კახეთში, 31 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაჭრილი სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილია. შემთხვევა სოფელ ქვემო ბოდბეში მოხდა. კობა თარაშვილს რამდენიმე პირთან კონფლიქტი ქვემო ბოდბეში გუშინ მოუხდა. დაჭრის ფაქტი კი დღეს მოხდა.
დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„დაჭრილი ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს“, – განაცხადეს კლინიკაში.
მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სხვა კომენტარს უწყებაში არ აკეთებენ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უკვე დაკავებულია დაჭრაში ბრალდებული პირი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საფანტიანი თოფი.

