მხედრიონის და კიტოვანის გვარდიის ვეტერანები ოპოზიციის აქციებს დარბევით ემუქრებიან

მხედრიონის და კიტოვანის გვარდიის ვეტერანები ოპოზიციის აქციებს დარბევით ემუქრებიანპოლიტიკური პარტიები და ექსპერტები ყოფილი “მხედრიონისა” და კიტოვანის გვარდიის ვეტერანების ვიდეომიმართვას აპროტესტებენ.

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო-მასალაში რამდენიმე პირი იმუქრება, რომ ოპოზიციის მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ, ძალადობრივ და შეიარაღებულ ქმედებებს წამოიწყებენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საგანგაშოა კონტრ-აქციების და კონტრ-მოქმედებების დაგეგმვა, რომელიც სახელმწიფოს აზიანებს.

“ესენი არიან კიტოვანის და ჯაბა იოსელიანი დაგეშილი ადამიანები, რომელთა იარაღით ქუჩაში გამოსვლა ქვეყანას ერთხელ ძალიან მძიმედ დაუჯდა, მათ კისერზეა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, დანგრეული თბილისი, აწიოკებული სამეგრელო და მტრისთვის ჩაბარებული აფხაზეთი.ამიტომაც ეს ხალხი ქუჩაში კი არ უნდა გამოდიოდეს, ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ, ბრალდებულის სკამზე უნდა ისხდნენ და პასუხს აგებდნენ ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო,” – განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავამ.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით თუ ამ ჯგუფების წაქეზება ხელისუფლების მხრიდან ხდება, მაშინ ეს იქნება ყველაზე ბრიყვული და დამღუპველი ნაბიჯი, თუ არა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ აუცილებლად რეაგირება უნდა მოახდინოს:

“პირდაპირ და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, ეს იქნება ყველაზე ბრიყვული და ყველაზე დამღუპველი ნაბიჯი, ამგვარი ექსტრემისტული ჯგუფების წაქეზება ხელისუფლების მხრიდან, თუკი ეს ხელისუფლებიდან მოდის. თუ არ მოდის ხელისუფლებიდან, მაშინ ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რეაგირება, რეაგირების ერთადერთი ფორმაა გამოძიების დაწყება,”- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

რუსთავი 2