”მობილური ბიჭს ვესროლე და ანა სუბელიანს მოხვდა” – შალვა შევარდნაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

”მობილური ბიჭს ვესროლე და ანა სუბელიანს მოხვდა” - შალვა შევარდნაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდაანა სუბელიანისთვის არ მისვრია მობილური ტელეფონი, მის გვერდით მყოფ ბიჭს ვესროლე და ანას მოხვდა, – ამის შესახებ კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულმა შალვა შევარდნაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „პოლიციის კორდონს მიღმა ანა სუბელიანი და მისი მეგობარი შეგნებულად გადმოვიდნენ აქტივისტების მხარეს და სწორედ მათმა შეძახილებმა და აქტივისტების მიმართ ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი აგრესია“.

„გოგოს არ მინდოდა მოხვედროდა, ბიჭს ვესროლე, რომელსაც ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ მიმართ. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ და არ იყო ჩემი აქციაზე მისვლა დაგეგმილი.

ძალიან ცუდი შეძახილები იყო. რკინის ჯებირი იყო და შეგნებულად გადმოვიდნენ აქეთ ანა სუბელიანი და მისი მეგობარი. პროვოცირება იყო მათი. ჩემს გვერდზე აღმოჩნდა სუბელიანი და ის ბიჭი და მათმა ცინიკურმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა მოქალაქეეები.

იმ ბიჭს ვესროლე მობილური ტელეფონი, გოგოსთვის არ მინდოდა, მაგრამ მოხვდა. რომ დამეგეგმა, მობილურის ნაცვლად ვესროდი სხვა რამეს, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვებოდა”, – განაცხადა შალვა შევარდნაძემ.

ადვოკატ მერაბ წკრიალაშვილის განცხადებით, შალვა შევარდნაძე თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შუამდგომლობად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება დააყენა, დაცვის მხარემ კი გირაო მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ მოითხოვა არასაპატიმრო სასჯელი – გირაო 3.000 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრებოდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

შალვა შევარდნაძეს ბრალი 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

შალვა შევარდნაძის ადვოკატმა, მერაბ წკრიალაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ოღონდ რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებას. დღეის მდგომარეობით, ვერ გეტყვით რა რისკებზეა საუბარი სასამართლოს მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად, არ ვეთანხმებით და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადებში”, – განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის განმარტებით კი, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.

„საქმეში მოიპოვება სხვადასხვა მასალათა ერთობლიობა, მათ შორის, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე, კონკრეტული მედია საშუალების მიერ გაშუქებული ვიდეოჩანაწერები.

ბრალდებული განმარტავს, რომ მან ნამდვილად ისროლა მობილური ტელეფონი დაზარალებულის მიმართულებით, თუმცა არა უშუალოდ მისი მისამართით. ბუნებრივია, ამას გარკვეული შეფასება მიეცა ბრალდების მხარის მიერ და შესაბამისი შუამდგომლობით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს”, – განაცხადა პროკურორმა.

იპნ