ლევან ხაბეიშვილი – “კალაძემ რომ დამინახა, შეეშინდა და სხვა კარიდან გაიპარა”

ლევან ხაბეიშვილი - “კალაძემ რომ დამინახა, შეეშინდა და სხვა კარიდან გაიპარა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
26 ნოემბერს დილის 5 საათზე პარლამენტთან აქციის დარბევასა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობის” კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
– ლევან, რამდენი შეიკრიბეთ და პარლამენტის პიკეტირება სცადეთ, ხელისუფლებამ იმდენჯერ ძალა გამოიყენა. შეშინებულია ხელისუფლება და ამიტომ მიმართავს ძალას?
– რა თქმა უნდა. დილის 5 საათზე რომ მშვიდობიან მანიფესტანტებს დაარბევენ, ცოტა უხერხულია, ხომ? მითუმეტეს, რომ მილიარდელი ოლიგარქი რომ შეშის ქურდათ გადაიქცა, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მას.
ადამიანებს შეშის გამო დასდევდნენ, რომ არ გამთბარიყვნენ. კი არ ფიქრობდნენ, რომ საშიში იყო, უბრალოდ, რომ არ გამთბარიყვნენ და გაყინულიყვნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, იქ შეკრებილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაეთენებინათ.
– იფიქრეს, თუ შესცივდებათ, აქცია დაეშლებათო?
– მე არ ვიცი, ეგენი რას ფიქრობენ, ან საერთოდ თუ ფიქრობენ. ეს დარბევა მოხდა რუსულ სტილში. როდიონოვმა 9 აპრილს დარბევა დაიწყო დილის 4 საათზე. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, დილის 5 საათზე დაეწყო აქციის დარბევა. დილის 5 საათზე რა საჭიროება იყო, თუნდაც კანონიერი, რომ მომხდარიყო პიკეტის დარბევა?! რა ხდებოდა დილის 5 საათზე?! სხდომა იმართებოდა და ვინმეს არ უშვებდნენ თუ პიკეტის მონაწილეები რამე უკანონოს სჩადიოდნენ იქ?! თუ პროტესტის უფლება აღარ აქვთ?! აღარც უნდა გავაპროტესტოთ?!
ეს მოხდა რუსულ სტილში. დაღლილობის პიკი არის დაახლოებით 4-დან 6-ის ნახევრამდე. ვისაც ღამეები უთენებია, იცის, ვისაც უმუშავია ძალოვან უწყებაში, იცის, ყველამ იცის, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დრო ადამიანისთვის. სპეციალურად შეარჩიეს ეს დრო. ნახევრად მძინარე ადამიანებს, მანიფენსტანტებს დაესხნენ თავს და მინუს გრადუსში წყალი მიუშვირეს პირდაპირ.
ადრე თუ რეზინის ტყვიებით აბრმავებდნენ, ახლა პირდაპირ წყლის ჭავლი მიუშვეს სახეში. იმედია, ამ დაშავებულ ადამიანს მხედველობა შეუნარჩუნდება.
აი, ეს რეალობა გვაქვს. ეშინია ხელისუფლებას და რაღაზე ვლაპარაკობთ.
– ოპოზიციის ეშინია?
– დიახ. პარლამენტის ყველა კარი ჩვენ კი არ გვქონდა პიკეტირებული, არამედ პოლიციას და სპეცდანიშნულების რაზმს. ამას გარდა, ყველა ზედა ქუჩა დაკეტილი იყო. ჩიხები გადაკეტილი, ყველგან სავსე იყო პოლიციელებით.
ათასობით პოლიციელი ცდილობდა, რომ რამენაირად პარლამენტში შეეყვანა ეს ბიძინას ზებრები. მაგათ დეპუტატები აღარ ქვიათ, ეგენი არიან ბიძინას ზებრები. გურიის სამხარეო პოლიციის უფროსიც აქ იყო აქციაზე. მთელი სამხარეო პოლიცია, მაღალი თანამდებობის პოლიციელები, რიგითები, ყველანი აქ არიან, პარლამენტის შენობასთან და ცდილობენ, როგორღაც უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა.
– პარლამენტის შენობაც სავსეა სპეცტექნიკითო, ეს რას ნიშნავს?
– ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია აღარ აქვს, პოლიციის და სპერაზმის ენით ცდილობს, რომ ესაუბროს თავის მოქალაქეებს.
მოგვიწოდებენ კონსტრუქციული დიალოგისკენ, თან გვეუბნებიან, დაგპირდით, მოგატყუეთ, თავს ლაფი დაგასხითო, არჩევანის უფლება წაგართვით, რადგან სხვანაირად ჩვენ წავაგებდითო და რომ მოგატყუეთ, ახლა ნუღარ აპროტესტებთ, ეგ დესტრუქციულიაო. პარლამენტში შემოდით, აქ დავსხდეთ და აქ მოგატყუებთ თბილად, ქუჩაში ნუ გახვალთო.
აი, ეს გვითხრეს. ყველა მოატყუა, საერთაშორისო თაღლითია ივანიშვილი. ყველა გადააგდო.
