მამა გიორგი სხილაძეს მოკვლით ემუქრებიან – შსს-მ გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძეს მოკვლით ემუქრებიან - შსს-მ გამოძიება დაიწყოსასულიერო პირის, მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

მამა გიორგი სხილაძე საქართველოდან საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. სასულიერო პირის თქმით, მან წერილი მიიღო, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მანამდე მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა.

5 ნოემბერს ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, სემინარიის სტუდენტმა კახა კალაძემ 1988 წელს დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

5 ნოემბერსვე, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა. მამა გიორგიმ მთავარ არხთან საუბარში თქვა, რომ ინფორმაცია კახა კალაძესთან შეთანხმებით გაასაჯაროვა. მღვდლის აზრით, საჯაროდ საუბარზე უარს არც მისი მეგობარი იტყოდა.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტის სექსუალურ შევიწროებას უარყოფს. მეუფე ზოსიმეს თქმით, სტუდენტები მისი სემინარიიდან წასვლას იმის გამო ითხოვდნენ, რომ მათგან სულიერებას და შინაგანაწესის დაცვას ითხოვდა. მთავარეპისკოპოსის მტკიცებით, სტუდენტები ეროვნული მოძრაობის აქციების გამო ლექციებს აცდენდნენ, რასაც გიორგი სხილაძე უარყოფს.