ისე მწვავედ დააყენა ეს საკითხები, რომ სინოდმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ჩემი აზრით, სიმართლე ამ შემთხვევაში სინოდის მხარეს არის და არა _ მეუფე პეტრეს მხარეს. პრობლემები არის საპატრიარქოში და შესაძლოა საჭიროა ამაზე საუბარი, მაგრამ ასეთი აგრესიით და ასეთი მკვეთრი ბრალდებებით, თანაც, სავარაუდოდ, დაუსაბუთებელი ბრალდებებით, შეუძლებელს ხდის სინოდში ერთად ყოფნას.

_ წერილზე იყო საუბარი და ამ მხრივ რას ელოდებით?

_ წერილზე დადის ლეგენდები. საუბარია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზე. რა წერილია, მაშინ გვითხრან. ჯერ ერთი, არ არის ქრისტიანული და ზნეობრივი, როდესაც შენ ეწევი შენს შანტაჟს, რომ მიშუამდგომლეთ, თორემ მას გამოვაქვეყნებ. რას ნიშნავს თორემ გამოვაქვეყნებ?! თუ რაღაც პრობლემაა, გამოაქვეყნე… ანუ, ეს არანაირად არ არის გამართლებული.

_ თქვენ პრობლემას ხედავთ მეუფე პეტრეში და ვერ ხედავთ მეორე მხარეში ანუ სინოდში?

_ იცით რა, არ მესმის ასეთი რაღაცები. ამას არ სჭირდება თეოლოგობა. ის გამოდის და ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე უდანაშაულოა და საიდან იცის ეს? საპატრიარქო არ ამბობს, რომ დამნაშავეა. საპატრიარქო ამბობს, რომ დაველოდებით სასამართლოს. დაველოდეთ სასამართლოს და მან მიუსაჯა.

_ თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ბუნდოვანება არსებობს?

_ ბუნდოვანება რა? ჩაუდეს? შეიძლება ჩაუდეს, მაგრამ ჩვენ ხომ კრიმინალისტები არ ვართ? ეკლესია ეკლესიაა. ხომ შეიძლება, რომ მღვდელმა ჩაიდინოს დანაშაული? მღვდლობა არ არის გარანტია, რომ ვინმე დანაშაულს არ ჩაიდენს. ამიტომ, როგორ უნდა განვსაჯოთ ეს? მე არ ვიცი.

ლაპარაკი, რომ ის უდანაშაულოა და ყველა მის გარშემო დამნაშავეები არიან, ეს სწორია? რას ამბობდა მეუფე პეტრე? ყველა დამნაშავეა _ გამოძიება დამნაშავეა, სასამართლო დამნაშავეა, საპატრიარქო რომ არაფერს არ აკეთებს და ხმას არ იღებს, დამნაშავეა. ყველა დამნაშავეა, ხომ?! რა გამოდის, მეუფე პეტრეს და გიორგი მამალაძეს გარდა ყველა დამნაშავეა?!

მე არ მჯერა, რომ ყველაფერში ის არის სწორი. საბუთი ამ ყველაფერზე არის ნოლი. მაშინ მოიტანოს რამე მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

_ ის საუბრობს იმაზე, რომ საეკლესიო სასამართლო უნდა იყოს. ამაზე რა პოზიცია გაქვთ?

_ კი ბატონო. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ეკლესიის, რომ ჩვენს ეკლესიას არ აქვს შიდა საეკლესიო სასამართლო გამართული. კი ბატონო, ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პატრიარქს უხამსი სიტყვებით და აგრესიულად უნდა მივარდე სინოდის კრებაზე. ეს ხომ სხვადასხვა რამეა.

_ ის როგორ აღიქმება, რომ განსაკუთრებულად მწვავე განცხადებებით მას შემდეგ გამოირჩა მეუფე პეტრე, როდესაც ის მღვდელ-მთავრობიდან გადააყენეს?

_ გადააყენეს და ემოციურად გააკეთა ეს განცხადებები. ეს გასაგებია და მოდი დაველოდოთ, დამშვიდდეს და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს და რას იტყვის. მე არავის განსჯა არ მინდა. მე არ ვამბობ იმას, რომ ერთი სულ მართალია ყველაფერში და მეორე _ მტყუანი. უბრალოდ, ფორმა არის მიუღებელი.

მე ვიცნობ მეუფე ნიკოლოზს კარგად და ის ამას არ მოიგონებდა. უხამსი სიტყვებით მიმართა მან სინოდს. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ისევე როგორც მამა გიორგი მამალაძის ფარული ჩანაწერები რაღაცაზე ხომ მეტყველებს?! ხომ ჩანს, როგორ საუბრობს ადამიანი და რა სიტყვებით.

არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ მეუფე პეტრე უდანაშაულოა. მე ამის არ მჯერა.