– დიალოგზე არ მიდიხართ, მაშინ რა გამოდის, რამდენი შეიკრიბებით, იმდენი უნდა დაგარბიონ? უკანდახევას არ აპირებს ხელისუფლება და რა ბერკეტი გაქვთ?
– არც ჩვენ არ ვაპირებთ უკანდახევას. პიკეტირებების გარდა, მივალთ ყველგან, სადაც კი გადაადგილდებიან. ხომ ვხედავთ, რომ ძალიან ეშინიათ!
აი, ახლა ამ წუთებში, ჩვენ რომ ინტერვიუს ვწერთ, კალაძეს შეხვედრა ჰქონდა დეველოპერებთან, უნდა ჩამოსულიყო ქევემოთ, პრესა გააფრთხილეს, კალაძე გააკეთებს კომენტარსო. მეც ჩავედი, როგორც კი დამინახეს, კალაძე აღარ გამოვიდა მედიასთან და სხვა კარიდან გაიპარა.
– ეშინიათო და ეს შიში მეტ შეცდომას ხომ არ დააშვებინებს?
– რა თქმა უნდა, ასე იქნება. ასე მარტივად არ დამთავრდება. ეს პროცესი ახლა ნერვების ომია. ვართ გაძლებაზე. ბიძინა ივანიშვილს რომ ასეთი პრიმიტიული ტვინი აქვს – მოდით, შეშას მოვპარავ და რომ შეცივდებათ, სამშობლოს სიყვარული დაავიწყდებათო. ეს გათვლა ჰქონდა, რომ დავიშლებოდით, მაგრამ არ გამოვიდა.
ახლა ფიქრობს, რომ დავიღლებით, არა, ბატონო, არ დავიღლებით! უკან დასახევი გზა არ გვაქვს. არჩევნებს გვიუქმებენ და ბარემ ჩავაბაროთ ეს ქვეყანა ბიძინას?! რას გვთხოვენ, რა პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა?! ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები და ამაზე არ მოდიან, სალაპარაკოც არაფერია.
– როგორია უახლოესი დღეების გეგმები?
– გაგრძელდება პიკეტირებები, გაგრძელდება ყველა დეპუტატის დისკომფორტი და როდემდე ივლიან პოლიციასთან ერთად?! ეს ხომ წარმოუდგენელია, თქვენ როგორ გგონიათ, ასე იმუშავებენ?! ღრმა კრიზისში არიან.
სწორედ ამიტომაა, რომ გამოვიდა თალაკვაძე და ტირის, პარლამენტში შემოდით და აქ გავაგრძელოთო. ეს შეუქცევადი პროცესია, მორჩა! ჩვენ რომც გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ აღარ ვიბრძვით, ეს არაფერს შეცვლის – უამრავი ახალი ადამიანი გამოჩნდა და ეს ხალხი არ დათმობს!
ეს არ არის პროცესი, რომელიც შეიძლება ერთმა ადამიანმა მართოს, თუნდაც ორმა და სამმა. ეს არის შეუქცევადი პროცესი, რომელიც აღარ გაჩერდება. ხელისუფლება რომ სპეცრაზმით ელაპარაკება ხალხს, უკვე დამთავრებულია. ვნახოთ, როდემდე შეინარჩუნებენ და როგორი ბიჭები არიან. ესენი ხელისუფლებაში აღარ არიან, ესენი გადასულები არიან გახანგრძლივებაზე. ძიძიგურმა დატოვა ივანიშვილი და საერთოდ რაღაზე ვლაპარაკობთ?!
– პრეზიდენტისგან არ მოგვისმენია პროცესის არანაირი შეფასება. მის ქმედებებზე რას იტყოდით?
– ჩვენ სად გვყავს პრეზიდენტი? ის კრიმინალების პრეზიდენტია. ეს ხომ დადასტურებულია. დოკუმენტზე რომ წერია, აი, ისეა დადასტურებული! ეს ქალი მკვლელებს, ყაჩაღებს და ბარიგებს იწყალებს. ეს არის ჩვეულებრივად კრიმინალების დედოფალი. ბიძინა ივანიშვილის ქურდული სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენელია. პოლიციელის მკვლელი შეიწყალა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ.
ადეკვატურობას თხოვთ ამ ქალს?! ოკუპაცია იყო და ლოპოტას ტბაზე იყო წამოკოტრიალებული, ახლაა და რესტორან და დუქან-დუქან დადის. ჩვენ პრეზიდენტზე არ ვლაპარაკობთ, ეს არის ხელდასმული კრიმინალი.
აბსოლუტურად ყველას მოეკითხება, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კრიმინალურ ფაქტში, რასაც ჰქვია პრეზიენტის “არჩევა”.
ამათი დღეები დათვლილია, მორჩა, შეუქცევადი პროცესები დაიწყო. ხალხი აღარ გაჩერდება, სანამ ბიძინას არ დაასრულებს, ეს გადაწყვეტილი ამბავია! ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე. ვაპირებთ მშვიდობიანი და კანონიერი გზით, თუ ვინმე კანონს არღვევს, ეს არის ბიძინა და მისი მონები.